"მამა ფიზიკურად აღარ არის ჩემ გვერდით, თორემ მუდამ ჩემშია..." - გოგი დოლიძის შვილის მოგონებები მამაზე
"ხანდახან დედა წამოიძახებს ხოლმე, ახლა სუფთა მამაშენი ხარო"
"მამას რომ იხსენებენ, მხრებში ვიშლები"
ერთნი ამბობენ, ოქროსუბნელი იყო და გულიც ოქროსავით ჰქონდაო, მეორენი, სანამ ამქვეყნად სიყვარული იარსებებს, მისი ჰანგები საქართველოში არ დაავიწყდებათო... გოგი დოლიძე დღესაც ისევე უყვართ, როგორც წლების წინ. იმ ქუჩასა და სახლს, სადაც მომღერალი ცხოვრობდა, გოგი დოლიძის სახელი დაერქვა. ჩვენი რესპონდენტის ისტორიაც ამ სახლიდან იწყება. ის ცნობილი მომღერლის ერთადერთი ვაჟი - ლევან დოლიძეა. როდესაც გოგი დოლიძე გარდაიცვალა, ლევანი 10 წლის იყო, ახლა ის 32 წლისაა.
- მშობლებსა და ბებია-ბაბუასთან ერთად ვიზრდებოდი. მათი წყალობით ჩემ გარშემო მუდამ სითბო, სიყვარული და ბევრი მუსიკა იყო. გოგი ძალიან კარგი მამა იყო. საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ორივეს მუსიკაც გვიყვარდა და სპორტიც. საკუთარ თავს ყოველთვის ბოლო ადგილზე აყენებდა, პირველზე მე და დანარჩენებს. მისი მეგობრები ისეთ ისტორიებს იხსენებენ ხოლმე მამაზე, რომ გული მითბება, მხრებში ვიშლები და ამაყი ვხდები.
ერთხელ მეგობართან მისულა საავადმყოფოში მოსანახულებლად. 90-იან წლებში, იმ პერიოდში, ფულიც და მედიკამენტებიც ჭირდა. მეზობელი პალატიდან გაუგონია, რომ ავადმყოფს რომელიღაც დეფიციტური წამალი სჭირდებოდა. რამდენიმე დღეში საზღვარგარეთული გასტროლიდან დაბრუნებულს ის წამალი ჩამოუტანია და იმ პალატაში მწოლიარესთვის გაუგზავნია...
მახვილგონივრული იუმორი ჰქონდა. ამითაც ვგავართ. სახელი მან დამარქვა. ლევანჩოს მეძახდა, ლომი ხარო, მეტყოდა ხოლმე. საოცრად ყურადღებიანი იყო. ცუდი მჭამელი ვიყავი, თუ არ ვჭამდი, რაღაცას დამპირდებოდა და აუცილებლად ამისრულებდა დანაპირებს. სწავლის გამო შენიშვნებს მაძლევდა, თუმცა ქებასაც არ არიდებდა თავს, როდესაც ვიმსახურებდი.
მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. 42 წლის იყო. მახსოვს, სკოლაში მომაკითხა დეიდაშვილმა და თავისთან წამიყვანა. იმ ღამეს იქ დავრჩი, მეორე დღეს დედა მოვიდა და საშინელი ამბავი მითხრა. მას შემდეგ შევეგუე, რომ მამა ფიზიკურად აღარ არის ჩემ გვერდით, თორემ მუდამ ჩემშია...
გოგის ვიდეოს ყურებას სხვა ადამიანის თანდასწრებით, რაც უნდა ახლობელი იყოს, ვერიდები. ასეთ დროს პირად სივრცეში ყოფნა მირჩევნია.
- საერთო თვისება თუ გაქვთ თქვენ და მამათქვენს? - ამბობენ, ერთნაირი გამოხედვა და მიმიკები გაქვთო. გოგისაც შენნაირი განიერი მხრები ჰქონდაო, მეტყვიან ხოლმე. ხანდახან რაღაცას რომ ვაკეთებ, დედაჩემი წამოიძახებს ხოლმე, ახლა სუფთა მამაშენი ხარო. ერთხელ მამას ვუსაყვედურე, შენ ყველგან დადიხარ, მე კი არსად მიგყავარ-მეთქი. ჰოდა, კორსიკაზე წამიყვანა. მას შემდეგ მოგზაურობა ჩემი ჰობია. არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი.
- ბავშვობაში თქვენც მღეროდით. - მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. ძალიან მომწონდა გოგისთან ერთად სიმღერა, ოჯახშიც და სცენაზეც. გოგის შვილობა ყველა პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი კომფორტიცაა. ის ყოველთვის მაძლევდა არჩევანის საშუალებას. ვფიქრობ, რაც უნდა კარგად მემღერა, ყოველთვის გოგი დოლიძის შვილი ვიქნებოდი, მამაჩემის ჩრდილში. ამიტომ ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე და მოგვიანებით სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე ადგილობრივი თვითმმართველობის დარგში. თბილისის საკრებულოში ვმუშაობ.
ჩემი ჰობია სპორტი, ვვარჯიშობ ფიტნესდარბაზში. მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას ვგულშემატკივრობ. დაოჯახებული არა ვარ და ჯერჯერობით არც ვგეგმავ.
ეკა სალაღაია