საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი და კიდევ ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დააკავეს. ეკლესიის წინამძღვარის და კიდევ ერთი პირის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

სასულიერო პირი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა დღეს, სხვადასხვა ადგილზე დააკავეს. ხურვალეთის მცხოვრები, 58 წლის თეიმურაზ დუდაშვილი ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.

საპატრიარქოში დირბის ეკლესიის წინამძღვრის მამა იოანე ოხანაშვილის დაკავების ფაქტის გადამოწმება მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, დაკავებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მანქანა, რომელშიც შეიარაღებულმა პირებმა დუდაშვილი ჩასვეს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს იყო გაჩერებული, ცოტა ხნის წინ კი, აღნიშნული ავტომობილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გაემართა.

"ინტერპრესნიუსი"