"ჭუბერში შექმნილ ვითარებას "ნენსკრა ჰესის" მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს" - რას აცხადებენ კომპანიაში?
სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებას "ნენსკრა ჰესის" მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ კომპანია სს "ნენსკრა ჰიდროს" საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე "ნენსკრა ჰესის" მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული.
კომპანიაში მზადყოფნას გამოთქვამენ, შესაძლებლობების ფარგლებში, სასწრაფო წესით იქნას მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ ადგილობრივ მოსახლეობას.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია "ნენსკრა ჰესის" მშენებლობას უკავშირდება.
გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე "ნენსკრა ჰესის" მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.
შესაბამისად, შექმნილ ვითარებას "ნენსკრა ჰესის" მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ამ მომენტისთვის სს "ნენსკრა ჰიდროს" თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას.
სს "ნენსკრა ჰიდრო" კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს "საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება", - ნათქვამია "ნენსკრა ჰესის" განცხადებაში.