"რატომ უნდა მიიყვანო საზოგადოება აქამდე, რომ სამართალს ქუჩაში ითხოვდეს"
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც "ხორავას საქმეზე" გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ, რუსთაველზე, პარალამენტის წინ გადაინაცვლეს.
აქციაზე არაერთი ცნობილი ადამიანია, მათ შორის მომღერალი გია გაჩეჩილაძე - უცნობი, რომელმაც განაცხადა: - ავადმყოფი ავდექი და წამოვედი საგურამოდან, ძალიან შემაწუხა მომხდარმა. თბილისი ძალიან პატარა ქალაქია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ვერავინ მოახრეხებს იმის დამალვას, რისი დამალვაც არ შეიძლება, რატომ უნდა მიიყვანო საზოგადოება აქამდე, რომ სამართალს ქუჩაში ითხოვდეს. ეს გზა ხომ უკვე გავიარეთ ერთხელ?! არ გვეყო სანდროს და ბუტას სიკვდილის მერე რაც გადაგვხდა?! საკუთარ გამცდილებაზე რაღაც მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ... არ შეიძლება მოზარდები ფიქრობდნენ, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ, მამების წყალობით, ყველაფერი შერჩებათ. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, არ შეიძლება ამ პროცესის პოლიტიზაცია. ეს არის საზოგადოების პროტესტი და აცადონ საზოგადებას. ანაც რა მორალით გამოდის და ლაპარაკობს ის ხალხი, ვისაც სანდროს მკვლელობაზე ხმა არ ამოუღია, ირინა ენუქიძის გვერდით არ მდგარა? ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ გამოდის ქუჩაში, არ უნდათ მათთან ასოცირდებოდნენ, რომლებიც სხვის უბედურებაზე ცდილობენ ხელის მოთბობას.