შალვას ვაცები ფრიალო კლდეებიდან
"ვაცების შერკინება ერთ-ერთის უფსკრულში გადაგდებით მთავრდება"
ჟურნალისტ შალვა ნუსხელიძეს ცხოველების სიყვარულმა პროფესიაზე ხელი ააღებინა და ქართლში, სოფელ ქვახვრელში თხა მოაშენებინა. მისი არვე უკვე ასზე მეტ სულს ითვლის. ფერმერულ საქმიანობაში შალვას მთელი ოჯახი ეხმარება - მეუღლე, ანი ნუსხელიშვილი, რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიას სწავლობს, ხოლო ციკნების მომწყემსვა-მოფერებაში მამას ტოლს არ უდებს სამი ვაჟკაცი: 8 წლის ბაჩო, 6 წლის ვანო და 2 წლის გაბრიელი.
შალვა ნუსხელიძე: - ოჯახში სულ გვყავდა საქონელი. როცა დავოჯახდი, პროფესიის პარალელურად გადავწყვიტე, ხელი სოფლის მეურნეობისთვისაც მომეკიდა. მსხვილფეხა პირუტყვმა მოლოდინი არ გაამართლა, სოფლის ახლომახლო მთის კლდოვანი კალთებია მეტწილად და მათი გამოკვება ჭირდა. მეც თხის პატარა სადგომი მოვაწყვე უფლისციხესთან. ამ ადგილებში, მტკვრის მარჯვნივაც და მარცხნივაც, პიტალო კლდეებია, ხელსაყრელი პირობები და უნიკალური შესაძლებლობაა მეთხევეობის განვითარებისთვის. ჰოდა, რატომ არ უნდა გამომეყენებინა საჩემოდ, აკი ნათქვამია,"საბანი როგორც გაგწვდეს, ისე დაიხურეო. ჯერჯერობით თხებს მარტო ვუგდებ ყურს, ზოგჯერ დისშვილები მეხმარებიან, ჩემი ბიჭები პატარები არიან, თუმცა, როცა თხები სადგომში მიმყავს, ციკნების დედებისგან გამოცალკევებაში მონაწილეობენ. თხები ზამთარ-ზაფხულ საძოვარზე დამყავს, ისინი ადვილად პოულობენ სამყოფ საზრდოს ღიჭიანში. დღეში ერთხელ ვწველი და 40 ლიტრ რძეს ვაგროვებ, დანარჩენს ციკნებს ვუტოვებ. რძის ნაწილს სასმელ-საჭმლად ვხმარობთ, ნაწილს კი გასაყიდად ვიმეტებთ, ვყიდით რძესაც და ყველსაც ადგილობრივ ბაზარში. 1 ლიტრ რძეს 4 ლარად, 1 კგ ყველს კი 12 ლარად ვაბარებთ. თხის რძის პროდუქტების სარგებლიანობაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, ისედაც ყველამ იცის.
- მაშინ მათ "მომთაბარე" ცხოვრებაზე მოგვიყევით?
- საბალახოდ დილის 11-ზე გამყავს და უკან 7 საათის შემდეგ მივერეკები. ზამთარში უფრო ადრეც, დაღამებამდე. საკმარისია ბალახობის დრო გავზარდო და წველადობაც იმატებს. თხა თუ კარგად არის დანაყრებული, შობადობაც კარგი აქვს, ჯანმრთელ, არანაკლებ ტყუპ ციკანს იძლევა. ჩემს არვეში უმეტესობა ქართული ჯიშის არის, მხოლოდ სამია ალპური და მათი შთამომავლობა. მეთხევეები მეხორცულს, დიდი ტანისას - ბარის, ხოლო მეწველს, შედარებით მომცროს, - მთისას ეძახიან. ჩემების უმრავლესობა მთისაა. მწყემსვაში ორი ნაგაზი მეხმარება და მესამის აყვანასაც ვაპირებ. კარგია, თუ ლეკვი ციკნებთან ერთად გაიზრდება. შემდეგში ასეთი ნაგაზი ადამიანის გარეშეც უგდებს ყურს თხას და ნადირისგანაც იცავს. თხები ცოტა ჯიუტი და უცნაური არიან. ერთხელ მაკე თხა დავკარგე და მეორე დილით მთის წვერზე შევამჩნიე - გადმომდგარიყო მიუვალ კლდეზე და გარინდულიყო, თითქოს რაღაცაზე მიმანიშნებდა. ცოტათი მე ავედი, ცოტათი ის ჩამოვიდა და როცა დავათვალიერე, მუცელი აღარ ეტყობოდა. მივხვდი, ციკანი მოეგო, ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ მივაგენი. რაღას ვიზამდი, წამოვიყვანე სადგომში. მეორე დღესაც დაიკარგა, ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ბოლოს უკან გავყევი და ერთ-ერთ გამოქვაბულში მივაგენი, დედა შვილს ძუძუს აწოვებდა. ვერც შვილი დათმო და ვერც თავისი არვე მიატოვა. მას შემდეგ უფრო შემიყვარდნენ. ახლა სადგომის უკეთ მოწყობას ვგეგმავ, ფერმის გაფართოება და სულადობის გაზრდა გვინდა. ანი კოლეჯში რძის პროდუქტების წარმოებას დაეუფლა. მინდა საფინანსო ორგანიზაციებს წარვუდგინო ჩემი პროექტი, იქნებ თანადაფინანსებით მოვახერხო რძის პროდუქტების დამზადებისთვის საჭირო დანადგარების ყიდვა. ძალიან გვინდა მცირე საწარმო გვქონდეს, სადაც თხის შებოლილ ყველს დავამზადებთ. ანი ყველისგან ნაირ-ნაირ წნულს, ყვავილებსა და სამკაულებს ამზადებს. ყველაზე მეტად ის გამიხარდება, როცა სხვასაც გავახარებ ჩემი ნატურალური პროდუქტით." სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, შალვას "ჯიხვები" ქვახვრელის ფრიალო კლდიდან პეპლებივით გადაეშვნენ უფსკრულში. პატრონმა დამამშვიდა, არაფერი მოუვათ, ახალ საძოვარზე ინაცვლებენო. თურმე არვეების წინამძღოლი ვაცები ერთმანეთს ხშირად ერკინებიან საბალახო ტერიტორიებისთვის, ჯახი კი აუცილებლად ერთ-ერთის უფსკრულში გადაგდებით მთავრდება. გასაკვირი ის არის, რომ გადაჩეხილი მეტოქე უკან უვნებელი ბრუნდება.
კახა მჭედლიშვილი