საქართველოში სომხეთის ელჩის მძევლად აყვანის მოწოდების გამო, საქართველოს მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
საქართველოში სომხეთის საელჩოში შეჭრისა და ელჩის მძევლად აყვანის მოწოდების გამო, საქართველოს მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
საქმე 2016 წელს, მთიან ყარაბაღში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებას ეხება. საქმის მასალების თანახმად, პირი, რომელსაც ბრალად ტერორიზმისაკენ საქვეყნოდ მოწოდება ედება, საქართველოს მოქალაქეა. საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს, თუმცა "ინტერპრესნიუსისთვის" რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი.
კერძოდ, მასალების მიხედვით, 2016 წელს, როდესაც მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, ბრალდებულმა "ფეისბუქში" მოწოდება გაავრცელა, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სომხეთის საელჩოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. საქმის მასალების თანახმად, მიმართვაში ბრალდებული ასევე წერდა, რომ უნდა დაეწვათ სომხეთის დროშა, უნდა შეჭრილიყვნენ საელჩოს შენობაში და ელჩი მძევლად აეყვანათ.
მოწოდება სისრულეში არ მოსულა, თუმცა მისი ავტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაახლოებით 2 წლის შემდეგ დაიწყო. გამოძიება ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალურ პასუხებს ელოდებოდა, მათ შორის "ფეისბუქიდან", რომლითაც დაადასტურებდა, რომ "ფეისბუქ" პოსტის ავტორი ნამდვილად ის ადამიანი იყო, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აპირებდა.
ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ამჟამად საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვები მიმდინარეობს.