"მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ბინაში 2 ბავშვი იმყოფებოდა" - კვირის პალიტრა

"მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ბინაში 2 ბავშვი იმყოფებოდა"

31 მაისს ტრაგედია დატრიალდა წერეთლის გამზირზე, სადაც მოქმედმა პოლიციელმა, ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა მეგობარ ქალს ე.ბ-სა და და მის ყოფილ მეუღლეს სამსახურებრივი იარაღიდან ესროლა, რაც ყოფილი ქმრის გარდაცვალებით დამთავრდა, დაჭრილი ქალბატონი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. დანაშაულის ჩადენისას ბინაში 2 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის მე-11 პრიმა 19 და 109-ე მუხლებით არის აღძრული, რაც ოჯახურ ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილის მეზობლის ინფორმაციით, მკვლელობა დაქირავებულ ბინაში მოხდა: - ბინა დაახლოებით 3 თვის წინ გაქირადა, როგორც ვიცი, მეგობარი ქალისთვის იქირავა სწორედ მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ჩვენი უბნის ინსპექტორი იყო. ქალს 2 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, 10 წლის ბიჭი პირველი და 2 წლის გოგონა მე-2 ქორწინებიდან.

- თავად ქალბატონს თუ იცნობდით? - არც ისე კონტაქტური ადამიანი იყო, მაღაზიაშიც იშვიათად ჩამოდიოდა, ფაქტობრივად, არ ვიცნობდით.

როგორც ირკვევა, მოკლული ახალგაზრდა მისი მე-2 ქმარი და ქალიშვილის მამა იყო, სწორედ ბავშვის სანახავად იყო მოსული. როგორც ითქვა, მან ვიზიტის თაობაზე ყოფილი ცოლი წინასწარ გააფრთხილა, თუმცა აქ მოსულს, კარი არ გაუღეს. რის გამოც გამოიძახა პატრული. პატრულმა კი ბინის მეპატრონე ნახა და ასე გააღეს კარი. ქალბატონის ყოფილ ქმარს ბინაში შესვლისთანავე უთქვამს ქალის პირადი ცხოვრება საერთოდ არ მაინტერესებს, ბავშვის სანახავად მოვედიო. ქალს კი უთქვამს, ბავშვს პამპერსს გამოვუცვლიო და მეორე ოთახში გასულა, როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს მოხდა მამაკაცებს შორის რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც უბნის ინსპექტორი გასულა იმ ოთახში, სადაც ქალი იყო და მისთვის უსვრია, პატრულის თანამშრომლებთან ერთად ოთახში შევარდნილა ქალის ყოფილი ქმარიც, რომელსაც ბრალდებულმა ორჯერ - გულში  და მუცელში ესროლა. კაცი იქვე გარდაიცვალა. ქალი კი, როგორც ჩანს, სასიკვდილოდ მაინც ვერ გაიმეტა, მხარშია დაჭრილი. პატრულმა მხოლოდ ამ ტრაგედიის შემდეგ შეძლო პოლიციელის განიარაღება. რას იფიქრებდნენ, რომ მათი კოლეგა - პოლიციის თანამშრომელი ასეთ საშინელებას ჩაიდენდა.

- ბავშვები ამჟამად სად არიან? - შემთხვევის შემდეგ ვიღაც ქალი მოვიდა, - ბავშვების დეიდა ვარო, სავარაუდოდ, მასთან არიან.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)