"არა მარტო უნდა გადადგნენ, არამედ ყველა უნდა დააკავონ" - რას ამბობს ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ
არა მარტო უნდა გადადგნენ, არამედ ყველა უნდა დააკაონ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ შეიტყო.
"ყველა განცხადებაში ერთი და იგივეს ვამბობდი. არა მარტო გადადგომა, არამედ დაუყოვნებლივ იყოს იგი დაკავებული, რომელმაც უზრუნველყო ამ საქმის გაყალბება. არამარტო შოთაძე, არამედ მთელი სისტემა აყალბებდა ამ საქმეს. ყველა უნდა იყოს არამარტო გადამდგარი, არამედ დაკავებული. აქ ვიქნები მანამ, სანამ ყველა არ მიეცემა პასუხისგებაში. შოთაძით დაწყებული 1-ელ დეკემბერს მომხდარი ინციდენტის ჩამდენი პირებით დამთავრებული", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა. ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა. ის 2015 წლის 27 ნოემბერს ამ თანამდებობაზე პარლამენტმა აირჩია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა" - რას აცხადებს ირაკლი შოთაძე