რაზე შეთანხმდა ზაზა სარალიძე შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე?
შეხვედრის შინაარსზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ არ მინდა პროცესს ხელი შეეშალოს, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარია არ დასწრებია, თუმცა აუდიენციით კმაყოფილია.
რაც შეეხება იმას, მიიღო თუ არა სამინისტროსგან პირობა იმ პირების პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ, სარალიძეს არ დაუკონკრეტებია.
"გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გავიარეთ ყველა ჩვენება, რაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არსებობს საქმის მასალებიდან გამომდინარე. შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და აქ აღარ გავჩერდები, გარეთ გავალ. დღევანდელ ღამეს აქ არ გავატარებ. დავარწმუნეთ იმაში, რომ საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ კალანდიას ბრალი წარედგინოს.
შევთანხმდით კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე, თუმცა ამაზე კონკრეტულად არ ვისაუბრებ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც მოცემულობას ხელი არ მინდა შეეშალოს. რაც შეეხება იმას, თუ რა მითხრეს კალანდიასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვისაუბრეთ, მაგრამ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, რათა ხელი არ შევუშალო პროცესს", - განაცხადა სარალიძემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ.