საქართველოში ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს - კვირის პალიტრა

საქართველოში ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს

საქართველოში ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს. როგორც ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია, ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს სრულიად შესაძლებელია ერვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ",- განაცხადა ჩხენკელმა

მიხეილ ჩხენკელის განცხადებას გამოეხმაურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი. მისი თქმით, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმების მოძებნა.

"მე, რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი. ერთადერთი აქ პრობლემას ვხედავ შენობის თვალსაზრისით, რადგან სკოლა ფუნქციონირებს გაზაფხულზე და სასტუმროებს ვერ დავიქირავებ საგამოცდო პროცესის წასამართად. ისევ სკოლის შენობები მჭირდება და უნივერსიტეტები, თუმცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მე არ ვიცი შუალედს როგორ მოვნახავთ. შესაძლებელია ამაზე დაფიქრებაც და რაიმე ფორმის მოძებნა",- განაცხადა მიმინოშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"