"დღეს რევოლუცია რომ ვერ მოხდება, "ნაცებს" და მათ სატელიტებს ხალხი რომ არ გაყვება, ეს ცხადზე ცხადია" - კვირის პალიტრა

"დღეს რევოლუცია რომ ვერ მოხდება, "ნაცებს" და მათ სატელიტებს ხალხი რომ არ გაყვება, ეს ცხადზე ცხადია"

მას შემდეგ, რაც 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, რომელიც საზოგადოებას გვერდზე დგომისგან მოუწოდებდა, რათა მისი შვილის "მკვლელები დაესაჯა".

მოგეხსენებათ, რომ საპროტესტო აქციებზე თანდათან პოლიტიკური შინაარსის განცხადებებიც გაჩნდა და მთავრობის გადაყენების საკითხით დააყენეს აქციის ორგანიზატორებმა. 2 ივნისის საღამოს კი საბოლოოდ პოლიტიკური გახდა პროტესტი მას მერე, რაც რუსთაველის გამზირზე პოლიტიკური ძალებიც მიიპატიჟეს.

ბევრი მიიჩნევს, რომ ამის მერე საპროტესტო მუხტი, რომელიც ისედაც თანდათან მიინავლა, საბოლოოდ გაქრება. გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას "ფეისბუკიდან"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ქვეყანაში დღეს რევოლუცია რომ ვერ მოხდება და "ნაცებს" და მათ სატელიტებს არც ხალხი გაყვება და არც დანარჩენი ოპოზიცია, ეს ცხადზე ცხადია და ლაპარაკადაც არ ღირს. ერთადერთი რეალური შედეგი, რაც ამ ეტაპზე ქვეყანამ შეიძლება არსებული საპროტესტო მუხტისგსნ მიიღონ, არის ახალი, რეალურად დამოუკიდებელი პროკურორი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმესაც გამოიძიებს და სისტემასაც დაანგრევს.

რეალურად დამოუკიდებელი პროკურორი იქნება უდიდესი წინ გადაგმული ნაბიჯი, ისეთი რამ, რაც ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა. დღეს ეს ყველაზე რეალურია, რადგან არსებობს პრემირერის სიტყვა, რომელსაც შეიძლება ზოგადად ვიღაცის თვალში დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ ამაზე ჩაჭიდება და ხელზე დახვევა შეიძლება.

განა, იმის ილუზია მაქვს, რომ ხელისუფლება ჩვენს მოტყუებას არ ეცდება? ეცდება, და სწორედ ამიტომ რეალური შედეგის მისაღწევად საჭიროა ყველას ამ საკითხზე კონცენტრირება, დიდი ზეწოლა ამ მიმართულებით და არა აქცენტის სხვა რამეზე, ხელისუფლების შეცვლის არარელაურ გეგემაზე გადატანა, რასაც "ნაცები" აკეთებენ. ახლა რევოლუციაზე საუბარი ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს, რომ დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნაზე გაცემული დაპირება ჩაფარცხოს.

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

"პოლიტიკოსების მოხმობით აქციების ეს ტალღაც მიინავლება და ჩაქრება. ნაციონალების ქოლგის ქვეშ, საზოგადოების, ხელისუფლების შეცვლისთვის საჭირო, კრიტიკული მასა ქუჩაში არ გამოვა. მაგრამ ხელისუფლებამ ეს თავის გამარჯვებად ვერ უნდა გამოაცხადოს - სადამდე ეყოლება "ნაციონალური მოძრაობა" მაშველ რგოლად?! უნდა მიხვდეს, რომ საზოგადოებაში უკვე იმხელა საპროტესტო მუხტია დაგროვილი, რომ ის ქუჩაში გამოსვლისთვის და ბრძოლისთვის მზად არის, ახალი თაობა იმასაც ისწავლის, როგორ გასწიოს გვერდზე მარგინალიზებული პოლიტიკური პარტიები და თქვენც ზედ მიგაყოლონ.

ჰოდა, ყველაზე გონივრული გამოსავალი იქნებოდა აქტიური დიალოგი დაიწყოთ ამ თაობასთან, თქვენვე მისცეთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საშუალება და პარალელურად რეფორმირების პროცესი დაიწყოთ. მარა მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ეს გააკეთოთ. უფრო პირიქით: ველი, რომ ამ საპროტესტო ტალღის გადავლის მერე უძლეველობის განცდა შეგიპყრობთ და უფრო მეტ შეცდომებს დაგაშვებინებთ. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

"ნორმალურია რომ ერთსა და იმავე ამბებზე გავბრაზდეთ, ერთსა და იმავე მოვლენას უკანონობა ვუწოდოთ და დაუპირისპირდეთ, ერთ ობელისკთან მივიტანოთ ყვავილები, მაგრამ არანორმალურია, აბსოლუტურდ არანორმალური, ბრძოლაში გაიყოლო, პარტნიორად დაიყენო კაცი, რომელიც ზუსტად იცი გუშინ რომ დანას გირტყავდა, ისევ იმ დანით დადის.

ერთ მიზნისთვის ბრძოლაში პარტნიორობა ნდობას ემყარება და საერთოდ ამოცანებს.

მე მჯერა, რომ ვაშაძის დაძახებულზე გასულებსა და ჩემს ქვეყანას არც ბრძოლის მიზანი აქვს საერთო და არც ნდობა აქვს, რომ არ უღალატებენ.

მე დღესაც ზაზა სარალიძე ვარ. საქმე ისევ გამოუძიებელია, დამნაშავე ისევ დაუსჯელი. ხვალეც ისევე როგორც გუშინ მისი გულშემატკივარი, თანამებრძოლი და მეომარი ვარ.

დანარჩენი კი უკვე მოგიყევით".