"არ გამოვრიცხავ დაკავებას" - ზვიად კუპრავა პოლიციაში დაიბარეს
"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზვიად კუპრავამ განუცხადა, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.
როგორც კუპრავამ პოლიციაში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოსთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ბრალი, რასაც ედავებიან, უსაფუძვლოა.
"გამოძიება შსს-ში ჩემს მიმართ დაწყებულია სსკ-ის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. დღეს დაკითხვაზე დამიბარეს, თუმცა მანამდე დაკითხვის პროცესები აქტიურად მიმდინარეობდა და ჩემი მეგობრები იკითხებოდნენ. საქმე ეხება სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რეალურად, დაზარალებული მე ვარ, დაირღვა ჩემი უფლებები. თვითონ მე ვარ დაზარალებული, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ჩემს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე დაწყებული. მზად ვარ, პასუხი გავცე ყველა იმ კითხვას, რაც ექნება გამოძიებას. არ ვთლი, რომ ამას რაიმე სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამის მიზანი არის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, ამ ორი თვის განმავლობაში ჩემი განეიტრალება.
საბოლოო ჯამში, აღნიშნული მუხლის სანქციის მაქსიმალური ვადა 1 წელია. ცხადია, არ გამოვრიცხავ დაკავებას. ახლა მიბარებენ, რაღაც სისულელეზე, აბსურდზე", - განაცხადა კუპრავამ, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული.