"ირანის დედოფლის დანახვაზე დოდოს თვალები აუციმციმდა, - "უნდა ვაკოცოო..."
საქართელოში ბევრმა რეჟისრომა გადაიღო ფეხბურთის თემაზე, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმი. მათ შორის მხოლოდ ერთი ქალია - ნანა მჭედლიძე - "პირველი მერცხალის" რეჟისორი. ხმა რომ დაირხა ნანა ფეხბურთზე ფილმს იღებსო, თურმე ნაცნობები სიცილით ეკითხებოდნენ, რა იყო, ნანა, კაცი არ მოინახა, ფეხბურთზე ქალი რომ იღებ ფილმსო? ფილმის კონსულტანტი იყო ლეგენდარული ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე, რომელიც პირადად წვრთნიდა მსახიობებს ფეხბურთელებად. "პირველი მერცხალის" სამსახიობო კოლექტივიც, რომელთა შორის იყვნენ - დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, ვასილ ჩხაიძე, გურამ ლორთქიფანიძე, ამირან დაქეიშვილი, დიმიტრი ჯაიანი და სხვები, რეჟოსრისა არ იყოს, ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივრები იყვნენ. ფილმი 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე. იმავე წელს თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ირანის შაჰის პატრონაჟით ტარდებოდა, შეიძლება ითქვას, ნანა მჭედლიძის, როგორც კინორეჟისორის ტრიუმფი შედგა.
"პირველ მერცხალს" ორი პრიზი ერგო: ერთი საუკეთესო რეჟისურისთვის, მეორე კი - დოდო აბაშიძეს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
თეირანის ფესტივალიზე, საქართველოდან ნანა მჭედლიძე, აკაკი დვალიშვილი და დოდო აბაშიძე გამგზავრებულან. სამწუხაროდ, დღეს არცერთი მათგანი აღარაა ცოცხალი. თუმცა, მათი მოგზაურობის დეტალები და ფესტივალზე გატარებული დღეების შთაბეჭდილებები, შემონახულია ნანა მჭედლიძის წერილში "მოგზაურობა ათას ერთ ღამეში". გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ წერილიდან: "ჩემს ფილმებს ადრეც უპირებდნენ ფესტივალებზე წარდგენას, მაგრამ მხოლოდ უპირებდნენ და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. როდესაც "პირველი მერცხალის" მისამართით ითქვა სიტყვა "ფესტივალი", ვიფიქრე, იმისთვისაც დიდი მადლობა ასეთი სურვილი რომ დაებადათ-მეთქი და დავიწყებას მივეცი ეს ამბავი.
გავიდა ცოტა ხანი და საჰაერო ლაინერს თეირანის მეოთხე მსოფლიო კინოფესტივალის დასალაშქრად მივყავდით: აკაკი დვალიშვილი, დოდო აბაშიძე და მე. ნოემბრის მზე უხვად აფრქვევდა დედამიწაზე ოქროს სხივებს...
შევდგით თუ არა ფეხი აეროვაგზლის შენობაში, მაშინვე თვალში მოგვხვდა ირანის შაჰის - მოჰამედ რეზა ფეჰლევის, მისი მშვენიერი მეუღლის და მათი მემკვიდრის, 15 წლის ბიჭუნას პორტრეტები. მათი სურათები, როგორც შემდეგ ვნახე მთელს ირანში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო გამოფენილი...
მანქანებით გადაჭდილ ქუჩებში გაზეთის გამყიდველები სპარსულად, ინგლისურად და ფრანგულად გაჰყვიროდნენ საფესტივალო სენსაციებს: თეირანის მსოფლიო კინოფესტივალი! ფესტივალთ ფესტივალი! მონაწილეობს 56 სახელმწიფო! საკონკურსოდ წარმოდგენილია წლის საუკეთესო 77 ფილმი!...
აქ ჩემი ფილმისთვის ვინ მოიცლის, ირანის ნახვა მაინც შემრჩება-მეთქი - გავიფიქრე და სასტუმრო "ინტერკონტინენტალის" კარის ზღურბლს გადავაბიჯე. აქ სიძვირის გამო, მხოლოდ უმდიდრესი კაპიტალისტები დგებიან.
ფესტივალი უჩვენოდ დაუწყიათ... გახსნის ცერემონია საინტერესო სანახაობა ყოფილა. რუდაქის სასახლის სცენაზე, ირანის დედოფლის წინაშე 56 ქვეყნის წარგზავნილებს ჩაუვლიათ. ირანის დედოფალი ლამაზიაო მითხრეს და მისი ახლო ნახვის სურვილი შემომიჩნდა. ჩვენი ექსპორტ ფილმის წარმომადგენელმა - თუ შენმა ფილმმა რამე მიიღო, მაშინ ნამდვილად ჩამოგართმევს ხელს მთელს ირანში სილამაზით განთქმული მეფე ქალიო.
ეჰ, რას მიიღებ აქ! თუ სადმე ვარსკვლავია, ჩემს ბედზე ყველას თეირანში მოუნდა ცვენა-მეთქი, გავიფიქრე გულდაწყვეტილმა და სვე-ბედს მივენდე.
მეოთხე სართულზე მოვთავსდით. ორი სართულით მაღლა მიქელანჯელო ანტონიონი ცხოვრობდა. ძალიან დაბერებულა.
სასტუროს ვესტიბიულში სერგეი გერასიმოვი და თამარა მაკაროვა შემოგვეყარნენ: შენი ფილმის სანახავად მივდივართ, ჟიური უყურებსო. ცივმა ოფლმა დამასხა. მაკაროვამ ჟიურის შემადგენლობაც გამაცნო: კლაუდია კარდინალე, ცნობილი იტალიელი მსახიობი; რექს ჰარისონი - დიდი ინგლისელი მსახიობი, ოსკაროსანი; სერგეი გერასიმოვი - ჩვენთვის კარგად ცნობილი კინორეჟისორი; იშტვან საბო - ცნობილი უნგრელი რეჟისორი; ნენლზბერტ მანი - აშშ კინორეჟისორების გილდიის პრეზიდენტი; იორნ დონერი - ფინელი კინოკრიტიკოსი, მწერალი და რეჟისორი; მუხამედ კაჰდარ ჰანიმა - ალჟირული კინოს ერთ-ერთი დამაარსებელი, რეჟისორი; ჯიტი დარუგარი - ირანული წარმოშობის გერმანელი მსახიობი. ჟიურის თავმჯდომარეობდა ირანელი აბდულ მაჯიდ მაჯიდი, რომელსაც დიდი პოლიტიკური კარიერა შეუქმნია. ამავე დროს გახლდათ ხელოვნებისა და კულტურის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თეირანის მსოფლიო ფესტივალების ყველა ჟიურის თავმჯდომარე.
არ მახსოვს რამდენ ხანს გასტანა დაძაბულმა სიტუაციამ. აგერ მოდიანო - გაისმა დოდო აბაშიძის ხმა.
გერასიმოვი და მაკაროვა კი არ მოდიოდნენ, მოფრინავდნენ! გერასიმოვს ცერი მაღლა აეწია და შორიდან იძახდა: უამრავჯერ ვყოფილვარ მსოფლიო კინოფესტივალების ჟიურის წევრი და ფილმის ნახვისას ჟიურის რომ ტაში დაეკრას, არ მახსოვსო. რომ განვაცხადე ქალმა გადაიღო-მეთქი - მთლად დააღეს პირიო!
ჟიურის წევრები სიცილით იფხრიწებოდნენო - მეუბნებოდა; ინგლისელი მეთქი? ტიროდაო - მაცნობა მაკაროვამ. ამ დროს ჟიურის ზოგიერთი წევრი გამოჩნდა. ერთ ხვევნა-კოცნა შეიქმნა. მშვენიერმა ირანელმა ქალმა, ჟიურის წევრმა, ჯიტი დარუგარმა ჩემ წინაშე სპარსულად დაიჩოქა და ისე გადამიხადა მადლობა. შეშფოთებული ვეცი, წამოვაყენე და დოდო აბაშიძე წარვუდგინე. ქალს სახე კიდევ უფრო გაუბრწყინდა, დოდოს გადაეხვია და მასაც თავდავიწყებით დაუწყო კოცნა.
მეორე დღეს ისპაჰანში გავფრინდით. შაჰ-აბასის სახელობის დარბაზში დავდექით. საღამოს ვახშამზე მიგვიწვიეს. ის იყო ცოტათი შევქეიფდით, რომ ტკბილი სპარსული ჰანგი დაირხა და ტანწერწეტა, მწველთვალებიანი მზეთუნახავი ცეკვა-ცეკვით გამოგოგმანდა დარბაზში. ტანის მომაჯადოვებელი რხევით მაგიდებს ჩამოუარა და მამაკაცთა საზოგადოება ერთთავად გამოაყეყეჩა.
საროსტანა ქალით აღტაცებული დოდო ადგილიდან წამოიჭრა, ხელები გაშალა და მომხიბვლელ არსებას წინ გადაეღობა. ქალი ჯერ შეკრთა, მერე კი მის წინაშე მთასავით აღმართულ უცნობ მამაკაცს ეშმაკურად გაუცინა და უფრო მეტი ხალისით აცეკვდა. დამსწრეთა აღტაცებული შეძახილებისა და სპარსული მელოდიის თანხლებით კარგა ხანს იცეკვეს. დოდო ჩვენებურ ქართულ ილეთებზე, ისეთ ვარიაციებს იგონებდა რომ ჩვენს განთქმულ მოცეკვავეებსაც კი შეშურდებოდა.
ყველამ იმხიარულა, ყველა აღფრთოვანებული იყო. მოკლედ, დოდო აბაშიძემ გვასახელა და როგორ გვასახელა! თეირანში დიდან ნასიამოვნები დავბრუნდით.
იმ დღეს, როდესაც რუდაქის სასახლეში "პირველ მერცხალს" უჩვენებდნენ, თეირანში მოთოვა. სეანსის დამთავრების შემდეგ ჩვენ სცენაზე გამოგიყვანეს და ტაში დაგვიკრეს. შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია. მეკითხებოდნენ "ქართულ ფილმზე", კინორეჟისორებზე... ყველას სურდა ამეხსნა, თუ რატომ დავინტერესდი მე, რეჟისორი ქალი, საფეხბურთო თემით. ვუხსნიდი რომ ქართელები სპორტული ერი ვართ, რომ ფეხბურთი ბავშვობიდანვე მიყვარს, რომ ვერც კი წარმომიდგენია ადამიანს ფეხბურთი არ გიყვარდეს...
რუდაქის სასახლეში დაჯილდოვებაზე ჩვენ განსაკუთრებული მანქანით წაგვიყვანეს. დიდი მზაობა იყო გაჩაღებული. ჯერ კიდევ ორი დღით ადრე სასახლეს ალყა შემოარტყა ირანის ჯარმა: თვით ირანის დედოფალი უნდა მობრძანებულიყო!
რა ხდებოდა! ზღვა ხალხი, ქუჩაში ტევა არ იყო! რაღაც, დიდი განსაკუთრებული მოვლენა იყო ირანის დედოფლის მობრძანება.
ჩვენ ვისხედით და ველოდით. მარცხნივ დოდო აბაშიძე მეჯდა, მარჯვნივ აშშ-ს ელჩი ირანში... ცერემონია 7 საათზე უნდა დაწყებულიყო. 20 წუთი გავიდა. ისევ არაფერი. აგერ 45 წუთია...
ანაზდად, დარბაზის კარი გაიღო და ბრწყინვალე ამალის თანხლებით შემობრძანდა ირანის დედოფალი. მთელი დარბაზი ფეხზე ადგა. თვალისმომჭრელად აციმციმდა უამრავი სამკაული. უნდა ვთქვა, რომ მთელ ამ ნაირფერად მოელვარე საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი გახლდით უბრილიანტოდ: ერთი მე და მეორე ირანის შაჰის თანამეცხედრე...
დედოფლის დანახვაზე დოდოს თვალები აუციმციმდა და "უნდა ვაკოცოო" - გადმომიჩურჩულა.
"ხომ არ შიშალე-მეთქი!"
"შენ რა გინდაო?"
"ის მინდა, რომ ჩვენს თავებს რეზო ჩხეიძეს ყუთებით გაუგზავნიან-მეთქი"
როცა დოდო აბაშიძის გვარი გამოაცხადეს ფერი მეცვალა.
დოდოს ერთობ ღირსეულად ეჭირა თავი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ სხვებზე გაცილებით მეტხანს ეკავა ხელში ირანის დედოფლის მშვენიერი ხელი.
დედოფალმა მომხიბვლელად გაუღიმა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელს, "კეთილ ატომურ ყუმბარას", როგორც მას ჟიურიმ შეარქვა და ტაშის გრიალში ოქროს პრიზი გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ საბრალო გამომცხადებელმა ჩემი გვარის სწორად გამოთქმისთვის გრანდიოზული ვარჯიში გასწია, საქმე საქმეზე რომ მიდგა ვერაფერს გახდა... როდესაც სცენიდან "ოქროს ჯიხვით" ხელდამშვენებული ჩამოვდიოდი და გზადაგზა მოლოცვებს ვიღებდი, ჩემს თვალწინ გაიელვა ყველა იმ ადამიანის სახემ, რომელთაც დიდი შრომა გასწია, რომ "პირველ მერცხალს" ამოდენა კონკურსში გამარჯვება ეზეიმა.
გულახდილად ვამბობ, არ მსურდა თეირანის კინოფესტივალის შთაბეჭდილებების თხრობა. არ მსურდა, რადგან ვიცოდი რომ თავის ქებას ვერ ავცდებოდი. ვიმედოვნებ, მკითხველი უშუალობაში ჩამომართმევს მონათხრობსაც და თხრობის სტილსაც".
- იხილეთ ასევე: "შაჰინშაჰმა მითხრა, ჩემშიც ქართული სისხლია, ბებიაჩემი ახალციხელი აბაშიძე იყოო" - ვინ იყო მოჰამედ რეზა ფეჰლევი - ტრაგიკული რეფორმატორი თუ დიქტატორი?!
მოამზადა ეკა სალაღაიამ