რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს "რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება მათ შორის ერთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი " გვესოს ფერმა“ თხის ყველის წარმოებას გეგმავს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "გვესოს ფერმას“ გადაეცემა თხის 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.