"ხალხი გამოსულია გარეთ და ცდილობენ თავის გადარჩენას" - ჭუბერის ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი
ჭუბერში, მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა. ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ნინო ვიბლიანის თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან როცა მთა მოწყდა, ყველა მოსახლე გააფრთხილეს და მათ საცხოვრებელი სახლები დატოვეს.
"10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს, ჩვენი ინფორმაციით, ხუთი ხიდია წაღებული. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოვახდინეთ. წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. ახლა მე ვიმყოფები სოფელ ჭუბერის ცენტრში, სადაც მდინარე გზის სავალ ნაწილზე მოედინება. ველოდებით მაშველებს, რომლებსაც სიტუაციის შესახებ ვაცნობეთ და ჩვენსკენ მოდიან", - განაცხადა ვიბლიანმა.
მისივე თქმით, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და ნენსკრაჰესის მშენებლობა ამასთან არაფერ შუაშია.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა", - განაცხადა ვიბლიანმა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე წყლის დონემ მცირედით დაიკლო, თუმცა ის კვლავ გზის სავალ ნაწილზე მიედინება და არა კალაპოტში.
მესტიის მაჟორიტარის, ზაზა ვიბლიანის განცხადებით, სოფელში სრულიად მოშლილია ინფრასტრუქტურა და ხალხი პანიკაშია.
"სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი, მეორე კი - მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი, ერთის გარდა. სოფელი მოწყვეტილია სხვა სოფლებს ისე, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. აქ არის ყველა შესაბამისი სამსახური. ადიდებულია მდინარე, ჩამოიშალა მთის ნაწილი და მთლიანად მოდის ეს მასა. ამ დროისთვის მისი დონე შედარებით დაწეულია", - თქვა ვიბლიანმა.
სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადებით, მდინარე ნენსკრა ასეთი ადიდებული არასოდეს უნახავთ და ეშინიათ, დღეს ღამით მდინარე კიდევ უფრო არ ადიდდეს.
"ხიდი საერთოდ წაღებულია. ასეთი რამ არავის არ ახსოვს. მესაზღვრეებმა დარეკეს, რომ მთა ჩამოიშალა და გაგვაფრთხილეს, რომ მდინარე დაგუბდა. მერე ერთიანად წამოვიდა და ახლა ცენტრში მოედინება, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
კიდევ ერთი ადგილობრივის, მანანა საღლიანის თქმით, ჭუბერის ზედა სოფლები მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს.
"ხიდები წაღებულია. ამ წუთას ხალხი გამოსულია გარეთ და ცდილობენ თავი დაიცვან. ამ მდინარემ ასეთი გაგიჟება არ იცის და შეიძლება ამაღამ რაღაც სასწაული დაატრიალოს", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს საღლიანმა.
"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით