"მიშა "პრაფესორობას" იფერებდა" - ვინ არის "მიმინოს" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ხაჩიკიანის პროტოტიპი?
მიხეილ ჭიაურელმა (უმცროსი) ოჯახური არქივიდან რამდენიმე საინტერესო ფოტო მაჩვენა და მათი ისტორია მომითხრო. ერთ-ერთზე რეჟისორის მამა, ასევე ცნობილი რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი, არაერთი მულტიპლიკაციური, სამეცნიერო-პოპულარული თუ დოკუმენტური ფილმის ავტორი, ოთარ ჭიაურელი და ცნობილი ფოტოგრაფი, მიშა ზარგარიანი არიან გამოსახული. ჩვენ გიამბობთ, როგორ გახდა მძღოლი მეტსახელად "პრაფესორა" ცნობილი ქართული ფილმის, ასევე ცნობილი პერსონაჟის პროტოტიპი და პირველი ქართული სპორტული გაზეთის, "ლელოს" წამყვანი ფოტოგრაფი...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"ეს ფოტო ძველი კინოსტუდიის, დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული სტუდია "ქრონიკის" ეზოშია გადაღებული. ამ სტუდიაში იკრიბებოდნენ და მუშაობდნენ რეჟისორები, ოპერატორები. ავტომობილი ამერიკული "ლინკოლნია", მიხეილ ჭიაურელმა ომის შემდეგ მოსკოვიდან ჩამოიყვანა. ფოტოზე მამა, ოთარ ჭიაურელი და მიხეილ ჭიაურელის მძღოლი, მიშა ზარგარიანი არიან აღბეჭდილი..."
"მიშა ზარგარიანს, მთელი თბილისი "პრაფესორად" იცნობდა. პაპას, მიხეილ ჭიაურელის მძღოლი იყო მოსკოვში. როცა მიხეილი თბილისში წამოვიდა, "პრაფესორაც" წამოიყვანა... ერთ-ერთ შეხვედრაზე პაპამ საზოგადოებას ასე წარუდგინა: "პაზნაკომწეს, პრაფესორ ზარგარიან!" მიშა ნიჭიერი კაცი იყო და "პრაფესორობას" იფერებდა, ხალხის გარემოცვაში მართლა პროფესორივით იქცეოდა..."
"მაშინ სომხებს განსაკუთრებულად იზიდავდა ფოტოგრაფია. "პრაფესორამ" მიშას სთხოვა, სადმე ფოტოგრაფად დამაწყებინე მუშაობაო. მიშამ უშუამდგომლა და ზარგარიანმა ფოტოგრაფად მუშაობა ცნობილ გაზეთ "ლელოში" დაიწყო. მალე ძალიან ცნობილი ფოტოკორესპონდენტი გახდა. კოლორიტული პიროვნება გახლდათ, სტადიონზე გამოჩნდებოდა თუ არა, "პრაფესორ!" "პრაფესორო!" - ეძახდნენ..."
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 5 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
შორენა ლაბაძე