"მომწონდი, მაგრამ იმდენი ქალი გეხვია გარს, შენამდე ვინ მომიშვაო..." - კვირის პალიტრა

"მომწონდი, მაგრამ იმდენი ქალი გეხვია გარს, შენამდე ვინ მომიშვაო..."

ნინო ჩხეიძე, ყველასთვის საყვარელი ნინიკო, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა...

"ძმაო შალიკო! გიგზავნი ჩემს დას. მას დიდი სურვილი აქვს დახმარება გაუწიოს ქართულ თეატრს თავის უშუალო მონაწილეობით. მინდოდა ჯერ სწავლა დაესრულებინა და შემდეგ როგორც სურდა ისე მოქცეულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ნიჭი არ ასვენებს და ვეღარ ითმენს. თუ თანამშრომლები გესაჭიროება, იქნებ მოაწყო თქვენთან, რასაკვირველია, სათანადო გამოცდის შემდეგ, თუ საჭიროდ დაინახავ მიღებას. მე მაგის სცენიური ნიჭისა და უნარიანობის არაფერი ვიცი. ბოდიში რომ გაწუხებ, შენი უშანგი. 1943 წელი, 27 აპრილი." - წერდა ცნობილი ქართველი მსახიობი უშანგი ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრის იმჟამინდელ ხელმძღვანელს, შალვა ღამბაშიძეს...

ასე იწყებოდა ნინო ჩხეიძის სამსახიობო კარიერა, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი აირჩია, მაგრამ სწავლა მიატოვა და მსახიობობა გადაწყვიტა. არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა როგორც თეატრში, ასევე კინოში.

ცნობილ მსახიობზე მისი უმცროსი მეგობარი - ნიკოლოზ წულუკიძე გვესაუბრება:

- ნინიკო ჩხეიძე იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ეპიზოდური როლი ისე ეთამაშა, როგორც მთავარი. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლებიც ჰქონდა, მაინც მეორეხარისხოვანი როლების პირველხარისხოვანი შემსრულებელი იყო. ამით გამოირჩეოდა! არ შემიძლია ხაზგასმით არ ვახსენო, ისეთ რთულ თეატრში, როგორიც მარჯანიშვილის თეატრი იყო, მას არავისთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია... მთელი ცხოვრება ისე გაატარა არავის დაპირისპირებია.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო მისი მეგობრობა - დოდო ჭიჭინაძესთან და ზინაიდა კვერენჩხილაძესთან... ნინიკო იყო ნამდვილი კოლორიტი, რომელიც ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე, იმერული სტუმართმოყვარეობით გვმასპინძლობდა. პლეხანოველი იმერელი იყო! ჩვენ მეზობლებიც ვიყავით აღმაშენებელზე და ბავშვობიდან მოყოლებული, ათეული წლები მეგობრობა მაკავშირებდა ამ საოცარ ქალბატონთან... მისი გამოჩენა სცენაზე ნამდვილი დღესასწაული იყო! თავის ძალიან კოლორიტული მეტყველებით, ძალიან სახასიათო შტრიხებით და ნიუანსებით!

- თვითონ ხუმრობდა, შეუხედავი და უნიჭო ვიყავი, ამიტომაც პატარა როლებს მაძლევდნენ, რომელთა შესასრულებლად ტყავიდან ვძვრებოდიო...

- არა, ეს სიტყვები მისი თავმდაბლობიდან მოდიოდა! რასაკვირველია, ნინო ჩხეიძე არ იყო მისი ძმასავით - უშანგი ჩხეიძესავით გამორჩეული ნიჭის! უშანგი ჩხეიძე გენიალური მსახიობი იყო! მისი სახელის პოპულარიზაციაში, უკვდავყოფაში ნინო ჩხეიძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს! წიგნი გამოსცა, ძეგლი დაუდგა, მთაწმინდაზე გადაასვენა... მხოლოდ უშანგი ჩხეიძის კი არა, მთელი მარჯანიშვილის თეატრის ჭირისუფალი იყო...

ნინო ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრის ეპოქა იყო. ამ თეატრზე ათი წლით უფროსი.

გოდერძი ჩოხელის თთქმის ყველა ფილმშია გადაღებული... მიუხედავად უკვე ხანდაზმული ასაკისა ჩოხში, გუდამაყარში, ყველგან დაჰყვებოდა... სხვათა შორის უკვე 92 წლის იყო უდაბნოში წავიდა გერმანელ რეჟისორთან ერთად "აბსურდისტანში" გადასაღებად. უდაბნოში კლდე-კლდე იარა ამ ასაკოვანმა მსახიობმა... ოთარ იოსელიანთან ითამაშა ბოლოს და ძალიან საინტერესო სახე შექმნა, უკვე 93 წლისამ...

ნინიკოს იშვიათი ბუნებრიობა და დამაჯერებლობა ჰქონდა ეკრანზე. არასოდეს, არცერთი კადრი, ყალბი არ იყო! "ფესვებში", რომ ნეშტი ჩამოაქვთ, იქ ერთ კადრშია, მაგრამ როგორი, ყველასთვის დაუვიწყარია! ფილმში - "დათა თუთაშხია" როგორ ამბობს - იკივლოს ყველამ და ვიკივლებ მეცო... ასამდე როლი აქვს კინოში შესრულებული და ორასამდე თეატრში! თვითონ იძახდა შეუხედავი ვიყავი და დიდი ცხვირი მქონდაო, მაგრამ ნინო ჩხეიძე იყო ისეთი საჭირო თეატრში, როგორიც ძალიან ცოტა ვინმეა! ასეთი ეპიზოდური და მეორეხარისხოვანი როლების პირველხარისხოვნად შემსრულებელი ძალიან ცოტა ჰყავდა ქართულ კინოსა და თეატრს!

საუბრის დასასრულს ერთ სახალისო შემთხვევას გავიხსენებ: ნინიკოსთან აკაკუნებდა ღამე ერთი მსახიობი, დეიდა ნინიკო ხვალ ძალიან რთული როლი მაქვს სცენაზე და გეხვეწები ამაღამ უშანგი ჩხეიძის საწოლში ჩამაწვინეო... ნინიკომ უყვირა, ბიჭო, უშანგი ჩხეიძის საწოლში წოლა რამეს რომ შველოდეს, მთელი ცხოვრება მანდ ვწევარ, წადი ახლა და სპექტაკლისთვის კარგად მოემზადეო... საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა! ერთ მსახიობს უთხრა, ძალიან მომწონდი, მაგრამ იმდენი ლამაზი ქალი გეხვია გარს, შენამდე ვინ მომიშვაო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)