"თბილისის აეროპორტიდან უკან განმარტების გარეშე გამოგვისტუმრეს" - რამ გაანაწყენა არაბები?
არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემაში «Khaleej Times» , 2 ივლისს გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ: არაბული საამიროების მცხოვრებლები ჩივიან, რომ საქართველო მათ მიერ აღებულ ვიზებს უარყოფს და ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებს.
"არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის და საგარეო საქმეთა სამინისტრო თვალს ადევნებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ემირატების მოქალაქეთა მიმართ, რომელიც თბილისის აეროპორტში ხდება: სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა თანახმად, საქართველოს ხელისუფლება მკაცრად ექცევა საამიროებიდან ჩასულ ტურისტებს, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე გასვლის უფლებას არ აძლევს და უკან აბრუნებს", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - კელი კლარკი).
პუბლიკაციაში ციტირებულია საამიროების დიპლომატიური უწყების განცხადება: "საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, თბილისში არსებულ საელჩოსთან ერთად, ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და სერიოზულად ეკიდება. ემირატების მოქალაქეებს ვთხოვთ ყოველი ფაქტის თაობაზე აცნობონ საელჩოს, რათა მათ აუცილებელი დახმარება მიიღონ".
"მიუხედავად იმისა, რომ საამიროების მოქალაქეები სრულად იცავენ ოფიციალურ სავიზო წესებს, რაც აუცილებელია საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად, ბევრი აცხადებს, რომ უკან დააბრუნეს. ჩვენი გაზეთის რედაქციას მომართეს ცოლ-ქმარმა ა.ბეგუმმა და ბ.მუსტაფამ, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, დუბაიში, "უსაფუძვლოდ" დააბრუნეს.
"14 ივნისი ჩვენთვის კოშმარის დღედ იქცა", - ამბობენ ისინი, რომლებიც ქართული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. 50 წლის ცოლ-ქმარი ემირატებში უკვე 20 წელია მუშაობენ, ერთი ინჟინერია, მეორე - ბანკის მოსამსახურე. მათ განაცხადეს, რომ დღესაც ვერ გამოსულან იმ შოკიდან, რომელიც საქართველოს პოლიციისა და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკითხვის დროს მიიღეს:
"ჩვენი დაკითხვა ორი საათი გაგრძელდა. სხვა მგზავრებისაგან დაგვაშორეს. აღმოვჩნდით პაკისტანის პასპორტის მქონე მოქალაქეებთან ერთად. დაკითხვის შემდეგ, მიზეზების განმარტების გარეშე, ჩაგვსხეს თვითმფრინავში და უკან გამოგვისტუმრეს". გარდა იმისა, რომ წყვილმა ათასობით დირჰემი (საამიროების ფულის ერთეული - ს.კ.) დაკარგა ავიარეისის ბილეთზე და სასტუმროს დაჯავშნის გამო, მათ აღნიშნეს, რომ ისინი "მორალურად და ფიზიკურად შეურაცხყოფილნი" არიან. ა.ბეგუმი თვლის, რომ ასეთი სიტუაცია მათ ეროვნული კუთვნილების გამო შეექმნათ: "ჩემი ქმარი პალესტინელია, წარმოშობით სირიიდან, მე კი ბანგლადეშიდან ვარ. ჩვენ ყველნაირი სავიზო მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, ამიტომაც ვითხოვთ, რომ საამიროების მთავრობა მომხდარ ინციდენტში გაერკვეს".
სამწუხაროდ, ა.ბეგუმი და ბ.მუსტაფა მარტონი არ არიან. მსგავსი ისტორია შეემთხვა ინდური წარმომავლობის მქონე მოქალაქეს ფრანსის კლიფინს, რომელიც ველოსიპედით რუსეთში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად მიდიოდა. როგორც კი აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მივიდა, ცხადი გახდა, რომ მის გეგმებს შესრულება არ ეწერა. "ვიცოდი, რომ გარკვეული სირთულეები შეიძლებოდა შემხვედროდა. ამიტომ წინასწარ ბაქოში მდებარე საქართველოს საელჩოში მივედი ყველა ჩემი დოკუმენტით - დაზღვევით, სასტუმროს ჯავშნით, ფულით და ა. შ. მათ მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვსო", მაგრამ როგორც კი ფრანსისი საზღვარზე მივიდა გერმანელ ველოსიპედისტთან ერთად, გერმანელი შეუშვეს, ის კი არა: "მათ ჩემი პასპორტი ნახეს, მაგრამ, როგორც ჩანს, დაინტერესებულნი არ იყვნენ ჩემი გატარებით. თავიანთ ენაზე რაღაცას მიყვიროდნენ და ძალიან აგრესიულად მექცეოდნენ... ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ეროვნული კუთვნილებით იყო გამოწვეული. მაშ, რატომ იძლევიან ელექტრონულ ვიზებს, როცა უკვე წინასწარ იციან, რომ არ შეგიშვებენ?".
ჩვენი გაზეთი რამდენჯერმე შეეცადა კუვეიტში მდებარე საქართველოს საელჩოს დაკავშირებოდა, მაგრამ ამაოდ", - წერს ავტორი. წყარო
----------
Khaleej Times-ის იმავე 2 ივლისის ნომერში სათაურით "საქართველოში დასვენების კოშმარი" გამოქვეყნებულია დუბაის ორი მცხოვრების, ეროვნებით ინდოელების წერილი, რომლებიც სტატიას გამოეხმაურნენ. ისინი წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალზე მკაცრად ეკიდება განსაკუთრებით ინდოელებს, უამრავ კითხვაზე საჭირო პასუხის გაცემა, დოკუმენტებს ეჭვის თვალით უყურებენ და ხშირად უარს ამბობენ ქვეყანაში შეშვებაზე. წყარო
გაზეთის სამი ივლისის ნომერში დაბეჭდილია საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს განმარტება, რომელშიც ხაზგასმულია: "დღემდე არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, რომ საქართველომ უარი განაცხადა ქვეყანაში გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა შეშვებაზე, კერძოდ, თითქოსდა მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან აბრუნებენ. საქმე ეხება საამიროებში მცხოვრებ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ და უკან დააბრუნეს". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ