გაფიცვის პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება - კვირის პალიტრა

გაფიცვის პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

"მეტროს მემანქანეების ხელფასი მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძემ ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები წარმოადგინა.

"ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება - ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა.

რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატის ოდენობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხელფასებზეა საუბარი, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების ხელფასები.

ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში - საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ, გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.

მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე.

მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო:

მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას;

მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების.

მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

და ბოლოს, მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას მეტროს მემანქანეების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

"ვინაიდან, მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამასთან, ავტობუსების არსებულ ნაკადებს დავამატებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეზერვებს. მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებსა და კანონზე მაღლა. დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზიანონ დედაქალაქი და დედაქალაქის მოსახლეობა", - განაცხადა კალაძემ.