აზერბაიჯანში მომხდარი ავარიისას გორის სკოლის მე-12 კლასის 7 მოსწავლე და ავტობუსის მძღოლი დაშავდა
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის დროს, გორის მესამე სკოლის მეთორმეტე კლასის 7 მოსწავლე და ავტობუსის მძღოლი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ეს ინფორმაცია აქვთ გორის მე–3 საჯარო სკოლის მე–12 კლასელების ახლობლებს. გორის რესურსცენტრსა და მე–3 საჯარო სკოლის ადმინისტრაციში აცხადებენ, რომ ავტობუსის მგზავრებიდან სატელეფონო კავშირზე არავინაა, ამიტომ დეტალური ინფორმაციის მიღება რთულია.
შიდა ქართლის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ავტოსგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც მაჭუტაძემ განაცხადა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთაგან ორი – ავტობუსის მძღოლი და გორის მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლეთაგან ერთ–ერთის მშობელი საავადმყოფოში რჩებიან. ორივე მათგანს მოტეხილობები და ნახეთქი ჭრილობები აღენიშნება. სხვა მგზავრებს კი, რომლებსაც ნაკაწრი ჭრილობები და დაჟეჟილობები აქვთ, შემთხვევის ადგილთან ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული დახმარება გაეწიათ.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩისგან იღებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. აკაკი მაჭუტაძის თქმით, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, ავტობუსის ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მეთორმეტეკლასელები და მათი თანმხლები პირები უსაფრთხოდ არიან.
მაჭუტაძის განცხადებითვე, შემთხვევის ადგილიდან ავტობუსის მგზავრების ბაქოში გადაყვანას საელჩო უზრუნველყოფს.
"ინტერპრესნიუსი"