"ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცეს, მაგრამ..."
ვასო გოძიაშვილის ბიძაშვილი ნიკო გოძიაშვილი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ნიჭიერი მსახიობი და არაჩვეულებრივი რეჟისორი იყო.
რატომ არ მისცეს ნიკო გოძიაშვილს საყვარელი ქალის სპირტში ჩადებული გული
ნიკოს მეორე ცოლი, ულამაზესი თამარ თარხან-მოურავი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნატო ვაჩნაძის მამიდაშვილი გახლდათ. ნიკოს და თამარის სიყვარულის ამბავი თბილისში ლეგენდად დადიოდა - ცოლ-ქმარმა ერთობ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ერთმანეთს შეჰფიცეს, ვინც პირველი გარდაიცვლებოდა, მეორეს სპირტში შენახულ თავის გულს დაუტოვებდა. თუ რით დამთავრდა მათი ამბავი, ამას ბატონი ნიკოს რძალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ცისანა კვინტრაძე-გოძიაშვილი, გვიამბობს:
- ჩემს მამამთილს, ნიკოლოზ გოძიაშვილს ხუთი ცოლი ჰყავდა.
- თქვენი დედამთილი მერამდენე იყო?
- მეოთხე! მისი მონაყოლიდან ვიცი, რომ აბაშიძეებს დიდი გლოვა გამოუცხადებიათ, როცა მათი 19 წლის ქალიშვილი ნორა 31 წლის მამაკაცს, თანაც მსახიობსა და რეჟისორს მეოთხე ცოლად გაჰყვა. მათ 5 წელი იცხოვრეს ერთად. შეეძინათ ვაჟი - ბადრი, ჩემი მეუღლე. სხვათა შორის, ნიკოლოზ გოძიაშვილს მხოლოდ ეს ერთი შვილი ჰყავდა. ნორა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, პროფესიით ფილოლოგი გახლდათ, ულამაზესი და უნიჭიერესი ქალბატონი იყო. ბადრის ძიძა უვლიდა. კოტე მარჯანიშვილი დიდ პატივს სცემდა ჩემს დედამთილს.
- რატომ დაშორდნენ ერთმანეთს?
- ნიკოს არ უნდოდა, რომ მისი მეუღლეც თეატრში დარჩენილიყო და ნორა მისი დახმარებით ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ. იქ გაიცნო სახელგანთქმული მეცნიერი და ფოლკლორისტი ვახტანგ კოტეტიშვილი. ვახტანგს ცოლად ჰყავდა უმშვენიერესი ქალი, მაგრამ ნორა მის მუზად ქცეულა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვახტანგის მეუღლე თავისი ფეხით მიდიოდა ნორასთან და სთხოვდა, ჩვენთან წამოდი, ვახტანგი ვეღარაფერს წერს, შენ რომ არ გხედავსო. მოკლედ, ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ ურთიერთობამ მოგვიანებით სერიოზული ხასიათი მიიღო. ერთ დღეს ნორამ ნიკო გოძიაშვილს გამოუცხადა, - შინიდან მივდივარო.
- და ვახტანგ კოტეტიშვილს გაჰყვა ცოლად?
- ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, მაგრამ ერთად ცხოვრობდნენ. მათი ბედნიერება 10 თვეში დასრულდა - 1937 წელს ვახტანგი დააპატიმრეს და დახვრიტეს. ნორა, რადგანაც მისი კანონიერი ცოლი არ იყო, მაშინვე არ აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მაინც გააციმბირეს.
- რის გამო?
- ნორა არაჩვეულებრივი დეკლამატორი იყო და ერთ-ერთ წვეულებაზე ვახტანგის ლექსი წაიკითხა. აბა, ამას მაშინ ვინ აპატიებდა? და 10 წლით ციმბირში უკრეს თავი. საკმაოდ მტკიცე ნებისყოფის ქალი იყო.
ნორას ოჯახი აღმერთებდა ნიკოს, სიცოცხლის ბოლომდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.
იმ დროს ნიკო ფოთის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 2 წელი შვილიც იქ ჰყავდა, მაგრამ მოვლა გაუჭირდა. ხელოვანი კაცი თეატრს უამრავ დროს უთმობდა და ბავშვს სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევდა. დღემდე გვაქვს შენახული ბადრის მშობლების უამრავი წერილი - მამა ფოთიდან უგზავნიდა ბარათებს, დედა - ციმბირიდან.
ნიკო, როგორც მსახიობი, ქართული თეატრის კორიფეებმა - კოტე მარჯანიშვილმა და ტასო აბაშიძემ აღმოაჩინეს. მან მოსკოვის ქართული დრამატული სტუდია დაამთავრა. იქიდან დაბრუნებული სანდრო ახმეტელმა რუსთაველის თეატრში მიიწვია მსახიობად, მაგრამ უარი თქვა - რეჟისორობა უფრო იტაცებდა და ჯერ ქუთაისის თეატრში დაიწყო, შემდეგ ბათუმის თეატრში გადავიდა. კოტე მარჯანიშვილმა რეჟისორად დანიშნა "ოტელოზე", რომელიც თვითონ უნდა დაედგა. სხვათა შორის, ბატონი კოტეს გარდაცვალების მერე "ოტელო" ნიკომ აღადგინა. 1934 წელს ნიკომ ვასო გოძიაშვილთან ერთად დადგა მარჯანიშვილში არაჩვეულებრივი პიესა "აპრაკუნე ჭიმჭიმელი". 1936 წლიდან ნიკო გოძიაშვილი ახალგახსნილი ფოთის თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. იქ ათი წელი მოღვაწეობდა. ნიკომ ფოთში დადგა შალვა დადიანის პიესა "ვეფხისტყაოსანი", "პატარა კახი", "ურიელ აკოსტა", სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი", დავით ერისთავის "სამშობლო"
- ახლა ნიკო გოძიაშვილისა და თამარ თარხან-მოურავის ლეგენდადქცეული სიყვარულის შესახებ გვიამბეთ.
- თამარი რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობი იყო. მას და ნიკოს უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მათმა ბედნიერებამ 3 წელზე მეტხანს ვერ გასტანა - თამარი უდროოდ გარდაიცვალა. მათი სიყვარული თბილისში ლეგენდასავით გავრცელდა, რადგანაც წყვილმა ერთობ უცნაური, სულისშემძვრელი გადაწყვეტილება მიიღო: ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცეს და პირობა დადეს, ვინც პირველი გარდაიცვლებოდა, მეორეს სპირტში შენახულ თავის გულს დაუტოვებდა საჩუქრად.
თამარის გარდაცვალების შემდეგ კოლიამ მისი ოჯახის წევრებისგან მოითხოვა პირობის შესრულება, მაგრამ თამარის ბიძამ, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, არ დართო ნება. გვამის გაკვეთისა. ასე რომ, ვერ მიიღო შეპირებული საჩუქარი.
- გადასახლებიდან დაბრუნებულ ნორას რატომ არ შეურიგდა?
- ნორამ არ მოისურვა. მოგვიანებით კი ცოლად გაჰყვა პოლონელ საშა იასენეცკის, პროფესიით ეკონომისტს. მათ 35 წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. 70 წლის ასაკში ნორამ თავი მოიკლა.