"ქართულ სპეცსამსახურებს მეტი მობილიზება მართებთ"
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იქ, სადაც გასული წლის 22 ნოემბერს მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, ცხოვრება ჩვეულ რიტმს მალევე დაუბრუნდა, თუმცა სპეცოპერაციისას მიღებული სტრესი და შიში საზოგადოებას კიდევ დიდხანს გაჰყვება. რვა თვის შემდეგ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ტერორისტული დაჯგუფებები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. იქცა თუ არა საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნედ, რა გაკვეთილი მიიღო სახელმწიფომ და რამდენად მზად არიან ძალოვანი სტრუქტურები ტერორიზმთან გასამკლავებლად მაშინ, როდესაც მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე მზარდია, ამ საკითხებზე ექსპერტებს ვესაუბრებით:
ბადრი ნაჭყებია: - დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ საქართველო ტერორისტებისგან დაცული არასოდეს ყოფილა: შევარდნაძეს სამჯერ მოუწყვეს ტერაქტი, არაერთხელ გაიტაცეს ადამიანები, გავიხსენოთ გორის ტერაქტიც, რომელშიც უცხო ქვეყნის კვალი იკვეთებოდა... ასეთი მაგალითი ბევრი გვაქვს, პრევენციული ღონისძიებები კი ძალიან მცირე. საქართველო რომ ტერორისტებისთვის საინტერესო ლოკაციად იქცა, არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრანზიტული ქვეყანა ვართ და მეზობელი მუსლიმანური სახელმწიფოებისთვის დერეფანი გვაქვს გახსნილი, ჩრდილოეთით კი გვესაზღვრება რუსეთი, სადაც ტერორისტული ჯგუფები დიდი ხანია აქტიურობენ. არავინ იცის, როდის ამოქმედდებიან. გვესაზღვრება თურქეთიც, რომელიც, თავის მხრივ, სირიისა და ერაყის მეზობელია, სირიასა და ერაყში კი ყოველთვის მძლავრი ტერორისტული ორგანიზაციები იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ჩატაევთან დაკავშირებული ამბები მწარე გაკვეთილია ხელისუფლებისთვის, მაგრამ მხოლოდ ამის გაცნობიერება არ არის საკმარისი - გასაძლიერებელია საზღვრის კონტროლი და სპეცსამსახურების მომზადების დონეც.
- აქვს კი დღეს სათანადო ტექნიკური და საკადრო რესურსი საქართველოს, საფრთხეები გააანალიზოს და გათვლები გააკეთოს? - დიახ, ჩვენი ბიუჯეტი მწირია ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად და საკადრო პრობლემებიც გვაქვს, ამიტომ დახმარება დასავლელ პარტნიორებს უნდა ვთხოვოთ. მართალია, ძალოვან სტრუქტურებს ბევრი აკრიტიკებს, თუნდაც იმის გამო, თუ როგორ გადმოკვეთეს საზღვარი საერთაშორისო ტერორისტებმა, თუმცა უშუალოდ სპეცოპერაციაზე მათ ბევრ საყვედურს ვერ ვეტყვი. სპეცოპერაციის მიზანი მოსახლეობის დაცვაა, რაც 100%-ით შესრულდა. ტრაგედიაა სპეცრაზმელის დაღუპვა, მაგრამ მან გმირულად გაწირა თავი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. სხვა მხრივ, მოუმზადებლები აღმოვჩნდით და რა გაკეთდა შემდგომ, არ ჩანს. მაგალითად, საფრანგეთში ტერაქტის შემდეგ, ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს, რომ შესაბამის დეპარტამენტში არაბულენოვანი თარჯიმნები საკმარისად არ ჰყავდათ. იმავე ვითარებაში აღმოჩნდნენ ბელგიელი სამართალდამცავებიც.
ეს ელემენტარული საკითხია, რაც ტერორისტებს შორის საუბრების გასაფილტრად თუ მათი კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებადაა აუცილებელი. გვყავს კი ჩვენ არაბულენოვანი თარჯიმნები, რომლებიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების თუნდაც დიალოგებს შეისწავლიან?
არა მგონია. ამიტომ მეტი კომუნიკაციაა აუცილებელი დასავლეთის სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან, ასევე ჩინეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებთანაც კი. როგორც ვიცი, ქართველი სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ თურქ კოლეგებთან, ასევე ისრაელის სპეცსამსახურებთან, თუმცა ამ კავშირის კიდევ უფრო გაღრმავებაა აუცილებელი.
- რას გულისხმობთ მჭიდრო თანამშრომლობაში? - უპირველესად, კადრების გაცვლასა და ჩვენი სპეცსამსახურების გადამზადებას, გამოცდილების გაზიარებას ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა "მოსადი", "ლაკამი" თუ "ბერტი".
- 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ, ტერორიზმის საფრთხე საქართველოში განეიტრალებულია თუ პირიქით, უფრო გაიზარდა? - პირდაპირ გეტყვით - ტერორისტული აქტების მოლოდინში უნდა ვიცხოვროთ. საქართველოში თუ არა, მის შემოგარენში მაინც ეს ალბათობა იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ისევ სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ მუსლიმან ძმებთან. საქართველო მუსლიმანური ქვეყნების მეგობარი სახელმწიფოა და ამ დამოკიდებულებას ალტერნატივა არ გააჩნია.
მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - სპეცოპერაცია საქართველოში "აბრეშუმის გზის"ფორუმს" დაემთხვა, როდესაც ქვეყანას არაერთი საერთაშორისო დონის ლიდერი სტუმრობდა. თავიდანვე ვივარაუდე, რომ ტერორისტების სამიზნეც ისინი იყვნენ, ჩატაევის ჩანაწერის შემდეგ კი ვარაუდი გამართლდა. მართალია, საფრთხე ავიცილეთ, თუმცა მსგავსი შეტევები საქართველოს რეალობის ნაწილად უნდა განვიხილოთ - დღეს უკვე საერთაშორისო ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინაშე ვართ. ჩატაევის საუბრის ჩანაწერიდან ჩანს, რომ ტერაქტი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არ მზადდებოდა, ტერორისტებმა იციან, რომ მსოფლიო იმდენად შეეჩვია ტერორისტულ აქტებს, რომ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერაქტი საერთაშორისო რეზონანსს ვერ გამოიწვევდა, ამიტომაც გათვლა აშშ-ის საელჩოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაკეთდა. ამერიკის საელჩო და დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლები დღესაც მუშაობენ საქართველოში, ამიტომ მათზე თავდასხმის საფრთხე ისევ დიდია. ჩვენს სპეცსამსახურებს უფრო მეტი მობილიზება მართებთ, ვიდრე სპეცოპერაციამდე იყვნენ.
- რამდენად შესაძლებელია გათვლა, ჩატაევის თანამოაზრეები თუ სხვა ჯგუფები ისევ შეეცდებიან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმას და არიან თუ არა მზად სამართალდამცავი სტრუქტურები ამის პრევენციისთვის? - ტერორისტები ნებისმიერი ჩავარდნილი ოპერაციის შემდეგ ტაქტიკურად გადაწყობას იწყებენ და აანალიზებენ წინააღმდეგობას, რომელიც სახელმწიფომ გაუწია. ასე რომ, 22 ნოემბრის სპეცოპერაცია ტერორისტებისთვისაც გაკვეთილი აღმოჩნდა.
ახლა მთავარი ტერორისტების შეცვლილი ტაქტიკის გათვლა და ოპერატიულ ინფორმაციაზე მეტი მუშაობაა, რასაც მხოლოდ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით - პარტნიორებთან მუშაობაა საჭირო. მხოლოდ აგენტურის გაძლიერებას არ ვგულისხმობ, სწორი ანალიზი და მუდმივი მზადყოფნაა აუცილებელი. ეს უკვე დიდი ხანია იციან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საქართველოში. დააკვირდით, ზოგიერთმა საელჩომ როგორ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით კი კრწანისის რაიონში. მაგალითად, საფრანგეთის საელჩო ადრე გოგებაშვილის ქუჩაზე იყო და უფრო გაფანტულ შენობებში ფუნქციონირებდა, მიხვდნენ, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გაიზარდა და ამიტომაც ბევრად კონსოლიდირებულ შენობებში, კრწანისის რაიონში განთავსდნენ, თანაც უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით.
დროა, პარტნიორების გათვლები ჩვენც გამოვიყენოთ და ობიექტებზე, სადაც ტერორისტების თავდასხმის დიდი რისკია, ადეკვატურად ვიმოქმედოთ.
რუსუდან შელია