სასკოლო სახელმძღვანელოები "პალიტრა L"-ისგან
სკოლებში 2018 წლიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულით ახსნა. შესაბამისად, განახლდა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესიც, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა გამომცემლობა ჩაერთო. გრიფირებისთვის პროფესიონალების მიერ შემუშავებული წიგნები წარადგინა გამომცემლობა "პალიტრა L"-მაც და დადებითი შეფასებებიც უკვე მიიღო. "მუსიკა", "მე და საზოგადოება", "ჩვენი საქართველო", "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება" - ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "პალიტრა L"-მა გამოცდილ ავტორებთან ერთად მოამზადა.
აღსანიშნავია, რომ "პალიტრა L"-ი უკვე სამი წელია ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობს, რომელიც თანამედროვე სწავლების მოთხოვნებზეა მორგებული და მაგალითად, საზეპიროების გარეშე აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას, მისთვის აუცილებელი ინფორმაცია გაიაზროს და მიიღოს. სწავლების რა მეთოდიკით შეიქმნა წიგნები და რამდენად მისაღები იქნება ისინი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, "კვირის პალიტრა" ავტორებს ესაუბრა:
მარინა ბერაძე, მუსიკის სახელმძღვანელოს ავტორი:
- მუსიკის სახელმძღვანელოებზე დიდხანს ვმუშაობდით. შევქმენით I-VI კლასების მასწავლებლისა და III-VI კლასების მოსწავლის წიგნები თანდართული აუდიო-ვიდეორესურსით. საერთოდ, მუსიკის ახალი სტანდარტი მუსიკის სწავლებისადმი ახლებურ და თანამედროვე მიდგომას ითვალისწინებს - მუსიკის სწავლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ჩვენი სახელმძღვანელოებიც სწორედ ამ სტანდარტითაა შედგენილი, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი მასალა, რომელიც მოსწავლეთაგან დაზეპირებას ან ტექსტების სისტემატურ სწავლას მოითხოვს. გაკვეთილები, ძირითადად, შედგება პრაქტიკული და სახალისო აქტივობებისგან, რაც აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას. ტექსტები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლეს არ გაუჭირდება მათი გაცნობა - მოცემულია ლაკონიურად და მნიშვნელოვანი ფაქტების გათვალისწინებით. დასმულია კითხვები, რომლებიც მოსწავლეს მსჯელობის სწორ გზას უჩვენებს, გაუადვილებს მასალის აღქმასა და შესწავლას. მასწავლებლის წიგნში მრავლადაა რეკომენდაციები ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის, გაკვეთილის მსვლელობის, მოსწავლეების ჩართულობის შესახებ. მითითებულია მოსწავლისთვის მისაცემი დავალებები და მათი შესრულების გზები. საჭირო საკითხებზე მოცემულია დამატებითი ცნობები და დაწვრილებითაა გაწერილი სამოდელო გაკვეთილების სცენარები. დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ხერხით ცოდნის განმტკიცებას. მოცემული დავალებები და აქტივობები მრავალფეროვანია. ხშირად გამოიყენება სწავლება თამაშით, დაკვირვება, კვლევა, თანამშრომლობა. გაკვეთილის მიმდინარეობისას თანამიმდევრულადაა გამოყენებული მოსმენა, დაკვირვება, აღმოჩენა, მუსიკის ფონზე ფიზიკური აქტივობა, პროექტით სწავლება, სეზონური სპექტაკლების დადგმა და სხვა. სახელმძღვანელოებში სისტემატურად არის მოცემული აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ბუკებისა და მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამა LMMS-ის საშუალებით უნდა შესრულდეს. ასევე მოცემულია პროგრამებში მუშაობის ინსტრუქციები. მუსიკის სახელმძღვანელოები ხელს უწყობს ტოლერანტული პიროვნების ჩამოყალიბებას. უქმნის რა პირობებს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მოსწავლეებს უვითარებს საგნის შესასწავლად საჭირო გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს. მიზნად ისახავს იმ ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი. წინასწარ მადლობას ვუხდით მუსიკის მასწავლებლებს, რომლებიც მოიწონებენ და აირჩევენ ჩვენს სახელმძღვანელოებს. ავტორთა ჯგუფის სისტემატური თანადგომით, ისინი სრულყოფილად გაითავისებენ მუსიკის ახალი სტანდარტით შექმნილ წიგნებს. ამ მიზნით ჩავუტარებთ ტრენინგებს, სადაც შევასწავლით მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამას LMMS. დავეხმარებით მუსიკის გაკვეთილებზე ამ პროგრამის გამოყენებაში და მივაწოდებთ LMMS-ის სასწავლო ვიდეოტუტორიალს.
ლია შავლაშვილი, "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების" ავტორი:
- სახელმძღვანელო-კომპლექტის I, II, III და IV კლასებში მოსწავლეები ეცნობიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საფუძვლებს. სწავლობენ სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგს, ეცნობიან ხელოვნების ნიმუშებს, წარმოდგენა ექმნებათ ფერზე, ფორმაზე, კომპოზიციის და სივრცის ელემენტებზე. სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვიძებას და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სახელმძღვანელო-კომპლექტი "ხელოვნება და შემოქმედება" უვითარებს ბავშვებს ფანტაზიას, თვალსაწიერს, მხატვრულ გემოვნებასა და ესთეტიკური ტკბობის უნარს. აგრეთვე ზოგად უნარებს, როგორიცაა: დაკვირვება, მეხსიერება, წარმოსახვა, ყურადღება, ნებისყოფა, სამეტყველო ლექსიკის გამდიდრება, თანამშრომლობის უნარი. სასწავლო კურსი მიზნად არ უნდა ისახავდეს პროფესიონალი მხატვრის მომზადებას. უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია, განვავითაროთ ბავშვის შემეცნების, შემოქმედებისა და მოვლენის არსის გაგების უნარი. ყოველი გაკვეთილი ბავშვისთვის არის სახალისო და სასიამოვნო. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ აღიქვამს, ეცნობა, სწავლობს მშვენიერების აღქმას როგორც ხელოვნებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. V და VI კლასების სახელმძღვანელო ეყრდნობა და აგრძელებს წინა წლების (I-IVკლ) სახელმძღვანელოს პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს. სახელმძღვანელო მთლიანად ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებსა და მოთხოვნებს, ითვალისწინებს ამ ასაკის მოსწავლეთა უნარებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. მოსწავლეებს უმუშავდებათ დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობის, თანამშრომლობის, სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, ინტერესის, ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობის, საკუთარი და სხვა ნამუშევრის შეფასების უნარები.
სახელმძღვანელოებში ნაჩვენებია ის გრძელი და საინტერესო გზა, რომელიც განვლო ხელოვნებამ პირველყოფილი ადამიანის კედლის (მღვიმეების) მხატვრობიდან თანამედროვე ხელოვნებამდე. ყოველი ეპოქის ხელოვნების შესწავლისას მოსწავლეები ეცნობიან ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს - მეცნიერების მიღწევებს, მუსიკალურ და ლიტერატურულ ნიმუშებს, ვარცხნილობას, ჩაცმულობას. აგრეთვე, ქვეყნების შესახებ მოკლე ისტორიულ და გეოგრაფიულ ცნობებს. ავტორების მიზანი არ არის პროფესიონალი მხატვრის, მოქანდაკის ან არქიტექტორის აღზრდა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ყველას შეუძლია განივითაროს მშვენიერების დანახვის და აღქმის უნარი. ამისთვის აუცილებელია გარკვეული ცოდნის მიღება, უნარ-ჩვევების გამომუშავება და გემოვნების ჩამოყალიბება. სწორედ ამას შეუწყობს ხელს ჩვენი სახელმძღვანელო-კომპლექტი "ხელოვნება და შემოქმედება". აქვე, აღსანიშნავია გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შექმნილი სახელმძღვანელო-კომპლექტები ბუნებისმეტყველებაში (I-IV და V-VI კლასები) "ჩვენი გარემო". წარმოდგენილი საგაკვეთილო თემატიკა, სასწავლო მიზნები, აქტივობები, პრაქტიკული სამუშაოები, ინოვაციური ელექტრონული სავარჯიშოები, მრავალფეროვანი თვალსაჩინოება, დიდაქტიკური ბარათები თუ აუდიომასალა პასუხობს თანამედროვე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მოთხოვნებს, სწავლება-სწავლის უახლეს მეთოდიკას. სახელმძღვანელო-კომპლექტების კონცეფცია ეფუძნება ავტორების 18-წლიან გამოცდილებას. იგი ორიენტირებულია "აღმოჩენების გზით სწავლებაზე", მოსწავლე სწავლობს დაკვირვების, ცდების, ექსპერიმენტების საშუალებით, ვითარდება ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან თანამიმდევრულად ნაცნობიდან უცნობზე, მარტივიდან რთულზე გადასვლის პრინციპით მიეწოდება საგაკვეთილო მასალა; საკითხები მუშავდება მრავალმხრივად და საფუძვლიანად, რაც ხელს უწყობს მოსწავლის ეტაპობრივ მისვლას საკითხის დაუფლებამდე. მრავალფეროვანი და სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოების მეშვეობით მოსწავლე ამოწმებს საკუთარ შესაძლებლობებს, უჩნდება საკუთარი თავის რწმენა, სტიმული ეძლევა მის შემოქმედებით ინიციატივას, რაც უბიძგებს დამოუკიდებელი კვლევა-ძიებისაკენ.
გიორგი გეთიაშვილი, "ჩვენი საქართველოს" სახელმძღვანელოს ავტორი:
- "ჩვენი საქართველოს" მთავარი მიზანია, მოსწავლეებს განუვითაროს ის უნარები და მისცეს ის ცოდნა, რაც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული. წიგნის შექმნის დროს ავტორები ვცდილობდით, სახელმძღვანელო ყოფილიყო მარტივად გასაგები და მისი გაცნობის შემდეგ მოსწავლეს ჰქონოდა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორია სამშობლო - საქართველო. გვეჩვენებინა ის მრავალფეროვნება, რომლითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა. ამ წიგნით სწავლა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიცნონ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. რა უნდა მოიმოქმედონ გარემოს დასაცავად, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები, რითი გამოირჩევიან საქართველოს კუთხეები. ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია და უნარები აუცილებელია ყველა მოსწავლისა და ყველა ადამიანისათვის.
ხათუნა ხაჟომია, სახელმძღვანელო "მე და საზოგადოების" ავტორი:
- სხვა სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, წიგნი "მე და საზოგადოება" ბავშვებს კონკრეტული მაგალითების განხილვით უმუშავებს უნარებს, რატომ არ უნდა დაყაროს ნაგავი, როგორ მოუფრთხილდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, როგორ მართოს ემოციები და ა.შ. წიგნზე პროფესიონალი ფსიქოლოგები, დაწყებითი კლასების პედაგოგები და ისტორიკოსები მუშაობდნენ, ერთობლივად ჩამოვყალიბდით სწავლების იმ მეთოდზე, რომლის მიზანიც მაღალი პასუხისმგებლობის, აქტიური მოქალაქის აღზრდაა. გვინდოდა ეს რთული საკითხები ბავშვებისთვის ნაცნობი მოთხრობების განხილვით მიგვეწოდებინა, ანუ, მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ კონფლიქტზე, მხოლოდ იმის თქმა, რომ არ შეიძლება გაბრაზების დროს ძალადობრივი ფორმით პასუხის გაცემა, არ არის საკმარისი, ბავშვი კონკრეტულ მაგალითზე მსჯელობით თავად უნდა მივიდეს დასკვნამდე, როგორ მოიქცეს რთულ ვითარებაში. რაც მთავარია, სახელმძღვანელო არ ითვალისწინებს რთულ დავალებებს, დატვირთვაა საგაკვეთილო პროცესზე, სადაც მასწავლებელი მსჯელობითა და კონკრეტული სიუჟეტების მიწოდებით ბავშვებს ძირითად მიზანზე აქცენტებს სთავაზობს.
რუსუდან შელია