ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავებული პოლიციელი ძმები სასამართლომ გაათავისუფლა
საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოჩა ბლუაშვილს, რომელსაც რძლისა და არასრულწლოვანი ძმისშვილის ცემაში ადანაშაულებენ, პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმეზე პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
მათი ცნობით, სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ბრალი სრულად აღიარა. შემდეგ კი პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა მოსამართლე გიორგი ლონდარიძეს ბრალდებულისთვის ერთი წლით პირობითი მსჯავრის შეფარდება, ასევე, 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება სთხოვა. ლონდარიძემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, ბლუაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციითვე, ასევე დღეს გაიმართა ცოლზე ძალადობაში ბრალდებული იაკობ ბლუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა და იგი სასამართლოდა 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. განაგრძეთ კითხვა