გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისა და შავნაბადას ტერიტორიისკენ შესაძლოა, საბაგიროები მოეწყოს - კვირის პალიტრა

გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისა და შავნაბადას ტერიტორიისკენ შესაძლოა, საბაგიროები მოეწყოს

საბაგიროები შესაძლოა, მოეწყოს გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისკენ და შავნაბადას ტერიტორიისკენ, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე "სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, გარდა ახალი საბაგირო ხაზების შექმნისა, ასევე შესაძლებელია ძველი საბაგირო გზების აღდგენა და გამოყენებაც.

"თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში საბაგიროების მოწყობის საკითხი შენარჩუნებულია სხვადასხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში "სისტრას" მიერ გაკეთებული კვლევა შევისწავლეთ. მარშრუტები არის მაგალითად, გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ლისის ტბისკენ მიმავალი მარშრუტი, ასევე შავნაბადასკენ მიმავალი მარშრუტი. გვქონდა იდეა, რომ შავნაბადაზე საპარკო ზონა შეიქმნას და მეორე მთაწმინდასავით იყოს. თუმცა, იცით, რომ ეს კერძო საკუთრებაშია და მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ იყო მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ტერიტორია საპარკო ზონად გამოიყოს, მაგალითად, გოლფის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე შესაძლებელია ძველი მარშრუტების აღდგენა და გამოყენება", - განაცხადა სალუქვაძემ და დასძინა: "რაც შეეხება ტრამვაის, პირდაპირ არ გვითქვამს, რომ პირველივე წელს, იმ სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც ჩვენ მერიას შევთავაზეთ, მაინცდამაინც ტრამვაის ხაზი მოაწყოს".

"ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს დერეფნები გაკეთებული, რაც არ ნიშნავს ახალ მაგისტრალებს. ორ სატრანსპორტო დერეფანზე, რომელზეც მივანიშნებდით, რომ დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე და მაღლივი კორპუსიდან გულიას ქუჩამდე, არსებული გზების კონფიგურაციის შეცვლით, გაფართოებით, შეიძლება ამ გზების სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება. ამ დერეფნებში უნდა იყოს bus lane მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, კომფორტული ავტობუსებისთვის. ვიცით, რომ ტრამვაი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, სიამოვნებით დავუთმობდით ამ დერეფნებს ტრამვაის. მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოწყობილ დერეფანში ტრამვაის ხაზის გატარებაც შეიძლება. მერე უკვე ხალხზე იქნება დამოკიდებული საცობში იქნება თუ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის, რომლის ფასიც მისაღები იქნება", - განაცხადა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სატრანსპორტო ელემენტის განვითარებისა და ოპერირების პროცესებში, პრიორიტეტულად ფეხმავალთა ინტერესები უნდა განისაზღვროს.

კერძოდ, საქალაქო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საფეხმავლო, არამოტორიზირებული, ბ) საჯარო ტრანსპორტი, გ) კერძო ტრანსპორტი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრება ქალაქში უსაფრთხო საველოსიპედო კავშირების მოწყობა. ასევე, საბაგირო კავშირების განვითარება და შესაბამისი განვითარებითი პოტენციალის შენარჩუნება განიხილება პრიორიტეტულად, თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ქალაქის შემაღლებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კონტაქტის განხორციელებისთვის. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული საბაგირო კავშირები წარმოდგენილია საორიენტაციო მიმართულებების სახით, რომელთა მიზანშეწონილობა, ტრასირების დეტალები და სხვა საკითხები უნდა დაზუსტდეს შემდგომი ეტაპის კვლევებითა და კონკრეტული პროექტებით.