პრემიერ-მინისტრის და ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა დასრულდა - რა დეტალებზე საუბრობს ადვოკატი
პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრის და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დარულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოჯახის ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ განუცხადა, მათ მიიღეს პირობა, რომ უახლოეს პერიოდში ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებენ.
"შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო. ჩვენ გვქონდა ჩვენი შეკითხვები სახალხო დამცველთან და შს მინისტრთან. მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს პერიოდში მივიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ღიად არის დარჩენილი. მოგესხენებათ, ლევან დადუნაშვილის ნაწილში ყველაფერი დადგენილია, თუმცა დავითის პოზიციაა, რომ ის ისევე იბრძოლებს სამართლებრივად, რათა დავით სარალიძის მკვლელი დადგენილი იყოს. შეხვედრაზე ყველა დეტალი განვიხილეთ. ის ეჭვებიც, რაც მაქვს საქმის მასალებიდან და სასამართლოს განაჩენის შემდეგ. შემდეგი შეხვედრა დღეის მდგომარეობით არ ჩანიშნულა, თუმცა პრემიერისა და შს მინისტრის პოზიცია იყო, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ნებისმიერ საკითხზე შევასრულოთ" - აღნიშნა მაღლაკელიძემ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი და შს მინისტრი დღეს ასევე შეხვდნენ დავით სარალიძის მშობლებსა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მთავრობის მეთაურს 10 ივნისამდე აძლევს ვადას, რომ დაისაჯონ ხორავას ქუჩაზე ჩადენილ მკვლელობაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ერეოდნენ საგამოძიებო მოქმედებებში, აყალბებდნენ მტკიცებულებებს და მოწმეებზე ახდნედნენ ზეწოლას. საუბარია მირზა სუბელიანზე.
ზაზა სარალიძის განცხადებით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძესაც. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები კი აღნიშნავენ, რომ 10 ივნისამდე აქციები გაგრძელდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძის მიერ დაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 10 რიცხვიდან აქციები უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. პრემიერი და შს მინისტრი ამ წუთებში ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან.
ambebi.ge