"რატომ მიდიან ნიჭიერი ადამიანები საქართველოდან - იქნებ იმიტომ, რომ ქვეყანა მაფიოზურმა კლანებმა გამოხრეს?" - კვირის პალიტრა

"რატომ მიდიან ნიჭიერი ადამიანები საქართველოდან - იქნებ იმიტომ, რომ ქვეყანა მაფიოზურმა კლანებმა გამოხრეს?"

დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა. მიდიან ყველაზე ნიჭიერები, ლამაზები და ტოვებენ იმ ადგილებს, სადაც ფეხი აიდგეს, გაიზარდნენ; მიდიან და ხშირად უკან აღარ ბრუნდებიან! რა არის ეს? - უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი თუ გაქცევა არსებული რეალობიდან, ზოგჯერ უფრო მკაცრ და დაუნდობელ რეალობაში? - ამის თაობაზე ჩვენი ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

"ეს ქვეყანა თქვენია და აქ უნდა იცხოვროთ"

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი:

- ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხალხი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება, ამ ტენდენციას როგორმე უნდა შეებრძოლოს. ემიგრანტებს ხმამაღლა უნდა ვუთხრათ: "ეს ქვეყანა თქვენია და აქ უნდა იცხოვროთ, საქმე აქ უნდა აკეთოთ". მესმის, რომ ცოტა დიდაქტიკურად ვლაპარაკობ, ისიც კარგად მესმის, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ზოგიერთი ახალგაზრდა თავის ადგილს აქ ვერ პოულობს. ადრე ქართველი გლეხი ძლიერი იყო და მთელ ქვეყანას აძლიერებდა, ახლა კი, რაღაცას იყიდის, მერე გაყიდის და უფრო მეტს შოულობს, რასაც თავის მიწაზე ფიზიკური შრომით იშოვიდა. ძალიან ვნანობ და ვტირი, რომ ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი სამშობლო ასეთ მდგომარეობაშია. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომელმაც ქართველი კაცი თავის კერას მოსწყვიტა და ოჯახები ორად გაყო - ან დედა მიდის საშოვარზე, ან - მამა. როგორ შეიძლება ბავშვი დედის ან მამის გარეშე გაიზარდოს? არ ვიცი, სხვა რას ფიქრობს, მაგრამ რაც უნდა გამიჭირდეს, მე სხვა ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებდი.

"ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთში ვარდებს დაუფენენ"

ზალიკო სულაკაური, მხატვარი:

- ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთში ვარდებს დაუფენენ, მაგრამ ასე არ არის. შეიძლება ახალგაზრდა ფიქრობს, წავალ და იქ უკეთესად ვიქნებიო, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი უცხო გარემოში სულ დაიკარგოს. რთულია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თავს უცხოდ გრძნობ. შეიძლება საბოლოოდ შეეგუო, მაგრამ ეს დიდი შრომისა და ჯაფის ფასად მოხდება. გასაგებია, რომ საქართველოდან უამრავი ადამიანი გაჭირვებამ წაიყვანა, მაგრამ იგივე შრომა და ენერგია შენს ქვეყანას რომ მოახმარო, აქაც იცხოვრებ. ის ენერგია, რასაც ემიგრანტები უცხოეთში ხარჯავენ, აქ რომ დახარჯონ, ჩვენი ქვეყანა ბევრად უკეთესი და წელში გამართული იქნებოდა. რა გითხრათ, მე უკვე ნამდვილად ვიცი, რომ არსად წავალ, 1990-იან წლებში კი მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ვერ მოვახერხე და სადაც ვარ, იქ დავეტიე. რამდენჯერაც წავსულვარ, იმდენჯერ ძალიან მომნატრებია აქაურობა. რაც უნდა მოხდეს, მაინც აქ ყოფნა მირჩევნია და სად უნდა წავიდე?! გაგრძელება