"ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა განცდა, რომ შეიძლება ადამიანი მოკლა და არ დაისაჯო"
"შვილმოკლული მამა ქვეყანაში სამართალს რომ ვერ პოულობს, ძალინ ცუდადაა იმ ქვეყნის საქმე"
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში. ანუ სასამართლომ ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალდება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა, შედეგად კი კითხვებზე - ვინ მიაყენა დავით სარალიძეს 13 ჭრილობა და ვინ არის მკვლელი? - პასუხები სასამართლო განხილვის შედეგადაც არ ჩანს. ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტყილებას მოჰყვა ხმაური. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს მთავარ პროკურატურასთან. ის მთავარი პროკურორის გადადგომას და სიმართლის დადგენას ითხოვს.
"ყველა შვილმოკლულ მშობელს ვეხვეწები, დამიდექით გვერდით. დღეს ჩემი შვილის ღირსება შეილახა. არ მივცემთ ამათ ჩემი შვილის შეურაცხყოფის მიყენების უფლებას. სად არის გახარია, სად? სისტემამ გადაწყვიტა დამეჯახოს. მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან.
სად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ არ მიდგანან გვერდით. ეკა ბესელია პირდაპირ ეთერში რომ "მეხიშიპებოდა", რატომ არ დგას ჩემს გვერდით? მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მმართველ გუნდს, ასევე ყველა კომპეტენტურ პიროვნებას, არ აქვს მნიშვნელობა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იქნება თუ პროკურატურიდან, დამიდექით გვერდით. სისტემამ ჩემი მოკლული შვილის სული შეურაცხყო. მე ვითხოვ ყველა მკვლელის დასჯას, ასევე დაუყოვნებლივ ვითხოვ პასუხისგებაში მიეცეს შოთაძე საქმის გაყალბებისთვის", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასება ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს ვთხოვეთ:
ჯემალ ჭკუასელი, "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი":
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დადგინდეს მკვლელი, გინდა მესამე პირი იყოს, გინდა მეოთხე, მეხუთე, გინდაც მათი მშობელი. სამართალმა პური უნდა ჭამოს. შვილმოკლული მამა ქვეყანაში სამართალს რომ ვერ პოულობს, ძალინ ცუდადაა იმ ქვეყნის საქმე.
არ ამგონია, ამ საქმეს ვინმე „კრიშავდეს“, და თუ კადრულობენ, მამას როგორ უნდა შეხედონ თვალებში, რა პასუხი უნდა გასცენ? დამნაშავე უნდა მოიძებნოს და ეჭვები გაქარწყლდეს.
ზაზა ხუციშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი:
"პროკურატურის და სასამართლოს პოზიცია განსხვავებულია. პროკურატურა უკმაყოფილოა გადაწყვეტილებით, თვლის, რომ საკმარისი მტკიცებულებები აქვს და როგორც ვიცი გაასაჩივრებს შემდგომ ინსტანციაში. ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს გარდაცვლილი ბავშვის მამასთან შეხვედრა აქვს ჩანიშნული და მისგან მოვისმენთ დამატებით არგუმენტებს, თუ რაშია საქმე. საქმის დეტალებს ისე არ ვიცნობ, რომ შევაფასო.
რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და მტკიცებულებების წარდგენაშიც ეს ვიგულისხმე, რომ პროკურატურა აპირებს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებას.
რა შუაშია გირგვლიანის საქმე, სანდრო გირგვლიანი პოლიციელებმა გაიტაცეს და დასჯის მიზნით მოკლეს, ეს კი არის ინციდენეტი მოზარდებს შორის, რომელიც იყო დიდი ტრაგედია, რომლემაც მთელი საქართველო შეძრა.
ზვიად კორძაძე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავჯდომარე:
"არ ვიცნობ საქმეს, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა ძალიან ცუდი განცდა, გამოდის, შეიძლება ადამიანი მოკლა და არ დაისაჯო. არის მოკლული და არ ჩანს მკვლელი, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია არა მარტო ამ საქმისთვის, არამედ ცუდი სიგნალია გარე სამყაროსთვისაც".
იხილეთ ასევე: "ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ" - რას ამბობს გურამ გირგვლიანი "ხორავას საქმეზე" თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)