როცა ფული და ძალაუფლება ხდება ღმერთი, ანუ რას ნიშნავს დაინგრეს სისტემა?
ჩვენი მდგომარეობა იცით რას ჰგავს? ოთახში, რომ მძღნერია, ყარს ყველაფერი და იქ მყოფები მშვიდად სხედან, არაფერს აკეთებენ, რადგან ოთახი მათია. მერე, ვიღაც მოდის იწყებს ლანძღვას ეს რა ხდება, რა სუნია? ძალადობს მათზე, ოთახიდან ყრის ყველას და თვითონ ჯდება იქ და აზრადაც არ მოსდის, რომ ვიღაცის გაყრა კი არ არის მთავარი, არამედ ოთახის მძღნერისგან გაწმენდა!
სისტემის დანგრევა და ახლის შექმნა ხელისუფლების რეგულარული ცვლა კი არ არის, არამედ იმ ჭუჭყისაგან, სიბინძურისაგან, მიდგომებისაგან, დამოკიდებულებისაგან და ჩამყაყებული მენტალიტეტისაგან გათავისუფლებაა, რომელიც ათეულობით წელია ანგრევს ჩვენს ქვეყანას!
ჩვენთან მხოლოდ ხელისუფლებები იცვლება! სისტემური დამოკიდებულებები კი იგივე რჩება, თავისი მონოპოლიზებული სიმართლით.
მონოპოლიზებული სიმართლე კი ასეთია: მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს მხოლოდ. წინა ხელისუფლების დამნაშავეებს სჯის მარტო. თავისას კი არათუ კანონდამრღვევებს, არამედ მკვლელებსაც იფარავს.
70-წლიან მენტალიტეტს ვერ აბიჯებთ და ვაი, როგორ მეცინება ხან ერთნი, რომ ადანაშაულებთ პრორუსულობაში მეორეს, სხვებს კი თავი მოგაქვთ პროევროპულობით.
წინ დაიხედეთ მძღნერში ზიხართ! სუნი არა გცემთ?! სისტემის შეცვლა ნიშნავს ყველა თანაბრად პოულობდეს სამართალს! შეცდომა ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ ყველა ხელისუფლების უკან რატომ დგას ანგარება? შესაძლოა მამას უნდოდეს მკვლელი შვილის დაფარვა, მაგრამ რა შუაშია ჩინოვნიკის დაცვა სიმართლისგან?
გირგვლიანის უბედურებაზე ბრტყელ-ბრტყელად მოლაპარაკე ამ ხელისუფლებას ბედისწერამ მსგავსი ფაქტი დაუდო წინ და ვერ შეძლო უსამართლობასა და ძალადობასთან გამკლავება. აღმოჩნდა, რომ ის სისტემა, რომელიც გვმართავს მოგვწონს. მთავარია, ჩვენ ვიყოთ სათავეში. მთავარია ჩვენ გვქონდეს ძალაუფლება და ფული!
ამ ფონზე ძალიან მეცინება ბინძური, მივიწყებული პოლიტიკოსები, რომ ცდილობენ პროცესებთან მიტმასნებას ან სიტუაციის არევას. ზოგადად, ოპოზიციას გეკითხებით: თქვენ როდისღა აღიარეთ თქვენი მიზანმიმართული დანაშაულები? განა იგივე სისტემით არ მართავდით ქვეყანას? განა თქვენ არ შექმენით ეს სისტემა?!როცა შენი ხელისუფლების პირობებში ჩინოვნიკზე, ბიძაშვილზე და ნაცნობზე მაღლა კანონს და სამართალს ვერ აყენებ, სწორედ ეს არის საბჭოთა მიდგომები და მენტალიტეტი! პირველ რიგში მკვლელები უნდა დაისაჯონ! გადააბიჯეთ თქვენს საბჭოთა კომპლექსებს და დასაჯეთ მკვლელები, რომ დაიწყოს ნორმალური ქვეყნის შენება!
ერთი პირის სახელს, რომ აბრუნებთ ცხრანაირად დღეში, განა თქვენს მიერ დახოცილი სხვისი შვილების მკვლელები დასაჯეთ?
ხვალ, რომ მთავრობა გადადგეს ხედვაც არ გაქვთ რა და როგორ შეიძლება შეიცვალოს! გაქვთ მხოლოდ სურვილი, რომ სათავეში ეხლა თქვენ იყოთ და მეტი არაფერი!
საერთოდ ოპოზიციამ რაღა გააკეთა ამ 6 წლის განმავლობაში? რომელი პრობლემა წამოწია წინ? მარტო ფულისმკეთებელი "ნაცები", რომ "შეიტენა" ამ ხელისუფლებამ ეს ხომ არაფერს ცვლის.
ერთი ძალაუფლება მეორეს რევანშისთვის, რომ მუდმივად ემზადება, ეს ხომ არაფერს ცვლის! უკვე მერამდენედ თამაშობთ ხელისუფლობანას და როგორი სასაცილოა მოთხოვნა იგივე გამზირზე: გადადგეს მთავრობა! გადადგეს, კი ბატონო, მაგრამ დაისჯება თქვენი შვილის მკვლელი! ჩემი, შენი და სხვისი შვილის მკვლელი აღარ დაისჯება, რადგან იგივე მიდგომებით ვიცხოვრებთ. რადგან კანონიერ სისტემას არ ვაშენებთ!
თქვენ ხალხი ბრმა ხომ არ გგონიათ?
ან "ნაცებმა", ან "ქოცებმა" სათავეში მოსვლის დროს, როდის გაანალიზეთ რა გვიშლიდა ხელს განვითარებაში? რა შეეშალა წინა ხელისუფლებას და რა იყო შესაცვლელი ან რა გაკეთდა კარგი და საიდან შეიძლებოდა გაგრძელება? კოჰაბიტაცია დანაშაულის ჩაფარცხვას ხომ არ გულისხმობდა?!
დავიღალე! ჩვენი პრობლემაა, რომ გავღატაკდით. ნამდვილად სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები სანთლად საძებარი გვყავს. ჩვენი პრობლემაა, რომ რეალობის შეგრძნება დაგვიქვეითდა!
- რომელ განვითარებულ ქვეყანაშია, რომ გუშინ კანონდამრღვევები ან მკვლელები, დღეს ადამიანის უფლებების დამცველები ხდებიან?! ესე იგი კვლავ ხელისუფლების პრობლემაა. გუშინ იყო ის ცუდი, თორემ დღეს მე ვარ და ის კარგია!?
- რომელ განვითარებულ ქვეყანაში ხდება, ყვიროდე სამართლიანობა მინდაო და მეორე შვილმკვდარ მამას ან განსხვავებულ აზრს უსტვენდე, მხოლოდ ე.წ "შენიანები" შემოიკრიბო?
მე ამ წესებს ვერასოდეს ვერ ვნებდები. ეს სისტემა მე და ჩემნაირებს გვსვრის. სისტემა, რომელიც მუდმივად ლტოლვილის პირობებს გვთავაზობს, რომელიც ცდილობს დაგაბრალოს რაღაც, რომ თავისნაირი გაგხადოს.და საერთოდ, ფული და ძალაუფლება არის დღეს ღმერთი! სადაც გიხდიან იმისი ხარ, მორჩილი ხარ, კარგად ხარ, ძალაუფლება და სიმართლე შენს მხარესაა!
სისტემა უნდა დაინგრეს! ის სისტემა დღეს ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის განეიტრალებას, რომ ცდილობს არაადეკვატური ოპოზიციისა თუ ხელისუფლების მხრიდან. მკვლელები უნდა დაისაჯონ! გავლენიანი მამების და ბიძების სისტემა უნდა დაინგრეს! "ზემოდან დარეკავენ და ყველაფერი კარგად იქნება" - უნდა მოიშალოს და როცა ვსაუბრობთ, რომ ვიღაც დაისაჯოს, პარალელურად პასუხისმგებლობების აღება უნდა ვიცოდეთ. არ მინდა, რომ ვოცნებობდე. არ მინდა, რომ ეს აუხდენელ სურვილად დამრჩეს!
ადამიანებო, დღეს არის საუკეთესო პერიოდი რეალურ შეცდომებს მივხვდეთ და რეალურად შევცვალოთ რაღაც და არა ერთი ნაგავი მეორეთი ჩავანაცვლოთ, რაც არასოდეს იქნება კანონიერი სისტემის მშენებლობა!
ფოტო: ფეისბუკგვერდი - Urban Society
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს