ერთსაათიანი შეხვედრა პირისპირ - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი და ზაზა სარალიძე? - კვირის პალიტრა

ერთსაათიანი შეხვედრა პირისპირ - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი და ზაზა სარალიძე?

საქართველოს პრეზიდენტსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძეს პირისპირ ერთ საათზე მეტხანს ხვდებოდა.

"პირველ რიგში, ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო, იმ ტკივილის გაზიარება, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. მეორე, ჩემი მიზანია, ურთიერთობა მქონდეს როგორც ზაზასთან, ასევე სხვა ადამიანებთან, ვისაც ეს გულის ტკივილი აქვთ, იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ურთიერთობა მექნება ბუნებრივია ხელისუფლებასთანაც და არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ის ქვეყანა, რომელშიც ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს ეს იყოს სტაბილური ქვეყანა. ამ მუშაობაში მე არ გავჩერდები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ზაზა სარალიძის თქმით, პრეზიდენტს ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მისთვის ცნობილია.

"არ ვიცი როგორ შეუძლია დაგვეხმაროს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე პრეზიდენტს ვუთხარი და გავუზიარე დეტალები, რომელიც იყო დამალული. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ. ვერ გეტყვით რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს. ყველანაირად ეცდება, რომ მე არ დამრჩეს იმის შეგრძნება, რომ ვინმე არ დაისაჯა. სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება", - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, იგი პრეზიდენტთან ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, თუმცა საქმის უშუალო დეტალები პრეზიდენტმა მისგან პირველად მოისმინა.

კითხვაზე, როგორი იყო პრეზიდენტის რეაქცია მის მონათხრობზე, ზაზა სარალიძემ უპასუხა: "როგორც აქვს ნებისმიერ ადამიანს".

"ინტერპრესნიუსი"