მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა სამმა პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა - კვირის პალიტრა

მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა სამმა პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა სამმა პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას 18 კანდიდატი აგრძელებს. საკუთარი კანდიდატურები მარიამ ცაცანაშვილმა, გიორგი შაშიაშვილმა და ლენა კაპანაძემ მოხსნეს.

როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასახელებულ კანდიდატებს შორის კვლავ რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

შალვა თადუმაძის კანდიდატურა ნინო გოგნიაშვილთან და ედიშერ ფუტკარაძესთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) წარადგინა, ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ერთობლივად წარუდგინეს თბილისის ღია უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და „განათლების აკადემიამ“, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“.

საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"