რადიო "პალიტრის" 10 წლის იუბილე ბათუმში
მზე მიილია და ოქროსფერი ლანდი მოედო ცას - თითქოს ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილა დაისი ბათუმში... ვდგავარ თეთრი, ულამაზესი გემის ბაქანზე და ვცდილობ სრულად შევიგრძნო ის ჯადოსნური გარემო, რომელსაც ზღვის ტალღებში მზის ჩასვლის საოცარი პეიზაჟისა და "გემი ბათუმზე" გამართული ღონისძიების სინთეზი ქმნის. "გემი ბათუმი" ჯერ ნაპირთან დგას და მოწვეულ სტუმრებს ელოდება - ისინიც არ აყოვნებენ, რადიო "პალიტრის" თანამშრომლები და პარტნიორები აღფრთოვანებული სახეებით იკავებენ გემზე ადგილს და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
"გემი ბათუმი" ნაპირს ნელ-ნელა ტოვებს. სასიამოვნო მუსიკა, კარგი ღვინო, მეწამული" ცა და ზღვა ჰორიზონტზე - ყველაფერი ფილმის კადრს ჰგავს, აი, ზუსტად იმ მომენტს, რომ არ გწყინდება და ხშირად ატრიალებ, უკან ახვევ და ყოველ ჯერზე აღტაცებული უყურებ. ასე ჯადოსნურად დაიწყო რადიო "პალიტრის" 10 წლის იუბილე და აჭარის რეგიონში მაუწყებლობის აღსანიშნავი საღამო შავი ზღვის ნაპირთან, რომელსაც "გემი ბათუმი" მასპინძლობდა და კიდევ უფრო ჯადოსნურად გაგრძელდა - თავდაპირველად, ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები რადიო "პალიტრის" 10-წლიან ისტორიასა და გეგმებს გაეცნენ, შემდეგ კი გრანდიოზული გათამაშების დროც დადგა. პირადად მე ბევრ ღონისძიებასა თუ იუბილეს დავსწრებივარ, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არ მახსოვს ამ რაოდენობის საჩუქრები რომელიმე კომპანიას გაეცა და თანაც საკუთარ იუბილეზე: რადიო "პალიტრამ" 30-ზე მეტი პრიზი გაათამაშა და კიდევ უფრო გაულამაზა სტუმრებს საღამო. გარდა ამისა, საღამოზე ყველა სტუმარს საზაფხულო ჩანთა და კოსმეტიკური საშუალებები გადაეცა საჩუქრად... და როცა ყველა ფიქრობდა, რომ გათამაშება ღონისძიების ბოლო აკორდი იქნებოდა, გაირკვა, რომ ეს ამ საოცარი ღონისძიების მხოლოდ დასაწყისი იყო. წინ სტუმრებს საქართველოში ნომერი პირველი შეფ-მზარეულის, ლევან კობიაშვილის სპეციალურად რადიოს იუბილესთვის მომზადებული კერძები და კახაბერის საოცარი მუსიკის ჰანგები ელოდა. ღონისძიების კულმინაცია საიუბილეო ტორტის გაჭრა და გრანდიოზული ფეიერვერკი იყო.
ეკა მამალაძე, მომღერალი: "ყველაფერი საოცრად ლამაზია - ამინდი, გემი, მშვიდი ზღვა, მუსიკა - ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებულ ღონისძიებაზე დიდი ხანია არ ვყოფილვარ. რადიო "პალიტრას" ხშირად ვუსმენ და თქვენი ერთგული გულშემატკივარი ვარ - წლებია განსაკუთრებულ პატივს გცემთ მაუწყებლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის, რაც პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო დიდ წარმატებას გისურვებთ".
მარიამ ესებუა, "ფინკა ბანკი საქართველოს" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: "რადიო "პალიტრას" ათი წლის იუბილესა და აჭარის რეგიონში მაუწყებლობის დაწყებას ვულოცავ. გემზე კი შესანიშნავი საღამო მოგვიწყვეთ. დარწმუნებული ვარ, ამ გრანდიოზულ ღონისძიებას სტუმრები დიდხანს აღფრთოვანებულები გაიხსენებენ. "ფინკა ბანკი საქართველო" რადიო "პალიტრასთან" წლებია თანამშრომლობს და იმედია, ჩვენი მეგობრობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება".
ნინო არაზაშვილი, ჟურნალისტი: "როგორც წესი, დაბადების დღეზე საჩუქრებს იუბილარი იღებს, რადიო "პალიტრამ" კი სტუმრებისთვის უამრავი შესანიშნავი პრიზი გასცა - ამაშიც ჩანს თქვენი განსაკუთრებულობა. ვულოცავ რადიო "პალიტრის" თითოეულ თანამშრომელს იუბილეს, ვუსურვებ დიდ წარმატებას. გილოცავთ აჭარის ბაზარზე გამოსვლას. კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ შავი ზღვის ტალღებში გვესეირნა და ასეთი დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეთ გემზე".
სანდრო ონოფრიშვილი, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი: "გილოცავთ. საამაყოა, რომ უკვე გუდაურსა და ბაკურიანში დიდი ხანია მაუწყებლობთ. გისურვებთ წარმატებას".
კახაბერი, მუსიკოსი: "მიხარია, რომ ამ ლამაზ საღამოზე ყველა საოცარ განწყობაზე იყო - მიყვარს ბედნიერი და ლაღი ადამიანების ყურება და მათთვის ჩემი მუსიკით სიამოვნების მინიჭება. რადიო "პალიტრა" ჩემი სანდო თანამგზავრია და დარწმუნებული ვარ, ჩემი აჭარაც დიდი სიყვარულით მიიღებს მას".
ლაშა ღლონტი, მომღერალი: "ბევრს ვმოგზაურობ, უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მათ შორის ძალიან მაღალი დონის საღამოებზე, თუმცა ასეთ მაგარ სიტუაციაში პირველად ვიყავი და შთაბეჭდილებებსა თუ ემოციებს დღემდე ვერ ვმალავ. გემით ჩემს სახლს ჩავუარეთ, ადგილს, სადაც დავიბადე და გავიზარდე - ბათუმში მაქვს მთელი ბავშვობა გატარებული, თუმცა ზღვიდან სანაპიროს ხედი პირველად რადიო "პალიტრის" დამსახურებით ვნახე. მადლობას ვუხდი "პალიტრას" ჩემი ოცნებებისა და სიხარულის პალიტრის მოწყობისთვის - ამ ემოციებს ცხოვრების ბოლომდე ვერ დავივიწყებ".
თამარ ცაგარეიშვილი, რადიო "პალიტრის" პროგრამების ხელმძღვანელი: "რადიო "პალიტრა" აჭარაში იმავე ტალღაზე მაუწყებლობს - FM 103.9! ასე რომ, უკვე შავიზღვისპირეთს შეუძლია მოისმინოს ჩვენი ხმა, რესპექტაბელური, სანდო და რაც მთავარია, მიუკერძოებელი ინფორმაცია. ამ წვეულებით ჩვენ კიდევ უფრო ახლოს მოვედით აჭარასთან და ჩვენთვის მნიშვნელოვან რეგიონში შემოსვლა განსაკუთრებულად აღვნიშნეთ".
რადიო "პალიტრის" წვეულების პარტნიორები იყვნენ: გენერალური სპონსორი "ფინკა ბანკი საქართველო", ღონისძიების პარტნიორი ფრანგული კოსმეტიკის ბრენდი "ნუქსი", მაღაზიათა ქსელი "ზოდი", დეოდორანტები ფრანგული პარფიუმით,"18 კარატი ფრეშეს ქრაფთს" - ექსკლუზიური უმაღლესი 750 სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტები Franco Fontana-ს ქართველი პარტნიორებისგან; ნუტრი კოსმეტიკური ბრენდი "ვიადერმი", კომპანია "გაგრა პლუსი" კი არაყი "სტოლით" იყო წარმოდგენილი.
რუსუდან შელია