"რას წარმოვიდგენდი, ქალი დანით თუ დამესხმებოდა თავს? ვეცადე მის ხელით მოგერიებას, ამ დროს დანა ორჯერ დამარტყა" - კვირის პალიტრა

"რას წარმოვიდგენდი, ქალი დანით თუ დამესხმებოდა თავს? ვეცადე მის ხელით მოგერიებას, ამ დროს დანა ორჯერ დამარტყა"

"ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე, რომელიც საკუთარ სახლთან დანით დაჭრეს, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მას სახლთან თათა ჯანჯღავამ და ნათია თოფურიამ მიაკითხეს. ჯანჯღავა და ნოზაძე ჯერ შეკამათდნენ, შემდეგ მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და ჯანჯღავამ ცივი იარაღით დაჭრა მომღერალი.

გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ამ თემაზე სტატია მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ირაკლი ნოზაძე: - სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდა ეს ყველაფერი, ეტყობა, მეორე მხარეს აწყობს ჩირქი მომცხოს, ამიტომ მიგორებენ შავ პიარს. ნარკოტიკების თემა ამ საქმეში გრანდიოზული სისულელეა. ჩემსა და ჯანჯღავას შორის კონფლიქტი არანაირად არ უკავშირდება ნარკოტიკებს. ყველას გთხოვთ, მსგავს ინტერპრეტაციას ნუ მისცემთ ამ შემთხვევას.

- ირაკლი, მოგვიყევით, რით დაიწყო კონფლიქტი თქვენ შორის... - თათას დილით გამოვართვი ფული და შევთანხმდით, რომ იმავე დღეს დავუბრუნებდი, თუმცა შეთანხმების ვადამდე თათამ ჩვენს საერთო მეგობართან დარეკა, მეგობარს ლაუდ სპიკერზე (მაღალ ხმაზე) ჰქონდა ჩართული ტელეფონი და მესმის, რომ თათამ ძალიან ცუდად, უწმაწური სიტყვებით მომიხსენია. მან არ იცოდა, მეც რომ ვისმენდი და ამის შემდეგ არც მე დამიკლია, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიე. ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება და კონფლიქტიც აქედან დაიწყო. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ვალს აღარ დავუბრუნებდი, აგრესიული მოვარდა ჩემს სახლთან და ატეხა დებოში.

... როდესაც ეს გოგო სახლთან მოვიდა, მისმა ქცევამ შემაშინა, ისე აგრესიულად იქცეოდა - ყვიროდა, იგინებოდა და იმუქრებოდა. ამიტომაც არ ჩავედი თავიდან და ჩავუშვი ჩვენი საერთო მეგობარი ზუკა. ისიც რომ ვერაფერს გახდა, ჩავედი და მეც ვცადე მისი დაწყნარება, რაზეც უფრო აგრესიით მიპასუხა.

- თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ პირიქით, თქვენ გამოირჩეოდით აგრესიით, დაარტყით და მანაც საპასუხოდ მოგიქნიათ დანა.

- მათ, სავარაუდოდ, ასე უნდათ, რომ გამოიყურებოდეს ეს საქმე, სტრატეგია აქვთ ასეთი, დაამტკიცონ, რომ თათას ჩემი განზრახ მოკვლა არ უცდია. მაგრამ კადრებშიც ხომ ჩანს, ვინ ვის ესხმის შეიარაღებული?  რას წარმოვიდგენდი, ქალი დანით თუ დამესხმებოდა თავს? ჯერ მანქანაში ვჯდები, რათა იქ გველაპარაკა, მაგრამ ის მანქანას წიხლებს ურტყამს, მერე მინას, ვცდილობ დავაშოშმინო და გადმოვედი თუ არა, ვეცადე მის ხელით მოგერიებას და ამ დროს დანა ორჯერ დამარტყა.

- დაინახეთ, რა საგნით დაგჭრათ? მართლა ბრელოკზე ჩამოკიდებული პატარა დანა იყო თუ სხვა რამ?

- მანქანიდან როდესაც გადმოვედი, დავინახე, რომ თათას ხელში დანა ეჭირა, არანაირი ბრელოკი, დასაკეცი დანა იყო. დანა მომიქნია და ყელთან მომხვდა, არტერია გადაიჭრა და სისხლმა ამოხეთქა, მეზობლები რომ არ დამხმარებოდნენ, დღეს ჩვენ ვერ ვისაუბრებდით. დანის დარტყმის შემდეგ თათა ისევ მაყენებდა შეურაცხყოფას: ბიჭო, ჯერ სადა ხარ, ეს ცოტაა შენთვისო და მემუქრებოდა, მაგრამ მე უკვე გამოვეცალე და აღარც მესმოდა მისი სიტყვები. მერე წერეთლის პროსპექტისკენ წავედი, გავაცნობიერე, რომ სიცოცხლის ცოტა დრო მქონდა დარჩენილი და მინდოდა მისი შენარჩუნება. ვფიქრობდი, ცენტრალური ქუჩისკენ გავსულიყავი, რათა ადვილად მოეგნო "სასწრაფოს" ან ხალხს. მაქსიმალურად ვაცნობიერებდი, რაც მჭირდა...

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ჩემს წინ იდგა დაჭრილი, სისხლიანი ირაკლი, მითხრა, მოსცილდი, ნათია, აქაურობას, შარში არ გაეხვიოო"

იხილეთ დაჭრილი ირაკლი ნოზაძის პირველი კომენტარი