ვინ არის რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქი მაფიოზი, რომელიც საქართველოში დააკავეს - კვირის პალიტრა

ვინ არის რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქი მაფიოზი, რომელიც საქართველოში დააკავეს

თურქული გამოცემა «Hurriyet Daily News» აქვეყნებს სტატიას სათაურით: "საქართველოში თურქი მაფიოზი სერქან ქურთულუში დააკავეს, რომელიც რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობაშიც იყო ეჭვმიტანილი".

"საქართველოში თურქეთის მოქალაქე სერქან ქურთულუში დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია სირიაში რუსეთის თვითმფრინავის პილოტის მკვლელობაში, აგრეთვე დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში - ადამიანებზე თავდასხმების, შანტაჟისა და გამოძალვის მიზნით", - ნათქვამია სტატიაში.

იზმირის პროკურატურის მონაცემების თანახმად, სერქან ქურთულუში თურქეთის სხვადასხვა პროვინციებში მაფიოზურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის თვით იზმირში, აგრეთვე სტამბოლში, ანკარაში, ტრაპიზონსა და ართვინში. თურქეთის პოლიციამ ბოლო დღეებში განხორციელებული სპეცოპერაციების დროს 49 ეჭვმიტანილი პირი დააკავა, თუმცა სერქან ქურთულუშის დაჭერა ვერ მოხერხდა - იგი თურქეთიდან, სავარაუდოდ, საქართველოში გაიქცა.

თურქეთის პოლიციამ დახმარებისათვის ინტერპოლს მიმართა, რის შემდეგაც ქართული პოლიციის თანამშრომლებმა სერქან ქურთულუში 29 ივნისს თბილისში დააკავეს და რუსთავის საპყრობილეში მოათავსეს, საქართველოს დედაქალაქთან ახლოს.

თურქი ჩინოვნიკების თქმით, ანკარამ უკვე გაუგზავნა საქართველოს თხოვნა სერქან ქურთულუშის თურქეთისათვის გადაცემის თაობაზე.

სერქან ქურთულუში ერთ-ერთი იყო იმ 14 ეჭვმიტანილთაგან (მთავარ ბრალდებულ არფარსლან ჩელიკთან ერთად), რომლებიც 2015 წლის ნოემბერში სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს პილოტ ოლეგ პეშკოვის მკვლელობის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა. თურქულმა თემიდამ 7 ბრალდებულს, ჩელიკის ჩათვლით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთს - წელიწადნახევრით, ორს - ათი თვით, ხოლო დანარჩენი, მათ შორის სერქან ქურთულუში, გაათავისუფლა. თუმცა სასამართლოს ვერდიქტი საბოლოო არ არის, ზემდგომ ორგანოს საქმის ხელახალი აღძვრა შეუძლია", - წერს გაზეთი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ