რას ამბობს მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?
"ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უფრო მეტი წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.
„შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო და ზოგადად თუ გაინტერესებთ შემიძლიათ გითხრათ, რომ ადამიანი, რასაც აკეთებს ყველაფერს თავისი თავისთვის აკეთებს. ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე. საერთოდ ვთვლი რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს,“ - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან მიმართებაში დადგენილი საბოლოო სასჯელის ვადა შემცირებულია. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის ვადა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მას სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს გ.ჯ.-ს, მას სასჯელის სახით თავდაპირველად 13 წლით თავისუფლებლის აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ბრალდებულებს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან დაეწყებათ და მათ ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლებათ დაკავების მომენტიდან პატიმრობაში ყოფნის პერიოდიც.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსი"