"გავრცელდა ამბავი, რომ ყველანი დავიღუპეთ, არადა..." - დედისა და სამი შვილის ჯარისკაცური ცხოვრება
როდესაც ნათია ლაფაჩისა და მისი სამი შვილის შესახებ გავიგე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, უამრავი მითი და ლეგენდა გამახსენდა, სადაც დედა ომში მიმავალ შვილებს წინ გასძღოლია... ნათია ლაფაჩისთვის კონფლიქტის ზონაში დაბადება და ცხოვრება, ბედისწერადაც იქცა და კარიერის არჩევაც კი განაპირობა, - "ვიდრე ცოცხალი ვარ და შემეძლება, სამხედრო ფორმას არ გავიხდი..." - გვითხრა სიამაყით აღვსილმა სამხედრო ქალმა ინტერვიუს დასაწყისში.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მასალიდან:
"ჯარში რომ წავედი, 34 წლისა ვიყავი და საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემები მქონდა, თუმცა, ახლა 44 წლის ვარ და არც ამჟამად ვუჩივი რამეს... ოთხივე - მე და ჩემი სამი შვილი, კონტრაქტორები ვართ და ყველანი გორში, I-ლ ქვეით ბრიგადაში ვმსახურობთ..."
"მშობლებს მთელი ცხოვრება ესმოდათ ჩემგან, რომ ჯარში მინდოდა. მხოლოდ ფიზიკურად კი არა, შინაგანადაც, გარემო ეტყობა მაინც თავისებურად აისახა ჩემზე, - სამშობლო და ჩემი მიწა-წყლის სიყვარული, ლიტონი სიტყვები არ ყოფილა ჩემთვის... ოჯახშიც სულ ეს მესმოდა და მერე ჩემს შვილებსაც იგივე ვასწავლე... ვითარებამ მოიტანა ასე..."
"რატომღაც ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ყველანი დავიღუპეთ, არადა, ყველანი უვნებლები ვიყავით, მხოლოდ მძღოლი დაიჭრა... როგორც წესი, ომში, სამედიცინო მანქანას არ ესვრიან ხოლმე, მაგრამ მაშინ ესროლეს... დაჭრილებიც გადარჩნენ. თუმცა, ვნახეთ დახოცილი და დაყრილი ჯარისკაცების ცხედრები. ეს კადრები არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან..."
"როდესაც ადამიანი ფორმას იცვამ და სამხედრო სამსახურში მიდიხარ, ყველაფერს ეგუები. მათ შორის, იმასაც, რომ შეიძლება ერთ დღეს ომში წახვიდე და შვილები სახლში დატოვო, ასევე იმაზეც, რომ შეიძლება შენ დარჩე სახლში და შვილები გაუშვა ომში ან სადმე ცხელ წერტილში... შიში არის, მაგრამ სიამაყე უფრო მეტია. რაც უნდა მოხდეს, მაინც ყოჩაღად უნდა იყო..."
ლალი პაპასკირი