ვაზს მთვარესა და მარსზე გაახარებენ?!
კოსმოსური სააგენტოები სპეციალურად მოწყობილ სათბურში სწავლობენ, მთვარე-მარსის ზედაპირზე რამდენად გაიხარებს სხვადასხვა მცენარე. ამბიციურ ნაბიჯს დგამს საქართველო - იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, რათა კოსმოსში ქართული ვაზის მოშენების პერსპექტივებიც შეისწავლონ. გვესაუბრება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი, პროექტ "მეცხრე მილენიუმის" ავტორი მიხეილ ბატიაშვილი.
"ჯერ მთვარე, შემდეგ მარსი"
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, კომპანია HP INC.-ის დახმარებით, სპეციალურად NASA-ს პროექტისთვის შარშან ტექნიკური ბაზა შეიქმნა. მისი ამოცანა NASA-ს კვლევებისა და პროექტების ფარგლებში ტექნიკური შესაძლებლობების შექმნაა. ამის შემდეგ ლოგიკურია ვიფიქროთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა საქართველოც ჩაერთოს თანამედროვე კოსმოსურ პროექტებში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი დათო ლორთქიფანიძე, ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA/ESTEC/SPACE EXPO-ს ქართველი თანამშრომელი დალი უბილავა დე გრააფი, კომპანია "მაიკროსოფტის" წარმომადგენლები და დავიწყეთ ფიქრი კოსმოსური კვლევების ბიოლაბორატორიის შექმნაზე, რომლის გახსნა სექტემბერში იგეგმება.
გადავწყვიტეთ, მსოფლიოს სხვადასხვა კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობა დავიწყოთ ვაზის ჯიშების შეტანით მთვარისა და მარსის პროგრამების ფარგლებში შერჩეული ფლორის ჩამონათვალში. რატომ ვაზი? ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და გადავწყვიტეთ, ვაზის კოსმოსში, ანუ მთვარისა და მარსის ექსტრემალური პირობებისთვის მოსინჯვა.
დღეს, როცა ლაპარაკია მთვარისა და მარსის ათვისების პროგრამებზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სხვადასხვა კულტურის გაშენება, მაგალითად, პერუში (აგროსფეროში, განსაკუთრებით კარტოფილის მოყვანაში, წამყვანია) NASA-ს ლაბორატორიაც აქვს, სადაც მუშაობენ სხვადასხვა კულტურის გამოყვანაზე კოსმოსთან ადაპტირებულ პირობებში... ჩვენთან შეიქმნება ორი ლაბორატორია, რომლებიც იმუშავებენ ვაზის ჯიშების გამოყვანაზე კოსმოსურ პირობებთან ადაპტირებულ გარემოში.
- პროექტს ვინ აფინანსებს? - ლაბორატორიები საკმაოდ ძვირად ღირებულია და თანხების მასშტაბიც ყოველწლიურად გაიზრდება. პირველ ეტაპზე ლაბორატორიებს ჩვენი რესურსებით ვქმნით, მაგრამ ამას განვითარება სჭირდება, რამდენიმე ასეულ ათას ლარზეა ლაპარაკი. კოსმოსის ათვისების პროექტით კერძო სექტორია დაინტერესებული, მთავრობა არ აფინანსებს. პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თავის პარტნიორებთან ერთად.
- რა პერიოდია საჭირო, რომ კოსმოსში გავამგზავროთ ჩვენი ვაზი და რომელი ჯიშის გაშენებას გეგმავთ? - პირველი ეტაპი იქნება ტექნიკური ბაზების შექმნა მთვარესა და მარსზე. ვაზის მოშენებისთვის მზაობა სხვადასხვა ლაბორატორიამ, კოსმოსურმა სააგენტოებმა უნდა დაადასტურონ, რომ ის კოსმოსში არსებობას შეძლებს. ვარაუდობენ, რომ დაკვირვებებისთვის და პირველი ხელშესახები შედეგებისთვის დაახლოებით ათი წელიწადი იქნება საჭირო. რაც შეეხება ვაზის ჯიშს, ამაზე ჯერ არ არის საუბარი.
- საქართველო საკმაოდ ჩამორჩება თანამედროვე კოსმოსურ სიახლეებს, თუ გეგმავთ მომავალში საგანმანათლებლო პროექტებს? - ამ პროექტში სტუდენტებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. ისინი იქნებიან პირველი ქართველები, რომლებიც ჩვენს ვაზს კოსმოსში გაგზავნიან. დღეს კოსმოსის ათვისება მხოლოდ ხომალდების გაშვება არ არის, ეს გულისხმობს სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს, მაგალითად, ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტი იყო მარსის ათვისებაში არქიტექტურის მხრივ ჩვენი ხედვა, რომელიც NASA-ში გავგზავნეთ. ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოში შევქმნათ კოსმოსური სააგენტო. თუ ვაზის კოსმოსური პირობებისთვის ადაპტირების პროექტი წარმატებით დაიძვრება და წლის ბოლომდე სააგენტოს შექმნასაც დავასრულებთ, იმედია, კიდევ რამდენიმე პროექტში მივიღებთ მონაწილეობას.
- წამყვანი კოსმოსური სააგენტოების ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის საერთო ბიუჯეტს მრავალჯერ აღემატება. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში კოსმოსური სააგენტოს შექმნა?
- მთავარია, სწორად ავირჩიოთ პრიორიტეტი, თემები და ყველაფერი შესაძლებელია. კოსმოსური ხომალდების წარმოებაზე საუბარი არარეალურია, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საკითხებზე, რომელთა რეალიზება საქართველოში შესაძლებელია. ასეთია მთვარესა და მარსზე ვაზის გატანის პროექტი, რომელსაც "მეცხრე მილენიუმი" დავარქვით...
ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA/ESTEC/SPACE EXPO-ს თანამშრომელი დალი უბილავა დე გრააფი ამ ამბიციურ პროექტს ჰოლანდიიდან ეხმაურება: - მე ახლა ვიმყოფები "კოლუმბუსის" ტესტმოდელში - ეს არის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი, ანუ ESA-ს მოდული - უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მფრინავი ლაბორატორია. სწორედ აქ, "კოლუმბუსში" ხდება მეცნიერების თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევები სხვა ლაბორატორიებთან თანამშრომლობით. "კოლუმბუსში" ყოფნა ჩემთვის ასოცირდება იმ ნოვატორულ და ამბიციურ იდეასთან, რომლის ინიციატორიც გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. საქართველო არ შეიძლება დააკლდეს თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს, რადგანაც თითქმის მთელი მსოფლიოა ჩართული ამ პროცესში, რათა უკეთესი მომავლისთვის ვიღვაწოთ. კოსმოსური მეცნიერების ისტორიაში ცნობილი ფაქტია, რომ მასში ინვესტირებული უზარმაზარი თანხები კაცობრიობას უკვე ექვსმაგად აქვს ამოღებული: სხვადასხვა მეცნიერების, მედიცინის განვითარებისა და თუ გნებავთ, დღევანდელი ყოველდღიურობის კომფორტის დონით. იდეა ვაზის კულტურის მოშენების შესაძლებლობისა კოსმოსურ პირობებში მისასალმებელია. უფრო მეტიც, დღეს, სახელმწიფო სექტორის გარდა, კერძო სექტორის კოსმოსური ინვესტიციებით დაინტერესება ინვესტორისთვის მიმზიდველი და ძალიან აქტუალურია. ევროპის კოსმოსური სააგენტო აერთიანებს 22 ქვეყანას და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ 22 ქვეყნის დროშას ჩვენი ქვეყნის დროშაც შეემატება.
ნინო წიფურია