დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წელი და 6 თვე, ხოლო სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე წელი მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან მიმართებაში დადგენილი საბოლოო სასჯელის ვადა შემცირებულია. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის ვადა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მას სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს გ.ჯ.-ს, მას სასჯელის სახით თავდაპირველად 13 წლით თავისუფლებლის აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ბრალდებულებს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან დაეწყებათ და მათ ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლებათ დაკავების მომენტიდან პატიმრობაში ყოფნის პერიოდიც.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსი"