"ინტრიგების ხლართვა მხოლოდ ეკრანზე ან სცენაზე მხიბლავს, ცხოვრებაში არა"
რა ასოციაციას, ემოციას იწვევს ესა თუ ის სიტყვა და რა მოგონებას აღძრავს ის - მსახიობი სოფია სებისკვერაძე სიტყვათა ჩამონათვალზე სხვადასხვა ამბავსა და ეპიზოდს ჟურნალ "გზასთან" იხსენებს.
პირველი დიდი სცენა, როლი...
- 13 წლის ვიყავი, როცა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პოლიკარპე კაკაბაძის "სამ ასულში" ერთ-ერთი დის როლს ვასრულებდი. რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი იყო, რამდენიმე გოგონა შეგვარჩია და დაგვამტკიცეს. სპექტაკლში პროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობდნენ. თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სცენაზე დავდექი, რადგან ბავშვობიდან ხან ვმღეროდი, ხან ვცეკვავდი... გარდა ამისა, სამსახიობო პროფესიას პირველად ბავშვთა მუსიკალურ თეატრში სიარულისას შევეხე, ჩვენი ხელმძღვანელი მარინა ტყაბლაძე იყო.
აფიშა...
- აფიშასთან ის სპექტაკლები ასოცირდება, რასაც ვთამაშობ. თეთრი ქაღალდი წითელი ასოებით.
ეპიზოდი...
- სცენაზე დგომა ან გადაღებაზე ყოფნა ყოველთვის ძალიან ემოციურადაა დატვირთული. ბოლოდროინდელ ამბავს გავიხსენებ: ახმეტელის თეატრში გვაქვს სპექტაკლი - "დედა", რომელიც ომის თემატიკაზეა. ბოლო სცენა იყო დარჩენილი, როცა დენი გაითიშა, მსახიობები სცენაზე დავრჩით, ხოლო სცენის ბიჭებმა და ხალხმა ფარნები მოგვანათეს. თემატურად ეს ძალიან მოუხდა და იმ სიჩუმეში ვითამაშეთ. ეს ყველაფერი ემოციური და შთამბეჭდავი იყო, მაყურებელსაც ძალიან მოეწონა.
ადამიანი, რომლისგანაც ყველაზე მეტი რამ ვისწავლე...
- კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, რადგან ჩემს ცხოვრებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. შეიძლება, პირადად არც კი ვიცნობდე, მაგრამ მისი ლექციები მომისმენია ტელევიზიით თუ ინტერნეტით. შეიძლება ეს იყოს მწერალი, პუბლიცისტი თუ სხვა. ამ შემთხვევაში, მშობელს არ ვგულისხმობ, რადგან ეს კიდევ უფრო სხვა რამეა, უფრო შენიანია.
ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად დამეხმარა ცხოვრებაში...
- დედა და ჩემი შვილი.
სასურველი როლი...
- ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის პერსონაჟებს ვითამაშებდი. ამ დროს საკუთარ თავშიც სხვა თვისებების აღმოჩენას იწყებ და ეს საინტერესოა. კონკრეტული კლასიკური პერსონაჟების თამაშზე ბავშვობისას უფრო ვოცნებობდი, ახლა მთავარია, საინტერესო და განსხვავებული იყოს, კარგი სახე გამოვიდეს.
ქალში მთავარია...
- ბედნიერების აღქმა იცოდეს, ეს უნარი ჰქონდეს, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ბედნიერად იგრძნოს თავი. გაგრძელება