მიშას "ბალკონიდან" ბიძინას ვერანდამდე და... ვინ იქნება 21-ე საუკუნის დიმიტრი გელოვანი?
გცხელათ? დიდი ამბავი! ზაფხული იმისაა, რომ უნდა იყოს მზე, რუჯი, ზღვა, პლაჟზე ორლარიანი სიმინდის ტარო, ეროვნული გამოცდები და მაია მიმინოშვილი, უზარმაზარი ხელფასით! თუმცა, მაია მუდამ უნდა იყოს, ზამთარ-ზაფხულ, იმ დროს და ამ დროს (ანუ "ნაცებისა" და "ქოცების" ზეობისას), რამე თუ მას აქვს უნარები, გადაეწყოს მიშას "ბალკონიდან" ბიძინას ვერანდაზე...
გუშინდელი დღესავით მახსოვს, მიშა და მაია რომ ისხდნენ "ბალკონზე" (აივანი არა ისა კიდევ!) და ჩაის წრუპავდნენ, თან მიშა ყბედობდა იმაზე, როგორ დავეწიეთ და გადავუსწარით ფინეთსა და ესტონეთს, ოღონდ რაში გავუსწარით, ეს ვერ გავიხსენე ახლა, ალბათ ელექტორატულ ერთგულებაში, თორემ ჩაჭრილები იმდენი გვყავს, ნებისმიერ სახელმწიფოს რომ გავაოცებთ! რიტორიკული შეკითხვაა და მეტი არაფერი, რატომ ვცვლიდით ჯეჯელავას? ეს ჩხენკელი ეროვნული გამოცდების დაწყებისას რომ მოევლინა აბიტურიენტებს ღვაწლმოსილ პიაჟეს თუ ვიგოდსკის სახით, აქამდე საღათას ძილით ეძინა?! ჩხენკელმა რა შეცვალა სისტემაში, ჯეჯელავას სავარძელზე ანუ სიბრძნის კუნძზე რომ აღსაყდრდა? ბარემ ყოფილიყო ლომაია, რას გვიშავებდა?! არც არაფერს, დიდი დიდი, ბავშვი ვერ დაეწერა სწორად, სხვა რა უნდა დაეშავებინა?
ზაფხულის გაუსაძლისი სიცხის გამოო, უბრძანებია ჩხენკელს, უნდა ვეცადოთ ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარებაო... გამომცდელ მაიასაც კვერი დაუკრავს, - ეგ კაი აზრია, უბრალოდ, იმას ვარკვევ ახლა, მაგ დროს სასწავლებლები რომ ავსებული იქნება ბავშვებითა და სტუდენტებით, როგორ მოვახერხოთ გამოცდების ჩატარებაო?! მოიხედეთ აქეთ, თქვენა, ბატონო მინისტრო (ვის ემახსოვრები გაისად ამ დროს, შე გაჭირვებულო ჩხენკელო!) და ქალბატონო ეროვნული გამოცდების "დირექტორო", კითხვა მაქვს: გაზაფხულზე XII კლასს საატესტატომდე უტარებთ ეროვნულ გამოცდებს თუ დამამთავრებელ კლასებს დეკემბერში დაითხოვთ?
ეგებ მიმინოშვილის ხელფასის სეკვესტრზე ეფიქრა ვინმეს ან ის გამოეძიებინათ, 500 ყალბი ატესტატის გაცემაზე რომ იყო ლაპარაკი, მაგრამ სად გვცალია ახლა ჩვენ საქმეების გამოსაძიებლად? ცხელა და უბრალოდ, უნდა ვიწუწუნოთ! დავიჯერო, არ იცოდნენ, რომ ზაფხულში სიცხე იქნებოდა და ყველა აბიტურიენტი ლამისაა ცოტნე დადიანი გახადონ? საგამოცდო ცენტრებიდან მხოლოდ ერთი ყოფილა კლიმატკონტროლის საშუალებებით აღჭურვილი, დანარჩენისთვის გამოუგზავნია თურქეთს 100 კონდიციონერი და კიდევ 400-ს მალე გამოგზავნიანო! აი, ეგ რომ დამონტაჟდება, მანამდე აბიტურიენტების სიცხეგამძლე ნაწილი პირველ კურსსაც დახურავს და მერე უნდათ თურქეთიდან მოიტანონ "ზიმა-ლეტები", უნდათ ელიავას ბაზრობიდან! რა უცნაურია ისე, თუ კონდიცირება უნდოდათ, აქამდე რომ გაეკეთებინათ, განათლების სამინისტროს პირველი პირი მოგვიკვდებოდა თუ ბოლო?! ერთი უსაქმური ჩინოვნიკის ხელფასი მოასეკვესტრონ და იმ ფულით ერთ საგამოცდო ცენტრს კი უზრუნველყოფენ თერმორეგულაციით, მაგრამ ვერ მოგვართვეს! ჯერ კიდევ ვერ გადმოვიდნენ შავი ჯიპებიდან, ტიპები. უცნაურია, მაგრამ კვირიკაშვილის მიერ ორგზის დაპირებულ "განჯიპიანებას" ახლა უკვე ბახტაძეც გვპირდება! არ დავეძებ ჯიპების შემცირებას, მთავარია, დროულად დაუჭიროს მხარი ბახტაძის ინიციატივას პარლამენტმა და სამინისტროები მცირე ფორმატით წარმოგვიდგინონ... დღევანდელი პროვოკაცია თავიდან ბოლომდე განათლების სისტემას მივუძღვენი და ერთს კიდევ ვიკითხავ მოკრძალებულად: ვერც "ნაცებმა" და ვერც "ქოცებმა" ისეთი მინისტრი ჯერ ვერ წარმოგვიდგინეს, რომელიც მიხედავდა განათლების სისტემას და ახლა, როცა ბახტაძის კაბინეტში განათლება-მეცნიერებას კულტურა და სპორტიც დაემატება, ვინ უნდა მოიყვანონ მინისტრად?
ალბათ XXI საუკუნის დიმიტრი გელოვანს მოიძიებენ, რომელიც იქნება ფიზ-კულტურ-ელი. ფიზკულტურა თავისთავად სპორტისა და განათლების სისტემასთანაა კავშირში, მანდვე ისმის კულტურაც... და ამ პოსტს ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი მოუხდებოდა: ტანადი არის, უბრალოდ, ღიპს დაითხელებს, განათლებით ხომ მსოფლიოს აოცებდა, რაც შეეხება კულტურას, მისი ერთი ჩაცინება შედევრად უნდა ჩაითვალოს...
პ.ს. აბიტურიენტები ჩხენკელს ეკითხებიან, მომავალი წლისთვის საგამოცდო ცენტრების კონდიცირება არის თუ არა მოსალოდნელიო. კონდიცირება კი არა, წარმოიდგინეთ, აუზებიც გექნებათ და თუ ჭკუით იქნებით, შიგ წყალსაც ჩაგისხამთო...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს