რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი
ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი დაიბადა მოსკოველი დიდებულის ოჯახში. მამამისი ვასილ ივანის ძე სუვოროვი გენერალ-ანშეფი გახლდათ.
ალექსანდრე სუვოროვი იზრდებოდა ისე, როგორც დიდებულის ვაჟს შეეფერებოდა. სუვოროვებს კარგი საოჯახო ბიბლიოთეკა ჰქონდათ და მომავალი ფელდმარშალი იქ თავისთვის ბევრ საინტერესო წიგნს პოულობდა: პლუტარქეს, კორნელიუს ნეპოტს, ჰომეროსს, იულიუს კეისარს... ამ ავტორთა წიგნების შესწავლა მომავალში მას ძალიან გამოადგა.
ყმაწვილ სუვოროვზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჰანიბალმა - კართაგენელმა სარდალმა, რომელმაც ლამის მუხლებზე დასცა მთელი რომის იმპერია.
ალექსანდრე სუვოროვის ბაბუა ივან სუვოროვი პრეობრაჟენსკის პოლკის ლაიბგვარდიაში მსახურობდა. სუვოროვის დედა ევდოკია სუვოროვა (ქალიშვილობის გვარი მანუკოვა) გარუსებული სომხის ოჯახიდან იყო. ის კარგად იცნობდა სომხურ და რუსულ ეპოსებს და ახალგაზრდა სუვოროვმა მისგან ბევრი რამ ისწავლა. დედის დამსახურება გახლდათ სუვოროვის დახვეწილი მეტყველება და იუმორის შესანიშნავი გრძნობა, კარგად ერკვეოდა ლეგენდებსა და მითებშიც. ეს დაეხმარა სუვოროვს, როცა წერდა "გამარჯვების მეცნიერებას", "სუზდალურ ჩანაწერებს", წერილებსა და პატარა მოთხრობებს. ახალგაზრდობისას გამხდარი და ავადმყოფური აღნაგობისა იყო, ამიტომ მამა მისთვის სამოქალაქო კარიერას გეგმავდა, სუვოროვს კი სურდა სამხედრო პირი გამოსულიყო.
1742 წელს იგი ჩაირიცხა სემიონოვსკის პოლკში რიგით ჯარისკაცად. სუვოროვმა მომაგრება და ფორმაში ჩადგომა მოახერხა, მისგან კარგი ჯარისკაცი დადგა. 1754 წელს ოფიცრის წოდება მიანიჭეს, ხოლო საბრძოლო ნათლობა - შვიდწლიან ომში (1756-1763) მიიღო. რუსეთი პრუსიას ებრძოდა, ორივე მხარის ჯარები ფართო ფრონტად იყვნენ გაშლილი აღმოსავლეთ ევროპაში. არმიები სასტიკი ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ. მანამდე კი წვრილ-წვრილ თავდასხმებს უწყობდნენ ერთმანეთს.
სუვოროვს კაზაკთა ასეული მისცეს და უბრძანეს, პრუსიელებისთვის ეთვალთვალა. იმ კორპუსის განლაგებიდან, სადაც სუვოროვი მსახურობდა, ახლოს იყო პატარა პრუსიული ქალაქი ლანდსბერგი, მნიშვნელოვანი მდებარეობით. სუვოროვმა მისი აღება სცადა. როცა ასეულის მეთაურმა სთხოვა, ის მაინც გაეგოთ, რამდენი პრუსიელი იცავდა ქალაქს, სუვოროვმა უპასუხა, - ჩვენ მოვედით, რათა კი არ ვითვალოთ, არამედ გავანადგუროთო. და მოახერხა კიდეც ქალაქის დაკავება.
სუვოროვი მონაწილეობდა კუნერსდორფის ბრძოლაში და ბერლინის აღებაში 1759 წელს. 1761 წელს ის უფრო მოზრდილ დანაყოფს სარდლობდა. ამ დროისთვის მას უკვე მამაც და გონიერ მხედრად მიიჩნევდნენ. ერთი წლის შემდეგ ასტრახანის ქვეითი პოლკის მეთაურად დანიშნეს, ხოლო მომდევნო წელს - სუზდალის პოლკისა. სუვოროვს პრუსიასთან ომმა ბევრი რამ ასწავლა, რუსეთი ხომ გამოჩენილი სარდლის - ფრიდრიხ II-ის წინააღმდეგ იბრძოდა. 1768 წელს სუვოროვის სუზდალის პოლკი პოლონელ კონფედერატთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაიგზავნა. ლანდსკრონთან და სტოლოვიჩასთან გამარჯვების შემდეგ რუსეთის ჯარმა დაიკავა კრაკოვი (1772 წლის 15 აპრილი). გამარჯვებული სუვოროვი პეტერბურგში უკვე გენერალ-მაიორის ჩინით დაბრუნდა და ის რუსეთ-შვედეთის საზღვარზე გაამწესეს.
შემდეგ იმსახურა დუნაის არმიაში, რომელსაც გენერალი პიოტრ რუმიანცევ-ზადუნაისკი სარდლობდა. 1773 წელს სუვოროვმა თურქების ციხესიმაგრე ტურტუკაი აიღო. რუმიანცევს არმია შეტევაზე არ გადაჰყავდა. მართალია, რუსებმა ლარგასა და კაგულის ბრძოლები მოიგეს, მაგრამ შემდეგ დროებით შეფერხდნენ. სუვოროვმა მთავარსარდლის ბრძანების გარეშე წამოიწყო მტერთან ბრძოლა და ძლიერი იერიშით აიღო ტურტუკაი. ბრძანების შეუსრულებლობისთვის გაგულისებულმა რუმიანცევმა მისი დათხოვნა მოინდომა, მაგრამ დედოფალმა ეკატერინე II-მ უარი უთხრა. რამდენიმე დღეში სუვოროვმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა: 3 სექტემბერს მან თურქები გირსოვოსთან დაამარცხა. 1774 წლის 9 ივნისს კი გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწია კოზლუჯესთან ბრძოლაში. სუვოროვის ამ გამარჯვებებმა დიდი გავლენა მოახდინა ომის მსვლელობასა და ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადებაზე.
თურქეთთან ომის შემდეგ სუვოროვი მსახურობდა გენერალ პიოტრ პანინთან, რომელიც აჯანყებულ კაზაკ ემელიან პუგაჩოვს ებრძოდა 1773-1775 წლებში. 1779 წელს სუვოროვი ყუბანისა და ყირიმის ჯარებს სარდლობდა, იცავდა ტავრიდის ნახევარკუნძულს თურქეთის დესანტის შესაძლო თავდასხმისგან. ამავე წელს მალოროსიის დივიზიის სარდლობა მიიღო, ხოლო 1782 წელს - ყუბანის კორპუსისა.
რუსეთისა და ყირიმის გაერთიანების შემდეგ სუვოროვს ნოღაელი თათრები უნდა დაეპყრო, რაც არ გაძნელებია. 1786 წელს ის გენერალ-ანშეფი გახდა და კრემენჩუგის დივიზიას ჩაუდგა სათავეში. რუსეთ-თურქეთის ომის (1787-1791) დროს სუვოროვი კორპუსს სარდლობდა. ამ ომის ერთ-ერთი ეპიზოდისას მას უნდა დაეცვა მეტად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე კინბურნი. ციხესიმაგრეს მარცხნივ შავი ზღვა ესაზღვრებოდა, წინ - ვიწრო ქვიშიანი მეჩეჩი, მარჯვნივ კი - ქალაქი დნეპროპეტროვსკი. სუვოროვს თურქებისთვის საშუალება არ უნდა მიეცა, დნეპროპეტროვსკის ლიმანში (თავთხელი ყურე მდინარის შესართავთან) შესულიყვნენ.
თურქებმა ორმოცდათექვსმეტი ხომალდი მიაყენეს კინბურნის ნახევარკუნძულს და რუსებს ცეცხლი დაუშინეს. შემდეგ ჯარი სანაპიროზე გადმოსხეს. თურქებს ფრანგი ოფიცრებიც ეხმარებოდნენ. სუვოროვი ეკლესიაში ლოცულობდა, როცა თურქების დესანტის შესახებ შეატყობინეს და გენერალმაც ჯარს სასწრაფოდ მომზადება უბრძანა. თურქები სუვოროვს "თოფალ ფაშას" (კოჭლი ფაშა) უწოდებდნენ, რადგან იმ დროს ფეხი სტკიოდა და კოჭლობდა. ამ ბრძოლისას რუსი სარდალი დაიჭრა, მაგრამ მოახერხა მრავალრიცხოვანი მტრის შეკავება მაშველი რაზმების მოსვლამდე. მალე რუსებმა კონტრშეტევას მიმართეს და თურქებს უკან დაახევინეს. სუვოროვმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. შემდეგ სუვოროვმა ოჩაკოვი აიღო (1788).
ოჩაკოვის ბრძოლისას რუსთა არმიას გრიგორი პოტიომკინი მეთაურობდა. როცა თურქები ციხესიმაგრიდან გამოუხტნენ რუსთა ერთ-ერთ რაზმს და თითქმის მთლიანად მოსრეს, სუვოროვმა ჯარი შეტევაზე გადაიყვანა. თურქები გაიქცნენ. რუს სარდალს სურდა, გაჰკიდებოდა და ოჩაკოვში შეჭრილიყო, მაგრამ პოტიომკინი არ დაეხმარა ერთი რაზმითაც კი და უკანდახევა უბრძანა. პოტიომკინი მეტისმეტად გაუბედავად მოქმედებდა და რუსები შეტევაზე არ გადადიოდნენ. მალე მთავარსარდალი იძულებული გახდა, ოჩაკოვის შტურმი დაეწყო. რუსებმა ციხესიმაგრე აიღეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ.
სუვოროვი 1789 წელს თურქებს შეებრძოლა ფოქშანთან. პოტიომკინის არყოფნის გამო, სარდლის მოვალეობას გენერალი რეპნინი ასრულებდა. მაშინ რუსების მხარეს იბრძოდნენ ავსტრიელები, რომლებიც თურქეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ მეთაურობდა პრინცი ფრიდრიხ იოსია კობურგი, რომელსაც 18 ათასი მეომარი ჰყავდა. თურქებს ოსმან-ფაშა მეთაურობდა 30-ათასიანი არმიით.
რუსები და ავსტრიელები ერთობლივი ძალებით დაესხნენ თურქების ბანაკს თავს და გაანადგურეს. ბრძოლისას თურქებმა ისე განალაგეს არტილერია, რომ ზურგში ჭაობი მოექცა და მტერს იქიდან შემოტევის შესაძლებლობა მოუსპეს. წინიდან რუსები ვერ შეუტევდნენ, რადგან თურქთა არტილერია ძალიან ძლიერ დარტყმას აყენებდათ. სუვოროვი ჭაობს არ შეუშინდა და ჯარისკაცები მასზე მაინც გადაიყვანა. რუსებმა ხელთ იგდეს თურქების ზარბაზნები. ფოქშანის შემდეგ სუვოროვი ოსმალეთის იმპერიის ძალებს რიმნიკთან შეება 1789 წლის 22 სექტემბერს.
რუს სარდალს ჯარი ძალიან სწრაფად დაჰყავდა. უყვარდა მტერზე მოულოდნელად თავდასხმა. რიმნიკთანაც ასე მოხდა. რიმნიკი პატარა ქალაქი იყო. მის მახლობლად თურქეთის ასიათასიანი არმია განლაგდა, დიდი ვაზირისა და სერასკერის, იუსუფ-ფაშას მეთაურობით. სუვოროვი 25-ათასიან რუსულ-ავსტრიულ ჯარს სარდლობდა.
თურქები დარწმუნებული იყვნენ გამარჯვებაში და დიდი სიფხიზლე არ გამოუჩენიათ. რუსები და ავსტრიელები გამთენიისას მოულოდნელად დაესხნენ თავს, ხიშტებით წამოვიდნენ. თურქები სასტიკად დამარცხდნენ, თითქმის 20 ათასი კაცი დაკარგეს (მათგან დიდი ნაწილი მდინარეში დაიხრჩო), რუსებმა და ავსტრიელებმა კი - 700-800. სუვოროვმა ამ ბრძოლებში გამარჯვებისთვის წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენი მიიღო, ავსტრიის იმპერატორისგან კი საღვთო რომის იმპერიის გრაფობა ებოძა.
თურქთა მნიშვნელოვან ციხესიმაგრე - იზმაილს სუვოროვმა ალყა 1790 წლის დეკემბერში შემოარტყა. ეს სუვოროვის ბრძოლებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და უფრო დაწვრილებით აღწერას მოითხოვს. იზმაილის 35 ათასამდე ჯარისკაცი და ორასი ზარბაზანი იცავდა. გარშემო ღრმა თხრილი ჰქონდა შემოვლებული და დიდი მიწაყრილი აზვინული. ციხესიმაგრის კედლები ექვსი ვერსის სიგრძეზე გაჭიმულიყო. რუს სარდლებს იზმაილი ვერ აეღოთ. აქ იყვნენ პოტიომკინი და კუტუზოვიც. სუვოროვმა მიწაყრილის მოწყობა ბრძანა და ჯარისკაცები მასზე ასვლაში ავარჯიშა. ასწავლიდა, როგორ უნდა აცოცებულიყვნენ. თურქებს მძლავრი ციხესიმაგრე ჰქონდათ - "ორდუკალესი" (სამხედრო ციხესიმაგრე - ასე ეძახდნენ თურქები იზმაილს). ის 1774 წელს გერმანელმა და ფრანგმა ინჟინრებმა განაახლეს. სიმაღლე 6-დან 8 მეტრამდე ჰქონდა. დასავლეთ მხარეს ძველ ციხეს ეძახდნენ, აღმოსავლეთ მხარეს - ახალს. სამხრეთიდან მდინარე დუნაი იცავდა, რომელიც ამ მონაკვეთზე თითქმის ნახევარი კილომეტრის სიგანისა იყო.
რუსეთის არმია 21 ათას ჯარისკაცს ითვლიდა, 600 ზარბაზანი ჰქონდათ, მაგრამ საალყო არტილერია - არა. საველე არტილერიას კი საბრძოლო მასალები აკლდა. მიუხედავად ამისა, სუვოროვმა ციხის შტურმი გადაწყვიტა. სუვოროვის ბრძანებით, რუსებს სამ ფრთად, სხვადასხვა მხრიდან უნდა შეეტიათ. თავის მხრივ, თითოეულ ამ ფრთაში სამი კოლონა იქმნებოდა. მარჯვენა ფრთიდან გენერალ-მაიორების: სერგეი ლვოვის, ფიოდორ მეკნობისა და ლასიის კოლონები იდგნენ, გენერალ-პორუჩიკ პაველ პოტიომკინის საერთო ხელმძღვანელობით. მარცხენა ფრთას შეადგენდნენ გენერალ-მაიორ მიხაილ გოლენიშჩევ-კუტუზოვის, ბრიგადირების - მატფეი პლატოვისა და ვასილი ორლოვის კოლონები. მათ გენერალ-პორუჩიკი ალექსანდრ სამოილოვი სარდლობდა.
დუნაის მხრიდან სამ კოლონას გენერალ-მაიორი იოსიფ დე რიბასი მეთაურობდა (ცხრა ათასი კაცი ფლოტილიის ნავებში და ხომალდებში). კოლონებს აქ გენერალ-მაიორი ნიკოლაი არსენიევი, ბრიგადირი ჩეპეგა და გვარდიის მაიორი მარკოვი მეთაურობდნენ. მთავარი დარტყმა დე რიბასის ფლოტილიასა და სამოილოვის კოლონებს უნდა მიეყენებინათ. ამ ნაწილებში სუვოროვმა ყველაზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. 2500-კაციანი კავალერია ბრიგადირ ფიოდორ ვესტფალენის ხელმძღვანელობით რეზერვს წარმოადგენდა.
10 დეკემბრიდან დაიწყო ციხესიმაგრის დაბომბვა ხმელეთიდან და მდინარიდან, მეორე დღის 5:30 საათზე არმიამ შტურმის ბრძანება მიიღო. ბრძოლა ციხესიმაგრის ბასტიონების დასაკავებლად დილის 8 საათამდე გაგრძელდა. თურქთა გარნიზონმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია რუსებს, ყველაზე ძალიან მეოთხე და მეხუთე კორპუსი ზარალდებოდა. ჯარის ამ ნაწილებს ცუდად შეიარაღებული კაზაკები შეადგენდნენ. მეოთხე კორპუსის ავანგარდმა ვასილი ორლოვის მეთაურობით ერთი ბასტიონი დაიკავა.
თურქებმა მათ ფლანგიდან შეუტიეს, რათა მათი ნაწილი კოლონიდან მოეწყვიტათ. თურქი იანიჩრების წინააღმდეგ კაზაკთა შუბები ვერაფერს გახდა და მრავალი კაზაკი იანიჩრის ხმლით დაიღუპა. ბრძოლის სხვა უბნებზეც რუსებს ძალიან უჭირდათ, რადგან რიცხვმრავალი მეტოქე ძლიერ წინააღმდეგობას უწევდათ. მთელი ძალების დაძაბვის შედეგად რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს და თურქები შეავიწროვეს. მალე რუსები ციხესიმაგრეშიც შეიჭრნენ და სრულ გამარჯვებას მიაღწიეს. ციხესიმაგრიდან მხოლოდ ერთი თურქი წავიდა უვნებელი და სტამბოლში დამარცხების ამბავი ჩაიტანა.
1794 წლის მაისში სუვოროვი პოლონეთის აჯანყების ჩასახშობად გაგზავნეს. აგვისტოს პირველი ნახევრისთვის გენერალ-ანშეფ რეპნინის არმიაში სულ 4,5 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა. ჯარის ეს ნაწილი პოლონეთში გაიგზავნა, სუვოროვის არმიის შემადგენლობა თერთმეტი ათას კაცამდე გაიზარდა. ექვს დღეში სუვოროვმა მტერზე ოთხი გამარჯვება მოიპოვა: დივინთან, კობრინთან, კრუპჩიცის მონასტერთან და ბრესტთან.
გაუწვრთნელმა და ცუდად შეიარაღებულმა პოლონელებმა დიდი ზარალი ნახეს ამ ბრძოლებში. 10 ოქტომბერს აჯანყების მეთაური თადეუშ კოსტიუშკო ტყვედ ჩაიგდო ფერზენის რაზმმა, რომელიც სუვოროვს შეუერთდა. სუვოროვის ძალები 17 ათასამდე გაიზარდა და გენერალი ვარშავისკენ დაიძრა. მტრის შესახვედრად რუსმა მთავარსარდალმა გენერალ მაიენის რაზმი გაგზავნა, რომელიც 5560 ჯარისკაცისა და 9 ზარბაზნისგან შედგებოდა. ამ რაზმმა კობილკესთან დაამარცხა პოლონელი აჯანყებულები. პოლონელთა ნაწილმა პრაღისკენ (ვარშავის ისტორიული რაიონი) დაიხია, ვისლის მეორე სანაპიროზე.
სუვოროვი 25 ათასი ჯარისკაცითა და 86 ზარბაზნით მიადგა პრაღას და მისი კედლების დაბომბვა დაიწყო. მალე რუსები შეტევაზე გადავიდნენ და პოლონელებს კაპიტულაციის გამოცხადება აიძულეს. რუსები ქალაქში შეიჭრნენ, ისინი არავის ინდობდნენ და ყველას ხოცავდნენ. ამ ხოცვა-ჟლეტის გამო სუვოროვმა სასტიკი მთავარსარდლის სახელი დაიმსახურა. ბრძოლის დასრულების შემდეგ ვარშავის მაგისტრატმა სუვოროვს ტრადიციული პური, მარილი და ქალაქის გასაღები მიართვა. სუვოროვმა დედოფალ ეკატერინე II-ს მხოლოდ სამი სიტყვისგან შედგენილი წერილი გაუგზავნა: "ვაშა, ვარშავა ჩვენია" (როგორც თავის დროზე კეისარმა გაგზავნა რომში სამსიტყვიანი წერილი: "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე" ფარნაკე პონტოელზე გამარჯვების მოპოვების შემდგომ).
დედოფლის პასუხიც სამსიტყვიანი გამოდგა: "ვაშა, ფელდმარშალ სუვოროვს". ვარშავის აღებისთვის ეკატერინე II-მ სუვოროვს ფელდმარშლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიანიჭა. სუვოროვმა სხვა ბევრი ჯილდოც მიიღო. 1795 წელს იგი მთელი რუსეთის არმიის ხელმძღვანელი იყო პოლონეთში (80 ათასი ჯარისკაცი). ამ პერიოდში დაწერა "გამარჯვების მეცნიერება". წიგნში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება სამხედრო წესებისადმი. ჩამოაყალიბა ე.წ. სუვოროვული აღზრდის წესები, რომლის მიხედვითაც ჯარისკაცები "გამარჯვების მეცნიერების" საშუალებით უნდა გაეწვრთნათ. მათთვის ეს წიგნი უნდა ესწავლებინათ.
1796 წელს ეკატერინე II გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი პავლე I ავიდა. პავლეს ყველაფერი გერმანული მოსწონდა და ამიტომ რუსეთის არმიის გარდაქმნა მოინდომა პრუსიულ ყაიდაზე. ჯარისკაცებს აიძულებდნენ, გრძელი თმა ეტარებინათ, საფეთქლებთან ქეჩის კავები დაეწებებინათ, ფქვილით გაეპუდრათ თმა. მეომრებს თოფის მიზანში სროლასა და ხიშტით ბრძოლას უფრო ნაკლებად ასწავლიდნენ ვიდრე მარშზე ზუსტი, გამოზომილი ნაბიჯებით სიარულსა და ზუსტ მანევრებს. სუვოროვის აზრით, ასეთი არმია აღლუმისთვის უფრო იყო გამოსადეგი, ვიდრე ბრძოლისთვის. ალექსანდრე სუვოროვს არ მოსწონდა გერმანული წესები და რუსეთის არმიის გარდაქმნას ეწინააღმდეგებოდა. მოხუცმა ფელდმარშალმა მეფის გულისწყრომა დაიმსახურა და ამის გამო სოფელ კონჩანსკოეში გადაასახლეს. გერმანული არმიის წესების შესახებ მან განაცხადა: "პუდრი თოფის წამალი არ არის, კავი - ზარბაზანი, დალალი - ხანჯალი".
რუსეთსა და მთლიანად ევროპას მალე დასჭირდათ ჭირვეული მოხუცის დახმარება, რომელიც მიყრუებულ სოფელ კონჩანსკოეში ცხოვრობდა.
ნიკა ხოფერია
(დასასრული შემდეგ ნომერში) ჟურნალი "ისტორიანი",#38