როგორ აღნიშნეს ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
2018 წლის 26 მაისს, ესტონეთში ქართულმა დიასპორულმა ასოციაციამ "ქართული სახლი" იზეიმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. საზეიმო ღონისძიება ჩატარდა ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში და ფინანსურად მხარდაჭერილი იყო ესტონეთის კულტურის სამინისტროსა და ინტეგრაციული ფონდის მიერ.
საზეიმო საღამო სიმბოლურად დაიწყო 17.10 წუთზე, რადგან ზუსტად ამ დროს 100 წლის წინ იქნა მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ესტონეთში მცხოვრებ ქართველებს ეს დიდი დღესასწაული მიულოცა დიასპორული ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა წერეთელმა. მისი განცხადებით, წელს ესტონეთიც ზეიმობს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და მეტად სასიამოვნოა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს ასეთი ძლიერი მეგობრული ურთიერთობები. დარბაზში მყოფ ესტონეთში მცხოვრებ ქართველებს ეს დიდი დღესასწული მიულოცეს ლიეტუვის, ლატვიის და უკრაინის სათვისტომოების თავმჯდომარეებმაც. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის სათვისტომოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ჩვენი ქვეყანა მოიხსენია როგორც საქართველო, რამეთუ სულ რამდენიმე ხნის წინ ლიტვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ასე უწოდოს მას.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და ეტონეთის ნაციონალური ჰიმნებით, რომელიც შესრულდა სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოდან ჩამოსული ქედის ვაჟთა ფოლკროლურ ანსამბლ "ელესას" მიერ. დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს ესტონელმა, მოლდაველმა და უკრაინელმა მოცეკვავეებმა და მომღერლებმა. ქართული ცეკვები შეასრულეს ქართული სათვისტომოს საკვირაო სკოლა "მზიურის" ბავშვებმა. ორი მუსიკალური ნომერი შეასრულა საფორტეპიანო სკოლის მოსწავლემ. საღამო კი დაასრულდა ცეცხლოვანი "ცეკვა ქართულით", რომლის ქალის პარტიასაც პანამელი მოცეკვავე ქალბატონი ასრულებდა. კონცერტის შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება.
დღეისათვის ესტონეთში დაახლოებით 500-მდე ქართველი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი გაერთიანებულია ესტონეთის რესპუბლიკაში არსებულ დიასპორულ ასოციაციაში "ქართული სახლი". ასოციაციაში შედის 5 ქართული სათვისტომო ორგანიზაციია და საკვირაო სკოლა "მზიური". ასოციაციის წევრები არიან არა მარტო ტალინში, არამედ ესტონეთის სხვა რეგიონებში მცხოვრები ქართველებიც. ასოციაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ჩვენი თანამემამულეების გაერთიანებას და მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.