"ჩელტა ზანდური" - უძველესი ხორბლის სახეობა თავის ადგილს იბრუნებს
ცოლ-ქმარი მერი შალამბერიძე და ლევან ოზბეთელაშვილი ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილებაში მუშაობენ, სადაც ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან - საქართველოს ენდემური (და არა მარტო ენდემური) ხორბლის სახეობების კონსერვაციასა და აღდგენას. 2017 წლის აგვისტოდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მუშაობენ პროექტზე, რომლის არსიც ის არის, რომ ერთ-ერთი ჩვენი ენდემი, "ჩელტა ზანდური" (თრიტიცუმ ტიმოპჰეევიი) თავისი ისტორიული გავრცელების არეალზე დააბრუნონ.
მერი შალამბერიძე: - მე და ჩემი მეუღლე მარცვლოვანი კულტურებისა და მივიწყებული ქართული კულტურული სახეობების კონსერვაციას უკვე 4 წელია ვემსახურებით. ცდებს ბოტანიკის ინსტიტუტის ნაკვეთზე ვატარებთ. ერთ დღეს გადავწყვიტეთ პროექტი მოგვემზადებინა და თემად ავირჩიეთ ქართული ენდემური ხორბლის სახეობა - "ჩელტა ზანდური". ეს ძალიან ძველი კულტურული ფორმაა, ერთ ადგილას არის ლოკალიზებული - დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად, რაჭა-ლეჩხუმში, თუმცა სამეგრელოსა და იმერეთშიც მოჰყავდათ. ძველ ექსპედიციებს თუ გადავხედავთ, გორის მაზრაშიც არის აღმოჩენილი, მაგრამ შერეული სახით. მოკლედ, დიდი რაოდენობით რაჭა-ლეჩხუმშია ნაპოვნი და წარმოშობის ადგილას მისი დაბრუნება გვინდოდა. პროექტით ბრიტანულ ფონდში მცირე გრანტი მივიღეთ.
- და რაჭა-ლეჩხუმში წახვედით? - დიახ, იმ სოფლების სანახავად გავემგზავრეთ, რომლებშიც ძველ დროს მეცნიერები დადიოდნენ. სულ 8 სოფელში ვიყავით, აქედან 4 რაჭის სოფელი იყო, 4 - ლეჩხუმის. ადგილი არ დაგვიტოვებია, სადაც კი "ჩელტა ზანდურის" მოძებნა შეიძლებოდა. ბოლოს მისი მარცვალი 50 წლის წინ ნახეს. დღეს საკარმიდამო ნაკვეთებზე მოსახლეობა აღარ თესავს. იმედი გვქონდა, რომ რამეს ვნახავდით, მაგრამ ვერაფერს მივაგენით. ბოლოს ცაგერში რესურსცენტრის თანამშრომელმა გვითხრა, ბაბუაჩემი თესავდა ამ ხორბალს, არ ვიცოდი, რამხელა მნიშვნელობის ყოფილაო...
- თქვენ მოწაფეებსაც შეხვდით... - ავირჩიეთ მეშვიდე-მერვეკლასელები. მათთან ლექციის შემდეგ რაიონის სოფლებში ხორბალი დავთესეთ ჩვენი ინსტიტუტის მარაგიდან. მაღალმთიანი რაიონები მოსახლეობისგან დაცლილია, სკოლებში ბავშვების რაოდენობაც შემცირებულია, თუმცა დიდი ინტერესი გამოავლინეს - ლექციებზე ოთახები გადავსებული იყო. იყვნენ მასწავლებლები და დირექციაც.
- ხორბალი სად დათესეთ? - ზოგიერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაშიც ბავშვებიც ჩაერთვნენ. ხორბლის ეს სახეობა საგაზაფხულო კულტურაა, მოსავალს ზაფხულში იძლევა. ასე რომ, რაჭა-ლეჩხუმის საცდელ ნაკვეთებზე გაზაფხულზე დათესილი ხორბლის მცირე მოსავალს ზაფხულში ავიღებთ.
საქმეში ბავშვები ხომ ჩავრთეთ, სოციალურ ქსელშიც გვერდი შევქმენით, სადაც ისინი ნაკვეთში გადაღებულ მოსავლის ფოტოებს ხშირად ტვირთავენ. დაინტერესება დიდია, რამდენიმე ბავშვი ბუნების შემსწავლელი საგნებითაც დაინტერესდა. ჩვენთვის ეს სტიმულია. მოსავალს აგვისტოში ველოდებით. პატარა ნაკვეთებია, რადგანაც მასალა იყო ცოტა...
- "ჩელტა ზანდურის" მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ. - ეს ენდემური ხორბალი დიდი ღირებულებისაა: 1) არის ჩვენი, ადგილობრივი ენდემი; 2) დაავადებების მიმართ გამძლე; 3) მარცვალში საკვები ნივთიერებების შემცველობა მაღალია; 4) მისგან გამომცხვარი პური დიდხანს ინახება; 5) მნიშვნელოვანია სასელექციოდ და სხვ. მას ბოტანიკური ბაღის საცდელ ნაკვეთზეც ვთესავთ.
დღეს მსოფლიოში სურსათი ყველაზე დიდი პრობლემაა, საკვების მარაგი იწურება. ხორბალს თესავენ, ჯიშები გამოჰყავთ, მაგრამ დიდ შედეგს არ იძლევა. მოსავალი იმის გამო მცირდება, რომ ხელოვნურად არის შექმნილი - ასეთი ხორბალი ვერ უძლებს გარემო პირობებს. "ჩელტა ზანდური" კი, როგორც გითხარით, ყველაფრის მიმართ გამძლეა.
რაჭაში მოსახლეობა მას თურმე არჯან-ხორბალს (ძვირფასი, გამძლე) უწოდებდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ზანდური ძვირფასი საბადოა, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს ქვეყანაში და უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მივიწყებული ხორბლის ჯიშის გაცოცხლება.
ამასთან, საქმეში ახალგაზრდები გვიდგანან მხარში, რაც ორმაგად სასიხარულოა.
- როგორია "ჩელტა ზანდურის" მოვლის წესები? - ძველად მას ადრე გაზაფხულზე თესავდნენ, თუმცა მერე შემოდგომითაც ითესებოდა. ერთწლოვანი მცენარეა, შემოდგომაზე დათესილი მოსავალს ივნისში იძლევა. საგაზაფხულო ფორმა აგვისტოში მოგვცემს შედეგს. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, იმიტომ, რომ მშრალ ნიადაგებსაც კარგად ეგუება. მოსული ნალექი კარგად ჰყოფნის. ჩვენ ძველ ტრადიციას დავუბრუნდით და გაზაფხულზე დავთესეთ. თუ ძალიან გვალვიანი პერიოდები არ დაემთხვევა, შესაძლებელია დღეგამოშვებით მისი მორწყვა. იმის გამო, რომ მარაგი საკმარისი რაოდენობით არა გვაქვს, მის დაგროვებას 3-4 წელი დასჭირდება.
ასე რომ, ველოდებით მოსავალს.
ლალი ფაცია