ანტარქტიდის ყინულქვეშ უცნობი ცოცხალი ორგანიზმები აღმოაჩინეს
ამ დღეებში პალეონტოლოგებმა ანტარქტიდაზე დინოზავრის განამარხებული ნაშთების აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ამით ყინულოვან კონტინენტზე უძველესი გიგანტური ორგანიზმების არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. დედამიწის ყველაზე შეუსწავლელ კონტინენტზე ეს აღმოჩენა პირველი როდია - განამარხებულ ნაშთებს აქ ბოლო ათწლეულებში ხშირად პოულობენ. ცხადია, ამას გლობალური დათბობის პროცესები განაპირობებს, რომლის დროსაც ყინული დნება და მის ადგილს ხმელეთი იჭერს. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ყინულქვეშ, ათასობით მეტრ სიღრმეზე, უცნობი ცოცხალი ორგანიზმები, მთები და ტბები დააფიქსირეს. პალეონტოლოგ როლანდ ძინძიბაძის თქმით, ანტარქტიდა სულ უფრო და უფრო უღებს მეცნიერებს გულს.
- ანტარქტიდა ერთი გიგანტური, მწვანე ტყეებით დაფარული კონტინენტის ნაწილი იყო, მერე კი კონტინენტი ერთ-ერთმა უდიდესმა მიწისძვრამ "ნაკუწებად" აქცია, ანტარქტიდაც მოსწყვიტა და დღევანდელ ადგილამდე მოიტანა, ძველი ადგილიდან დაახლოებით 3000 კილომეტრის მოშორებით.
- დედამიწის კიდევ რა ტერიტორიები შედიოდა ამ კონტინენტში? - ერთი თეორიით, კონტინენტში, რომელიც გონდვანას სახელით არის ცნობილი, ანტარქტიდა, სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ინდოსტანთან ერთად შედიოდა. შემდეგ დედამიწაზე გრანდიოზული მიწისძვრა მოხდა, გონდვანა გახლიჩა და აქეთ-იქით მიმოფანტა, ანტარქტიდა კი ქვემოთ, პოლუსისკენ ჩასწია. შესაბამისად, მას ამ მასშტაბურ უბედურებას გადარჩენილი ცოცხალი ორგანიზმებიც წამოჰყვნენ. ეს იყო დაახლოებით 50 მილიონი წლის წინათ. 30 მილიონი წლის წინათ კი ანტარქტიდაზე გამყინვარება დაიწყო და მიწისძვრას გადარჩენილი ყველა ცოცხალი ორგანიზმიც გაანადგურა. მათ შორის, ის გიგანტური დინოზავრები თუ მოლუსკები, რომელთა ნაშთებს ახლა პოულობენ. იქვე ნახულობენ განამარხებული ხეების ნარჩენებსაც. არადა, დღეს ანტარქტიდაზე, ძირითადად, ხავსია, რომელიც ნელა იზრდებოდა, ახლა კი მისი ზრდა დაჩქარდა. სხვათა შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ყინულის საფარქვეშ მთის ნაოჭები და თბილი ტბაც კი დააფიქსირეს. ტბა რუსულმა და ფრანგულმა სამეცნიერო სადგურებმა შეისწავლეს და დადგინდა, რომ ტბაში, რომელიც დაახლოებით 15 მილიონი წელია ხმელეთისაგან იზოლირებულია და 3400-მეტრიანი ყინულის ფენით არის დაფარული, დედამიწის ისეთი ბაქტერიები ცხოვრობს, რომლებიც სრულიად განსხვავდება დედამიწის ყველა ცოცხალი ბაქტერიისაგან.
- დინოზავრები როდისღა აღმოაჩინეს პირველად ანტარქტიდაზე? - დაახლოებით 80-იანი წლების ბოლოს. პირველად დაახლოებით 4-მეტრიანი დინოზავრის ნაშთები იპოვეს, რომელთაც ანტარქტოპელტა დაარქვეს, მოგვიანებით კი 7-8-მეტრიანის. იქვე გაქვავებული ხეების ნაშთებსაც მიაკვლიეს. ცხადია, ამ ცხოველებს წონის შესაფერისი კვება სჭირდებოდათ და იკვებებოდნენ კიდეც. თეორიული დასკვნებით, ამ ზონაში მცენარეები ათჯერ დიდი მოცულობის იყო, ვიდრე ჩვენია.
- თითქოს ეს ამბავი ბიბლიურ წარღვნასაც მოგვაგონებს. - ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ გიგანტური კონტინენტის ხლეჩა მართლაც ემგვანებოდა ბიბლიურ წარღვნას. უნდა წარმოვიდგინოთ, ეს რღვევა რა ჯოჯოხეთს დაატრიალებდა.
ანტარქტიდის გიგანტური კონტინენტისგან მოწყვეტას ადასტურებს ცნობილი ქართველი ბიოლოგი არნოლდ გეგეჭკორი: - ანტარქტიდის "დედა" კონტინენტისაგან მოწყვეტა არათუ თეორია, არამედ რეალობაა. დღევანდელი ანტარქტიდა დაახლოებით იმ არეალში მდებარეობდა, სადაც დღეს ახალი ზელანდიაა. წლების წინ თავად გახლდით ავსტრალიაში, რომლის ნაწილადაც ანტარქტიდა ითვლება. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს იქაურმა პალეონტოლოგებმა დინოზავრის ნაშთი და დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ ზუსტად ასეთი სახის დინოზავრის ნაშთები უსათუოდ უნდა იყოს ანტარქტიდაში, რომელიც ავსტრალიის დაკარგული ნაწილია. თქვენ წარმოიდგინეთ, მოგვიანებით ზუსტად ამ ტიპის დინოზავრის ნამარხი მართლაც იპოვეს ანტარქტიდაზე. უფრო სარწმუნო საბუთი დედამიწის გეოლოგიური წარსულის ურთულესი პროცესებიდან არ მოიპოვება!
ეთერ ერაძე