"საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევა არ მაპატიეს და გამრიყეს" - რას ყვება დედა სიდონია?
პროექტის "ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 44 წლის მონაზონი სიდონიას ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მონაზონი სიდონია, 44 წლის, წინანდალი/თბილისი/საბერძნეთი
"მორჩილება არის სახარების სწავლების, საკუთარი ნების და მოძღვრის სიტყვის სინერგია. ასეთ სწორ მორჩილებას მიყავხარ თავისუფლებამდე. თავისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობას მოიაზრებს და თუ ეს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, საკუთარი მრევლის წინაშე არ გაქვს, ვერასდროს გახდები თავისუფალი და ამდენად, ვერ იქნები მორჩილიც“
პროექტის "ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 90 წლის წლის თინა სეფერთელაძე - ჩიგოგიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჰიპობიდან მონაზვნობამდე
-----------------------------------------------
"მამაჩემი იყო განსაკუთრებული მშვიდობისმოყვარე და ჰუმანური ადამიანი, ბუნებით ჰიპი და მეც მას ვგავდი. სამი და ვიყავით ოჯახში, მე ყველაზე პატარა და მამასთვის ყველაზე საყვარელი. რელიგიაზე საბჭოთა ცენზურის შემდეგ, მამა და ჩემი უფროსი და ერთად წავიდნენ ეკლესიაში. მაშინ ყველაზე სუფთა იყო რელიგია, რწმენაზე დაფუძნნებული, არაპრივილიგირებული და ამდენად, ყველა დროზე უფრო ქრისტიანული. ფულმა და ძალაუფლებამ გააფუჭა მოგვიანებით ყველაფერი. იმ პერიოდში მე ჩემი სხვა მისწრაფებები მქონდა. რადგან ბავშობიდან ვიყავი სამართლიანი და სამართლიანობის მხარეზე მდგომი, მინდოდა იურიდიული განათლება მიმეღო. თუმცა ჩემი უფროსი დის ქმარს, ჩემს სიძეს, რომელიც გავლენიანი კაცი იყო, არ სურდა მის ცოლის დას იურიდულეზე, სადაც სულ ბიჭები იქნებოდნენ, ესწავლა. მე დავთმე ჩემი პროფესია, ოღონდ არა იმის გამო, რომ შევშინდი აკრძალვით. უფრო ჩემს დას გავუწიე ანგარიში, ვიცოდი, მას პრობლემები შეექმნებოდა ჩემი ურჩობით. იურიდულზე არ ჩავაბარე.
მამისა და დის უჩუმრად მეც დავიწყე ეკლესიაში სიარული. მახსოვს, თელავის საკათედრო ტაძარში წირვაზე 4-5 ადამიანი ვიდექით. გამიმართლა, რომ სწორი მოძღვარიც შემხვდა, რომლისგან ბევრი ვისწავლე. მახსოვს ასევე, სახლიდან ვიპარავდი საკვებს და უპოვრებისთვის გამქონდა. ერთხელ დედას ზამთრის მარაგი გამოვუცარიელე. ცხადია არ იყო ეს ჩემი მხრიდან სწორი ნაბიჯი, რადგან სხვისი მონაპოვრის ასე გაცემის უფლება არ მქონდა. მოწყალება შენით უნდა შექმნა და ისე გაიღო.
17 წლის სტუმრად წავედი მონასტერში, 18 წლის გავიპარე მონასტერში სამუდამოდ და 20 წლისა მონაზვნად მაკურთხეს. ორი წელი ამის გამო მამა არ მელაპარაკებოდა და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი. მხარი ჩამომივარდა შენ რომ წახვედიო, მამა მეუბნებოდა. თუმცა, მერე ძალიან კარგად ადაპტირდა და ისევ საუკეთესო მეგობრებად დავრჩით. მცხეთაში, სამთავროს მონასტერში აღვიკვეცე მონაზვნად. უკვე 26 წელია ამ პასუხისმგებლობით მოვდივარ“
ოკეანეში მოტივტივე ნაფოტზე...
"ზუსტად მაქვს გაცნობიერებული, რომ განვითარების პროცესში მყოფი საზოგადოება ვართ. ზოგადად პასუხისმგებლობას ვართ გადაჩვეული საბჭოთა მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული. შესაბამისად, ვერც ერში და ვერც ეკლესიაში, ბევრი ვერ აცნობიერებს საკუთარ ფუნქციას და ვალდებულებებს. არ იხარჯებიან ბოლომდე, რომ სწორი ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესებს შეუწყონ ხელი და ეს არის უპასუხისმგებლობის პიკი. მე არ მინდა თეოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მონაზონი ვარ, მიმაჩნია, რომ მონაზვნობა არის სიმრთელის შენარჩუნება, მარადისობამდე ხარ გაჩერებული, შენი ენერგია იხარჯება მარადიულისთვის და არა ამაოებისთვის. მარადიული სიყვარულია მხოლოდ.
ჩემი გარიყვა 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ დაიწყო, როცა ჩემდა უნებურად, სრულიად დაუგეგმავად, ჩემი აზრი გამოვთქვი მიმდინარე მოვლენებზე და ჩაგრულთა მხარე დავიკავე. 17 მაისის მონაწილე ბავშვებიდან რამდენიმეს ვიცნობდი და აქედანაც წამოვიდა ის განცდა, რომ უნდა გადავფარებოდი. ოღონდ არასწორად გამიგეს.
ჩემთვის მთავარია არ დაჩაგრონ. ქუჩაში კატას და ძაღლს ვიცავთ, რომ არ დაჩაგრონ. არავის აქვს უფლება, ადამიანს მისი არჩევანის გამო, განაჩენი გამოუტანოს. ამისთვის არსებობს კანონი, არსებობს კონსტიტუცია და იქ გაარკვიონ სამართლებრივად. აი, ეს ფორმები არ მომწონს, როცა ბარბაროსულად ადამიანები ქუჩაში აღტყინებულები იღებენ გადაწყვეტილებებს და ჩასაქოლად მისდევენ სხვებს. მე ვიყავი ამის წინააღმდეგი და ეს ხმამაღლა ვთქვი. აი, მაშინ გამოვცადე პირველი ძალადობა ჩემ მიმართ ინტერნეტ სივრცეში. არავის ჩემთვის მხარი არ დაუჭერია და მარტო აღმოვჩნდი ამ ბრძოლაში.
მხარი დამიჭირეს სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო სასულიერო პირების გვერდით დგომა, იმიტომ რომ ჩვენი პირველი მოვალეობაა მყიფე ღირებულებების მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებისთვის იმის სწავლება, რომ აგრესია და ძალადობა მიუღებელია, მიუღებელია ასევე საკუთარი აზრების სხვებისთვის თავსმოხვევა.
ამის შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე მომიწია ეკრანზე გამოჩენა. ეს ყველაფერი დაუგეგმავად ხდებოდა, არ ყოფილა ჩემი მიზანი აქტივიზმში ჩართვა. მეტიც, ეკრანზე გამოჩენის შემდეგ 3 დღე რეაბილიტაცია მჭირდებოდა. ბეწვის ხიდზე მიწევდა გავლა: იმ პერიოდში, როცა ეკლესია "ბნელ“ ძალად მოიაზრება, მინდოდა ეს სტერეოტიპი დამემსხვრია. ეს კი მოითხოვდა საჯაროობას, ყურადღებას. ძალიან რთული აღმოჩნდა ბალანსი პოპულიზმად შერაცხულ პასუხისმგებლობასა და მონაზონზე არსებულ წარმოდგენებს შორის. ეს იყო ურთულესი გზა, მაგრამ ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი ჩემი მხრიდან. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევა არ მაპატიეს და გამრიყეს. ოკეანეში რომ გაგიშვან ნაფოტზე, ისე გავირიყე. 7 თვე ურთულესი პერიოდი გადავიტანე. გამიჭირდა იმის დამტკიცება, რომ ეკლესიის მტერი არ ვიყავი. რამდენიმე სასულიერო პირი მალულად მედგა გვერდით, გვერდით მედგნენ ჩემი თანამოაზრეებიც და ეს მაძლებინებდა. ბედნიერი ვარ იმით, რომ მე ჩემს წილ სიკეთეს ვაკეთებ, ვეხმარები დაჩაგრულებს ფეხზე წამოდგომაში, ღმერთთან დაახლოებაში და ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც მონაზვნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი ესაა“.
გზა საბერძნეთისკენ
---------------------------------------------
"რამდენიმე განსაცდელმა ერთად მიწია. 13 წლის წინ არაჰოჩკინის ლიმფომა- ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა. ოპერაცია და ქიმიოთერაპიის ურთულესი პროცედურები დამჭირდა. ამის შემდეგ დედას დაუდგინდა სიმსივნე, რასაც ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა და სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიყავი სუსტად, ის მაძლიერებდა, რომ სხვებზე ვზრუნავდი. ეს მაძლევდა სიცოცხლის აზრს და სტიმულს. ესეც მე ჩემით არ ამირჩევია. და ამიტომ, ბუნებრივად მაქვს ეს მოთხოვნილება, რომ სხვა ადამიანებს დავეხმარო.
საბერძნეთში რეაბილიტაციის კურსი გავიარე. თუმცა დავრჩი იქ და აგერ უკვე 13 წელია საბერძნეთში ვმსახურობ.
იქ რომ ჩავედი უნივერსიტეტში ჩავაბარე კულტუროლოგიურ ანთროპოლოგიაზე და ენა ვისწავლე 3 თვეში. ძალიან ხელს მიწყობდნენ, უცხოელი ლექტორები. საბერძნეთში მოღვაწეობისას, ბევრ ქართველ ჩაგრულ ახალგაზრდას დავეხმარე და ეს მაძლიერებდა.
საბერძნეთში სქემ-მონაზონად მაკურთხეს. ის, რომ ქალი ვარ, ეს ხელს არ მიშლის სასულიერო საქმიანობაში თანასწორად მოვიაზრებოდე. სახარებაში ყველაზე მაღალი რანგის წმინდანი ღვთისმშობელია და როგორ შეიძლება მისი შვილის სახარება იყოს დისკრიმინაციული ქალების მიმართ. სახარებაში სულ ქალი ფიგურირებს ყველგან. მერე ძალაუფრებრივ სქემაში კაცები რა მნიშვნელობას ანიჭებენ ქალებს, ეს სხვა პრობლემაა. მაგრამ ქრისტიანობა თანასწორთა რელიგიაა.
საქართველოში 2013 წლის 17 მაისის მოვლენებამდე რამდენიმე კვირით ადრე დროებით დავბრუნდი. თუმცა უკან წასვლა გამიჭირდა, რადგან მტრულ გარემოს მიქმნიდნენ აქაც და იქაც. ამიტომ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, აღარ დავბრუნდი, რომ ის ეჭვი არ გამძაფრებულიყო, თითქოს მე საქართველოში კონკრეტული დავალებით დავბრუნდი, რომ საპატრიარქოს იმიჯი შემერყია.
განათლების გაგრძელება ილიაუნიში გადავწყვიტე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მხოლოდ ერთი სემესტრის სწავლის ღირებულება გადავიხადე. ახლა სტატუსი მაქვს შეჩერებული. რადგან ხელსაქმე, სამკაულების გაკეთებაა ჩემი ერთადერთი ეკონომიკური შემოსავალი, მთელი თანხა ბინის ქირაში მიმდის და სწავლის გაგრძელებას ვეღარ ვახერხებ“
ჩემი ფერების სამყარო
-----------------------------------------------
"ხელნაკეთი სამკაულების კეთებით დიდი ხანია გატაცებული ვარ. სამკაულებს საკუთარი ტექნიკით ვამზადებ, ქართული ორნამენტის პოპულარიზაციას ვახდენ. ჩემი გარიყვის შემდეგ, ეკონომიკურად ძალიან გამიჭირდა და ამ სამკაულების გაყიდვით ვირჩენდი თავს. გული მტკივა ხოლმე, როცა ზოგიერთი ბიზნესმენად მომიაზრებს. არადა, ეს იმდენად მინიმალურ შემოსავალს მიტოვებს, რომ ქირის გადახდას და ჩემი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ წამლებს ყოფნის მხოლოდ.
დროებით ვარ საქართველოში. წინანდალში, მამაჩემის მიწაზე სახელოსნოს გაკეთებას ვაპირებ, სადაც ვისაც სურვილი ექნება სამკაულების კეთების ხელოვნებას შევასწავლი. უკვე ერთი მონაზონი შემომიერთდა, რომელიც ასევე დაინტერესდა ამ ხელოვნებით.
ახალი ტექნიკა დავამუშავე, ხეში ნაქარგი სამკაულები. ბევრი ადამიანი დაინტერესდა და უახლოეს მომავალში გამოფენაც მექნება. რამდენიმე ხნის წინ სუხიშვილებთან ერთად მქონდა კოლაბორაცია. ამით ჩემი სამკაული კიდევ უფრო ცნობადი გახდა საზღვრებს გარეთაც.
ჩემი ბოლო "გამჭვირვალობის“ კონცეფცია მოხვდა ჟურნალ "ამარტა“-ს და რედაქციის მიერ მოწვეული ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფის იურიკო ტაკაგის პროექტში. ამ კოლექციას ივნისის ბოლოს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში იხილავენ.
მინდა ჩემი ბავშვობის სურვილიც ავიხდინო - ის, რაც ბუნებრივად მომსდევს, სამართლიანობის დაცვა და ჩაგრულთა მხარეზე ყოფნა, პროფესიად ვაქციო. იურიდულზე მინდა ჩაბარება. იმედი მაქვს, სწავლის თანხას, ჩემი სამკაულების გაყიდვით მალე მოვაგროვებ“.
° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან