დღეიდან ავტომანქანების ტექდათვალიერების მეორე ეტაპი დაიწყო - რა დოკუმენტები დაგჭირდებათ?
დღეიდან, 2018 წლის პირველი ივლისიდან ყველა სახელმწიფო უწყებისა და იურიდიული პირის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა სავალდებულო წესით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაიარონ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა)2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. 1 ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. 1 ოქტომბრიდან M1 - 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისნპექტირება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით უკვე მოქმედებს 37 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრი 80 ხაზით. მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.
თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც). თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იგივე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით. ასევე ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს.
აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება (30 კალენდარული დღე).
ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს:
ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დამოუკიდებლად ირჩევს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოწმდება: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.