"პარიზის არქიტექტურული ძეგლები და ბრიჟიტ ბარდოს სახლიც ოთარ ჯაყელის აშენებულია" - კვირის პალიტრა

"პარიზის არქიტექტურული ძეგლები და ბრიჟიტ ბარდოს სახლიც ოთარ ჯაყელის აშენებულია"

"მამას სიცოცხლის ბოლომდე პასპორტში ეწერა: "უსამშობლო, წარმოშობით ქართველი"

"სიკვდილის წინ მითხრა, იცოდე, ამქვეყნად ყველაზე მთავარი სამშობლოაო"

ემიგრაცია 1921 წელს ბოლშევიკებმა საქართველო გააწითლეს. იმ დროს ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით ამოქმედებული ჭიათურის მარგანეცის მოპოვებამ არნახული წარმატება ნახა, მსოფლიო ბაზრის 50% სწორედ ჭიათურიდან მარაგდებოდა. ორგანიზაციას "ჩემო" ერქვა. გასაბჭოებისთანავე მისი პრეზიდენტი, ალექსანდრე, იგივე საშა ჯაყელი, ოჯახით სტამბოლში გადავიდა. ნეპის გამოცხადების შემდეგ, საბჭოეთს გაუჭირდა და ალექსანდრეს სამშობლოში დაბრუნება სთხოვეს, რათა ძველებურად გაეგრძელებინა მუშაობა. ის დაბრუნდა...

გივი ჯაყელი: "როცა საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, კერძო საკუთრების პრობლემა დადგა. მერე სტალინმა ბაბუაჩემი, ალექსანდრე დაიბარა, ქონება დათმეო, ამისათვის რევოლვერიც კი აჩუქა. უარი რომ მიიღო, დააპატიმრეს, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ უმისოდ მარგანეცის მოპოვებისა და უცხოეთში მისი გაყიდვის საქმეს თავს ვერ მოაბამდნენ და გაათავისუფლეს. მერე ამერიკაში გაუშვეს მარგანეცის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებისთვის. ბაბუამ კი ამერიკის პრეზიდენტ ჰუვერთან შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე ილაპარაკა, სწორედ მაშინ დადგა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი. ბაბუა იქიდან აღარ დაბრუნებულა. საქართველოში ბოლშევიკების მძევლად დარჩენილი ბებია კი ბერიას შეხვდა და საზღვარგარეთ წასვლის ნებართვა სთხოვა, რაზეც ბერიას ირონიულად გაუცინია. მერე ბაბუას შეუთვალეს, ანტისაბჭოურ საქმიანობას თუ გააგრძელებ, შენი ოჯახის ლიკვიდაციის საკითხი დადგებაო".

ასე რომ, ცხრა წლის ოთარისა და მისი დედის, ნინო ხუჯაძე-ჯაყელის დარჩენა სამშობლოში სახიფათო გახდა და 1929 წელს ნინო, აჭარელი მეგობრების დახმარებით, სტამბოლის გავლით პარიზში ჩავიდა, იქიდან კი დედა-შვილი ბელგიაში გაემგზავრა და ბრიუსელში დასახლდნენ. მათ ხშირად სტუმრობდნენ ქართული ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწეები, მეცნიერები, უცხოელი ქართველოლოგები. ექვთიმე თაყაიშვილი პატარა ოთარს ქართულ ენასა და ისტორიას ასწავლიდა.

"მამა 16 წლის იყო, როცა მშობლები დაეღუპა. მამას ძმა, კუკური ჯაყელი, ინგლისში წავიდა გასაბჭოებამდე. მეორე ძმა ჩილეში ცხოვრობდა, მესამე ძმა ბათუმის აჯანყების შემდეგ გაუჩინარდა, ალბათ, დახვრიტეს. მათ სჯეროდათ, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდებოდნენ".

მშობლების გარდაცვალების შემდეგ უსახსროდ დარჩენილი ოთარი ერთ-ერთი მონასტრის გულმოწყალე ბერებს შეეკედლა. ახალგაზრდამ ბრიუსელის არქიტექტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და საფრანგეთის"უცხოურ ლეგიონში მოხალისედ ჩაეწერა.

ლეგიონი

უცხოურ ლეგიონში გაიცნო პრინცი ანრი ორლეანელი, იტალიის მეფის ადიუტანტი. ლეგიონში 60-მდე ქართველი იყო.

"მამას სიცოცხლის ბოლომდე პასპორტში ეწერა: "უსამშობლო, წარმოშობით ქართველი". უცხოურ ლეგიონში შეხვდა ოფიცერ დავით შალიკაშვილს - მან სიის ამოკითხვისას ქართული გვარი რომ გაიგონა, კაბინეტში დაიბარა და გადაიყვანა იმ რაზმში, რომელიც პრინცს იცავდა.

ომის დამთავრების შემდეგ მამამ ბელგიაში ატელიე გახსნა. პირველ სართულზე არქიტექტურული სამსახური იყო, მეორეზე - სამშენებლო. 1955 წელს აფრიკაში შესთავაზეს სამუშაო. კონგოში ამერიკელების დაფინანსებით ააშენა ერთ-ერთი აეროდრომი, სკოლები, საავადმყოფოები. მალე ცოლად შეირთო საფრანგეთში, ემიგრაციაში დაბადებული ქართველი პიანისტი, ეთერ რუხაძე. დედ-მამას სამი შვილი, მე, ჩემი და, თამრიკო და ალექსი შეეძინა. ფრაგმენტულად მახსოვს კონგოში გატარებული ბავშვობა და ფერადკანიანი ძიძა. პატარა ვიყავი, კათოლიკე მისიონერმა რომ მომნათლა. ნათლიები მსოფლიო მასშტაბის განგსტერები მყავდა, ერთი - ესპანელი, მეორე - რუმინელი. ომის დროს ჩემს რუმინელ ნათლიას დიდი გმირობა ჩაუდენია და მთავრობამ მადლიერების ნიშნად აეროპორტის მმართველად დანიშნა, მას კი მეორე დღესვე მიუყიდია აეროპორტში არსებული იარაღი მტრისთვის. სწორედ ამის გამო აფარებდა თავს კონგოს.

მამამ ხუთი წელი იმუშავა კონგოში და დიდი ქონება დააგროვა. 1960 წელს რევოლუცია მოხდა. არეულობის პერიოდში მამას შავკანიანები ემტერებოდნენ. იარაღი გვქონდა, ეს იცოდნენ, მაგრამ ჩვენთან ახლო მცხოვრებმა შავკანიანებმა არ გაამხილეს, სად ინახავდა იარაღს. ერთ დღესაც მამას ისეთ დროს მიაკითხეს, როცა უიარაღოდ იყო. გავიდა და უშიშრად ელაპარაკა, ფაქტობრივად, ჯარს. მათი ფსიქოლოგია კარგად იცოდა, აგრძნობინა, რომ არ ეშინოდა და ამან არაერთხელ გადაგვარჩინა".

ოთარ ჯაყელმა აფრიკაში დიდი კაპიტალი კი დააგროვა, თუმცა ლუმუმბას რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე სიტუაცია აირია და იქაურობის დატოვება მოუხდა. დიდი ქონებიდან მხოლოდ ერთი ჩემოდანი დარჩათ. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ცხოვრება ახლიდან დაიწყეს. პარიზი

მერე ისევ აღმასვლა დაიწყო. ოთარ ჯაყელი პარიზის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ დანიშნეს.

"ერთი ჩემოდნით მოვხვდით პარიზში, გარეუბნებში კარდაკარ ვაკაკუნებდით. ჟონ სელიემ, უკეთილშობილესმა კაცმა, შეგვიკედლა და სახლი შუაზე გაგვიყო. მალე სამეზობლოც დაგვიმეგობრდა. ფეხის გასაწმენდი ტილოს ქვეშ გვხვდებოდა ფული, ვისგან, არასოდეს ვიცოდით.

მამამ ჯერ მუშად დაიწყო მუშაობა. მერე პარიზის მთავარმა არქიტექტორმა დელაჟმა დაუძახა და უთხრა, ყველაფერს ჩემი სახელით გააკეთებო, რადგან ისევ და ისევ პასპორტის პრობლემა ჰქონდა.

მამას დაპროექტებულია პარიზში ანატომიის მუზეუმი, ძალიან ბევრი ტაძარი და ქარხანა.

მერე მამამ თავისი სახელოსნო შექმნა. ერთხელ ბრიჟიტ ბარდო მისულა, სახლის დაპროექტება და აშენება უნდოდა. მის თანამშრომლებს თავი გამოუდვიათ, წავალთ, ზომებს ავიღებთო, მაგრამ მამამ არ დაანება და თავად წაჰყვა ბარდოს. მისი სახლის ინტერიერიც მამამ გააფორმა". "

ფესვებთან დაბრუნება

60-იან წლებში ოთარ ჯაყელის კარიერა ზენიტს აღწევს და სწორედ ამ დროს ოჯახში იწყება ლაპარაკი სამშობლოში დაბრუნებაზე. ცოლ-ქმარს შეაქვს განცხადება საბჭოთა საელჩოში. ერთ დროს საქართველოში ეპოქის შემქმნელი ჯაყელების შთამომავალმა პარიზშიც შექმნა ეპოქა, ტრიუმფალური თაღი კი მაინც საქართველოში წარმოედგინა...

"ერთხელ რესტორნიდან ქართული სიმღერა შემოესმა, ამბობდა, მაშინ ისე ვიგრძენი საქართველოში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი, როგორც არასდროსო. 1968 წელს გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება. აქ ის რეალობა არ დაგვხვედრია, რასაც გვპირდებოდნენ. პირიქით, დიდი პრობლემები შეგვიქმნეს კომუნისტებმა. მამას სამსახური არ მისცეს, დედამ კი დაიწყო კონსერვატორიაში მუშაობა, მაგრამ მაინც გამოაგდეს. ჩემს მშობლებს მუდმივად დაჰყვებოდა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი, მაგრამ მამა მაინც ვერ გატეხეს. ნათესავებმა შეგვიფარეს ორი წლის განმავლობაში. გავიდა ხანი და სალექციო საათები მისცეს. სტუდენტები იყვნენ მამას მეგობრები ბოლომდე. ამან გააძლებინა...

ერთხელ სტუდენტს უკითხავს, მართალია, საფრანგეთში რომ ცივდებიან, იხოცებიან, რადგან წამლები არ აქვთო?..

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთიდან მიწვევა მიიღო. ანრი ორლეანელმა მას სასახლეში ვახშამზე უმასპინძლა. გაიხსენეს ლეგიონში თავს გადახდენილი ისტორიები. ეს ფოტო ავტოგრაფით მამას სწორედ იმ დღის სამახსოვროდ უსახსოვრა პრინცმა... როცა ცუდად გახდა, საფრანგეთში წავიდა. იქ არაბ ექიმს უთქვამს, დროზე დაბრუნდი საქართველოში, ბილეთი გადაცვალე და ათი დღით ადრე წადიო. როცა ჩამოფრინდა, ზუსტად ათ დღეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მითხრა, იცოდე, ამქვეყნად ყველაზე მთავარი სამშობლოაო. "

ლუკა ადიკაშვილი, შვილიშვილი: "მოგონებები ბაბუაზე ჩემი ცხოვრების ცხრა წელს მოიცავს. ძალიან პრინციპული იყო. ამის გამო დაიჭრა კიდეც, როცა დედამისთან ერთად ტოვებდა საბჭოთა საქართველოს. ერთ ღამეს დედამისს შესცივებია და ვისაც საზღვარზე უნდა გადაეპარებინა, მისთვის უთქვამს ბაბუას, ცეცხლი აანთეთ, დედას სცივაო. შეეშინდა იმ კაცს და უარი უთხრა. ბაბუას მამამისის იარაღი ჰქონია თან და მუქარით აანთებინა. სწორედ მაშინ ესროლეს მესაზღვრეებმა და დაიჭრა.

ზღვა უყვარდა, მაგრამ მეზღვაური ვერ გახდებოდა, სათვალეს ატარებდა. ბელგიაში გემი აუგია. ბელგიის პრინცესას მოუნდომებია ყიდვა, მაგრამ ყოყმანობდა. ამიტომ ბაბუამ ინგლისში გადაცურ-გადმოცურა, რომ გემის საიმედოობაში დაერწმუნებინა. მერე იყიდა პრინცესამ ბაბუას აგებული გემი.

გასულ წელს ამერიკის ყოფილ ელჩს შევხვდი... მე ჯონ შალიკაშვილთან ვმეგობრობდიო. მე ამაყად ვუთხარი, ბაბუაჩემიც მსახურობდა შალიკაშვილის ბიძის ლეგიონში-მეთქი და ვიციო... მის შესახებ ამერიკაშიც რომ იცოდნენ, მეამაყება".

თავბრუდამხვევი კარიერა, მაღალი წრის სამეგობრო, ასეთი იყო პარიზის არქიტექტურული ძეგლების შემქმნელის, ოთარ ჯაყელის ცხოვრება, თუმცა ფესვებს მაინც დაუბრუნდა. მისი უკანასკნელი სიტყვებიც საქართველოს ეხებოდა. შვილს სამსიტყვიანი ანდერძი დაუტოვა: "სამშობლო, სამშობლო და კიდევ ერთხელ სამშობლო".

თორნიკე ყაჯრიშვილი