"ჩემო მეგობარო, მოვედი, რომ დაგემშვიდობო"
მე ელენე მქვია. ქალების რუბრიკას ყოველთვის ვკითხულობ, ჰოდა, გადავწყვიტე ერთი პატარა ამბავი მომეთხრო, რომელიც მე მიკავშირდება.
საღამო ხანს სამსახურიდან დაბრუნებულმა სურსათის მაღაზიაში შევიარე და ჩემი პატარა ბიჭისთვის ტკბილეული ვიყიდე. ჯერ კიდევ დილით გამაფრთხილა, შოკოლადების მოტანა არ დაგავიწყდესო. ის იყო, მაღაზიიდან გამოვედი, რომ ტროტუარზე ახალგაზრდა ქალი შევნიშნე, რომელსაც 2 წლის ბიჭუნა კალთაში ეჯდა და მოწყალებას ითხოვდა. რომ მიუახლოვდი, პატარამ გაიღვიძა და ჩემკენ გამოიწია. როგორც ჩანს, გამჭვირვალე პარკში ტკბილეულს მოჰკრა თვალი. რამდენიმე ცალი კანფეტი მივაწოდე და სიხარულისგან სახე გაებადრა. გოგონამაც მადლიერების ნიშნად გამიღიმა.
- რა გქვია? - ვკითხე ბიჭუნას.
- დემეტრე, - პასუხი გოგომ გამცა.
- თქვენი შვილია?
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
დემეტრემ ჩემკენ გამოიწია და მეც ხელში ავიყვანე, ჩემდა გასაოცრად, პატარამ კისერზე ხელი მომხვია და თავი მხარზე ჩამომადო.
გოგონას მარი ერქვა. მივხვდი, პატარა თავს არ დამანებებდა და მარის იქვე სკვერში შესვლა შევთავაზე. დამთანხმდა. სკამზე ჩამოვსხედით. დემეტრე ისე იყო ჩაბღაუჭებული, რომ არც კი მიფიქრია ხელიდან გაშვება. მარისაგან შევიტყვე, რომ დემეტრესთან ერთად იქვე ახლოს, ნანგრევებში ცხოვრობს. არც დენი და არც გაზი არა აქვს. საღამოობით მაღაზიასთან ტროტუარზე ჯდება და მათხოვრობს, რომ შვილს საჭმელი უყიდოს.
დემეტრეს ვთხოვე, დედიკოსთან მიდი და მეც მალე მოვალ-მეთქი, მაგრამ ისე მოიბუზა, რომ მეტი ვერაფერი ვუთხარი და მასთან ერთად მაღაზიაში შევედი. სანოვაგე ვიყიდე, ისეთი რაღაცები, რასაც გაზქურაზე გამზადება არ სჭირდება და მარისთან დავბრუნდი. ათასი მადლობა გადამიხადა. სახლში მაინც გულდამძიმებული წამოვედი.
მეორე დღეს მარი და დემეტრე აღარ შემხვედრია. მესამე დღეს კი, როცა ისევ იმ მაღაზიასთან ვნახე, ორივეს ხელი მოვკიდე და ჩემს სახლში წამოვიყვანე. მეუღლე და ბავშვი შინ არ იყვნენ. დემეტრე აბაზანაში ჩავსვი და კარგად ვაჭყუმპალავე, მერე ბანაობა მარისაც შევთავაზე. სანამ შხაპს იღებდა, სუფრა გავაწყვე. სააბაზანოდან რომ გამოვიდა, ვივახშმეთ. დემეტრეს ჩაეძინა და იქვე დივანზე დავაწვინე, მე და მარიმ კი საუბარი გავაბით.
თურმე ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში გაიზარდა. დედა არ ახსოვს, მაგრამ იცის, რომ სლავი იყო. სრულწლოვნები რომ გახდნენ, დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებამ მოუწიათ. ძმა ხატებს ყიდდა და ორ ლუკმას ასე შოულობდა. მარი იმავე ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა ცოლად ითხოვა, მაგრამ მალევე მიატოვა და გოგონას ბავშვზე ზრუნვა მარტოს მოუწია. ვინაიდან ბინა არ ჰქონდა, ძმასთან ერთად იმ ნანგრევებში დასახლდა. ასე როგორ ცხოვრობ-მეთქი, დავდარდიანდი.
- ვივი ჩამოვა მალე... - მითხრა და სახე გაუბრწყინდა.
- ვივი ვინაა?
- ჩემი მეგობარია. ისიც ბავშვთა სახლში იზრდებოდა.
მერე ვივიზე მომიყვა. ერთმანეთს საუკეთესო მეგობრებად თვლიდნენ. ვივი იშვიათად ტიროდა, ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მშობლები მიაკითხავდნენ და ბავშვთა სახლიდან წაიყვანდნენ. ვივი პატარა იყო, როდესაც დედა სიმსივნით დაეღუპა, მამის შესახებ არაფერი იცოდა. ავადმყოფმა ბებიამ გოგონა აღსაზრდელად ბავშვთა სახლს მიაბარა და მას შემდეგ მისთვის აღარც მიუკითხავს, ვივი კი იმედს არ კარგავდა. როცა წამოიზარდა, მოულოდნელად ბავშვთა სახლის დირექტორმა ვივის მშობელი მამა იპოვა. ფრანგი ყოფილა. შვილის შესახებ ბევრი არაფერი სცოდნია. ერთ მშვენიერ დღეს შვილს მოაკითხა. მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. სწორედ მაშინ დაინახა მარიმ პირველად ვივის თვალებზე ცრემლები.
ხანგრძლივი და რთულად მოსაგვარებელი პროცედურების შემდეგ მამამ გოგონა თან წაიყვანა. მაშინ 14 წლისანი იყვნენ, დამშვიდობებისას მეგობარი მარის შეჰპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა: "მარი, მე აუცილებლად ჩამოვალ", - უთხრა და ლოყაზე აკოცა.
- მჯერა, რომ დაბრუნდება და დამეხმარება. მხოლოდ ის მაწუხებს, როგორ უნდა მიპოვოს ამხელა ქალაქში.
თითქოს გონება გამინათდა - გინდა მე წავალ იმ საბავშვო სახლში და ჩემს ტელეფონის ნომერსა და შენს ადგილსამყოფელზე ინფორმაციას დავტოვებ, ვივი თუ ჩამოვა, აუცილებლად ბავშვთა სახლში მივა, ჰოდა, შენი მოძებნაც არ გაუჭირდება-მეთქი. სახე გაებადრა, რა კარგად მოიფიქრეო, ოღონდ ჯობს მე წავიდე, შენ რატომ უნდა შეგაწუხოო.
ამასობაში ჩემი მეუღლე და შვილი დაბრუნდნენ და მარიც აღარ გაჩერდა. მას შემდეგ მას და დემეტრეს ხშირად ვხედავდი. გული მეწვოდა, რომ ბევრით ვერაფრით ვეხმარებოდი. მხოლოდ იმას ვახერხებდი, რომ დემეტრესთვის ჩემი შვილის ტანსაცმელი მიმქონდა და ზოგჯერ ფულს ან პროდუქტებს ვუტოვებდი.
შვებულების პერიოდმა რომ მოაწია, ოჯახით დასასვენებლად წავედით. იქიდან ორი კვირის შემდეგ დავბრუნდით და ჩემდა გასაოცრად კარში წერილი დამხვდა: "ელენე, ჩემო ერთადერთო მეგობარო, ვიცი, რომ ჩვენზე ნერვიულობ, ამიტომ ჩემს სიხარულს გაგიზიარებ: ვივი ჩამოვიდა, მალე მე და დემეტრე საფრანგეთში წავალთ. ახლა საბუთებს ვაწესრიგებთ. მოვედი, რომ დაგემშვიდობო, მაგრამ შინ არ დამხვდი. ვივის ძალიან ლამაზი კაბები აქვს, მეუბნება, რომ მეც ასეთივე მექნება... ვივი მუშაობს და სწავლობს კიდეც. ყველაფერში დახმარებას მპირდება.მადლობას გიხდი, ელენე, ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე.არასდროს დაგივიწყებთ. გკოცნით მე და დემეტრე".