"აუცილებელია ნამდვილ კავკასიელებთან - ქართველებთან მოლაპარაკება, ეს პუტინმაც უნდა გაიგოს"
რადიო "ეხო მოსკვის" გადაცემა "ოსობოე მნენიე"-ში პროგრამის წამყვანი ალექსანდრე პლიუშევი ესაუბრა ცნობილ პუბლიცისტს და ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს. საუბრის ერთ-ერთი თემაა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარება სირიის არაბთა რესპუბლიკის მმართველი რეჟიმის მიერ. საინტერესოა, რომ მაქსიმ შევჩენკომ სტუდიაში საუბრის დროს კვლავ გაიმეორა ამას წინათ იმავე რადიოს ეთერში გაჟღერებული განცხადება, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ანტიქართული ლობი მუშაობს. (იხილეთ: "რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ")
გთავაზობთ ამონარიდებს:
მაქსიმ შევჩენკო: როგორ და რატომ აღიარა სირიამ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი"? მოსკოვმა დაავალა და საკუთარი ინიციატივით? მოდით, გადავხედოთ სამხრეთ კავკასიაში შექმნილ სიტუაციას. გასაგებია, რომ ბაშარ ასადის გადაწყვეტილება ანტიქართულ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკების ფონზე განხორციელდა. ერთი მხრივ, [პრაღაში გამართული შეხვედრით] თითქოსდა რუსეთი და საქართველო ერთმანეთს დაუახლოვდნენ - საბოლოოდ გადაწყდა საელჩოს შენობის საკითხი და მეორე მხრივ - უცებ ამ პოზიტიურ ფონზე ჩვენ მოწმენი ვართ ნაბიჯისა, რომელიც, რასაკვირველია, საქართველომ რუსეთის დემარშად აღიქვა. რას მოწმობს ეს ყველაფერი? ნუთუ რუსეთს მუდმივად და თან პრიმიტიულად სურს საქართველოსთან დაპირისპირება, საქართველოს გათელვა? არა, აქ გარკვეული ლობისტური ძალები მოქმედებენ, რომლებიც რუსეთის ხელმძღვანელობაში ვიღაც-ვიღაცეებს ანტიქართული პოლიტიკის გატარებისაკენ უბიძგებენ - აბსურდული პოლიტიკისაკენ, ჩემი აზრით.
ალექსანდრე პლიუშევი: მაინც რომელი ძალები გყავთ მხედველობაში?
მაქსიმ შევჩენკო: მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ეს არის სომხური ლობი. მე საგნებს თავის სახელებს ვუწოდებ. მე არ მეშინია ვთქვა: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისეთი სიტუაციაა, განსაკუთრებით სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან...
ალექსანდრე პლიუშევი: უბრალოდ, დავაზუსტებ: ესე იგი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხური ლობი მოქმედებს?
მაქსიმ შევჩენკო: რა თქმა უნდა. თანაც ძალიან სერიოზული, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან. განსაკუთრებით ახლა, როცა სომხეთის ხელისუფლებაში ვაშინგტონთან მჭიდრო კავშირის მქონე ძალები მოვიდნენ. იმის მიუხედავად, რომ ისინი რუსეთს ძმობა-სიყვარულს უცხადებენ, მაინც უფრო მეტად ვაშინგტონიდან იმართებიან, ვიდრე მოსკოვიდან. მაგრამ იმავდროულად სომეხი ლობისტები - კარაპეტიანი, აბრამიანი და ვარდანიანი - სიტუაციით სარგებლობენ.. ამ დემარშს სუფთა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: საქართველოში, ცხადია, მოიმატებს ანტირუსული განწყობა. სხვაგვარად არ შეიძლება. შესაბამისად, რუსეთშიც გაიზრდება საქართველოსადმი ნეგატიური დამოკიდებულება, რუსებს გაუჩნდებათ აზრი, რომ ქართველები ცუდად იქცევიან რუსეთის მიმართ. მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სწორედ მართლმადიდედბელი საქართველო იყო რუსეთის მთავარი მოკავშირე. ვინ ცდილობს, რომ კავკასიაში საქართველო რუსეთის მტრად აქციოს? ვინ ქმნის ჩვენთან ისეთ სიტუაციას, რომ საქართველოს იძულებულია ნატოსა და ამერიკას ჩაეხვიოს? ვინ აპიარებს ვერსიას, რომ რუსეთის მთავარი და ერთადერთი დასაყრდენი კავკასიაში მხოლოდ სომხეთია?
ალექსანდრე პლიუშევი: მოიცა, მოიცა... ბაშარ ასადისათვის ვის შეეძლო ეთხოვა, ვლადიმერ პუტინის გარდა? შეიძლება მიამიტური კითხვაა, მაგრამ მაინც...
მაქსიმ შევჩენკო: მაგალითად, ლავროვს შეეძლო...
ალექსანდრე პლიუშევი: და ბაშარ ასადმაც ყურად იღო, არა?
მაქსიმ შევჩენკო: კი, ასეა. თხოვნა ვლადიმერ პუტინის გარდა სხვებსაც შეუძლიათ. ამას მარტო პრეზიდენტი არ აკეთებს. მას აძლევენ მოხსენებას - აი, ასეთი და ასეთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო... მოკლედ, [აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება] აბსოლუტურად უაზრო ქმედებაა. ქართველოფობიის მორიგი ზრდის გარდა, ასეთი გადაწყვეტილება სხვას არაფერს მოგვცემს. აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ ხდება ასეთი ფაქტები ქართულ-რუსული მოლაპარაკების ფონზე. ვის სურს რუსეთის ქართული ვექტორისა და საქართველოსთან კავშირის განახლების პროცესის ჩაშლა? ჩვენთვის ნამდვილად მოძმე ქართველ ხალხთან, რომელმაც პოზიტიური როლი შეასრულა რუსეთის პოლიტიკურ ისტორიაში - ვფიქრობ, იმ ქართველების გვარები ყველამ იცის. და აი, ამ დროს ქართველებს რუსეთისაგან აშორებენ, პირდაპირ ფეხებს ურტყამენ. ჩემი აზრით, ეს არის ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული გეოპოლიტიკური დანაშაული.
ალექსანდრე პლიუშევი: ესე იგი, თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ვლადიმერ პუტინი სულელია ("დურაჩოკ") და არაფერი ესმის?
მაქსიმ შევჩენკო: აი, სწორედ ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენს ამის შესახებ საჯაროდ, რომ მან გაიგოს...
ალექსანდრე პლიუშევი: კი, აბა... ამ გადაცემას გაუშიფრავენ და მაგიდაზე დაუდებენ...
მაქსიმ შევჩენკო: დიახ, დიახ... მას სწორედ ასეთ მოხსენებებს აძლევენ, იგი ამგვარი მოხსენებებით მუშაობს, რომელსაც ვიღაცეები მაგიდაზე უდებენ. ამ მხრივ ყველას თავისი უფლებამოსილება აქვს.
ალექსანდრე პლიუშევი: თუ ეგრეა, მაშინ ჰო, შეიძლება ჩვენი ეთერის მასალებიც მიუტანონ... მაქსიმ ლეონარდოვიჩ, მოდი, ტერიტორიულ საკითხზეც ვისაუბროთ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ღიად დარჩა. ეს ნამდვილად უდიდესი პრობლემაა ორი ქვეყნისათვის, რომლის ფონზე სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება შედარებით წვრილმანია...
მაქსიმ შევჩენკო: ეს სრულიადაც არ არის წვრილმანი. იმიტომ, რომ სწორედ ეს პრობლემა ზრდის ტემპერატურას საქართველოში. დღეს იქ ძალიან არასტაბილური ვითარებაა. ბიძინა შეეცადა რუსეთს რეალურად დაახლოებოდა. ზურაბ აბაშიძეც ისეთია კაცია, რომელმაც მშვენივრად იცის რუსეთი და რუსული კულტურის ფასი. მე მას ვიცნობ, იგი "ეხო მოსკვის" ხშირი სტუმარი იყო. ბევრი აქაური ქართველიც ასეთია. მაგრამ ჩვენ მაინც მოწმენი ვართ მუდმივი დაშორებისა ქართულ საზოგადოებასთან, მოწმენი ვართ ქართული ინტელიგენციის დისკრედიტაციისა, ქართული ელიტისა... თითქოს საქართველოს ჩვენგან ხელოვნურად გვაშორებენ. აშკარაა, ამით ზარალდებიან ისინი, ვინც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის [ცივილიზებული] ყოფნის მომხრეა.
ალექსანდრე პლიუშევი: ესე იგი, თქვენ მიგაჩნიათ, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველო-რუსეთის დაახლოებას ხელს არ უშლის და ხელის შემშლელი სხვა რამეა?
მაქსიმ შევჩენკო: არა, აღიარება, ცხადია, ხელს უშლის ჩვენს აქტიურ დაახლოებას ერთმანეთთან, მაგრამ ამ პრობლემამ შეიძლება დიპლომატიური გზებით ცოტა გვერდზე გაიწიოს, იგივე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებით. მაგრამ ახლა მე ვსაუბრობ სირიის მიერ აღიარების ფაქტზე, რომელიც აბსურდულია. ის არ ჭირდებოდა სირიას, წამგებიანია ბაშარ ასადისათვის პოლიტიკური თვალსაზრისით. რაში ჭირდებოდა მას ამ აღიარებით ისეთი სრულფასოვანი სახელმწიფოს დაკარგვა, როგორიც საქართველოა? ისეთისა, რომელსაც რუსეთთან, მართალია, რთული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ იმავდროულად დამასკოს ოფიციალურ ხელისუფლებასაც აღიარებდა? რატომ ხდება ასე? განა რას მოუტანს დამასკოს აფხაზი ან ოსი ელჩების მიღება? კი, "პირველ არხის", ან "როსიის", ან "ენტევეს" ეთერში მათი ინტერვიუები გავა, მაგრამ შემდეგ? არანაირი აზრი ამ აღიარებაში არ არის, მიკროსკოპულიც კი.
ალექსანდრე პლიუშევი: მაგრამ, ალბათ, მოსკოვისათვის არის... მოსახლეობისთვის..
მაქსიმ შევჩენკო: და რომელი მოსკოვისათვის? ბოლო-ბოლო, ვის რაში ჭირდება სირიის აღიარება? განა სხვა პრობლემა არ გვაქვს? თუმცა ვხედავ, რომ ჩვენს მთავრობაში სხვადასხვა ცენტრები არსებობს, სხვადასხვა სტრატეგიებით, რომლებსაც საკუთარი თავი რუსეთის პოლიტიკის ჩამომყალიბებლად მიაჩნიათ და ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან... აი, იგივე კავკასიის რეგიონი ავიღოთ. ჩვენ თავიდან უნდა ამოვიგდოთ ის მითები, რომლებიც ჩვენში 1990-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში დომინირებდნენ. ვიმეორებ: ჩვენთან კულტურულად და მენტალურად ყველაზე ახლოს კავკასიის ერთადერთი სახელმწიფო - საქართველო დგას. ეს სამხრეთ კავკასიის ერთადერთი მართლმადიდებელი ქვეყანაა. კათალიკოს- პატრიარქ ილია მეორეს პირადად ვიცნობ და არაერთხელ შევხვედრივარ... ჩვენი ეკლესიის ფაქტობრივად მეორე პირი, მეუფე ილარიონი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას. იგი თბილისში ცხოვრობდა, იქ გაიზარდა, ილია მეორის მესაკურთხევლე იყო... ჩვენი კავშირები ძლიერია, მაგრამ ვიღაცეები მას წყვეტენ და ჭრიან. რატომ? იმიტომ, რომ თუ რუსეთი საქართველოსთან მოილაპარაკებს, მაშინ სამხრეთ კავკასიის პრობლემები უფრო ადვილად მოგვარდება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ნამდვილ კავკასიელებთან მოლაპარაკება და არა იმათთან, ვინც მოსულებია და თავს კავკასიელებად ასაღებენ. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ