არასერიოზულია იმაზე საუბარი, თითქოს ჭუბერში მომხდარი სტიქია "ნენსკრაჰესის" მშენებლობით არის გამოწვეული
გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ოქროსცვარიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომხდარ სტიქიასთან "ნენსკრაჰესის" კავშირს გამორიცხავს.
როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ანალოგიური შემთხვევა 1991-1992 წლებშიც მოხდა. "არასერიოზულია იმაზე საუბარი, თითქოს ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქია "ნენსკრაჰესის" მშენებლობით არის გამოწვეული. მომხდარს "ნენსკრაჰესთან" კავშირი არ აქვს. არის ჩაკეტილი ხეობა, არის ტექტონიკური რღვევის ზონა, არის ორი დიდი მყინვარი. იყო სიცხეები, რამაც თოვლი და მყინვარები დაადნო, ამის მერე მოვიდა წვიმა და როგორც ჩანს, ხეობა ჩაკეტა. იმის გამო, რომ იყო სიცხე, მყინვარი და თოვლი მოწყდა. როგორც ჩანს, ჰოკრილამ ეს წყალი ცოტა გააჩერა და შემდეგ მდინარე ადიდდა", - განაცხადა ავთანდილ ოქროსცვარიძემ.